"ლელოს" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის გიგლა მიქაუტაძის შტაბმა გლდანში ზებრა დახაზა
“ლელოს” გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგლა მიქაუტაძემ შტაბის წევრებთან ერთად გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე ზებრა დახაზეს. წელიწადნახევარია აღნიშნული ტერიტორია რეკონსტრუქციის პროცესშია. ქუჩა დღემდე დაუსრულებელია, არ არის დახაზული და არ მუშაობს შუქნიშანი. ამის გამო, კვირაში რამდენიმე ავტოავარია ხდება, არიან დაშავებულებიც.
მიქაუტაძის არაერთი მიმართვის მიუხედავად, მერიას ქუჩები დღემდე არ დაუხაზავს. მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის კი “ლელოს” გლდანის შტაბმა გადაწყვიტა ეს თავის თავზე აეღოთ.
მიქაუტაძის თქმით, მისმა შტაბმა, გადაწყვეტილება მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილებისა და ავტოავარიების თავიდან აცილების მიზნით მიიღო.
“წუხელ “ლელოს” გლდანის ოფისმა ჩვენი რესურსით დავხაზეთ ხიზანიშვილის ქუჩა და ამით ვაძლევთ მაგალითს სხვა პარტიებსაც, მათ შორის მთავრობას. იქნებ ასე მაინც გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე და ვაიძულოთ კახა კალაძის უწყება, რომელმაც მხოლოდ ფულის ჭამა იცის, რომ გლდანის ეს ნაწილი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს, ხოლო გადაადგილება იყოს უსაფრთხო. გლდანის ეს მონაკვეთი, დღემდე არ იყო დახაზული, არ მუშაობს შუქნიშანი, დაყენებულია ყველაფერი მაგრამ არ არის ჩართული.
ის თანხა რაც საღებავისთვის ჰქონდათ გამოყოფილი შეჭამეს და უბედურება ის არის, რომ ავარია ხდება ყოველდღე. ძალიან აქტიური უბანი და არ შეიძლება იყოს დაუხაზავი. მერიას არაერთხელ მოვუწოდეთ, ტელევიზიითაც, არაერთხელ მითქვამს ამის შესახებ, მაგრამ არც კი მოგვისმინეს. ბევრს ვფიქრობდით, რა შეიძლება გაგვეკეთებინა, რადგან მართლა მეშინია რომ ამ ყველაფრის გამო სერიოზული ავარია მოხდება. ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზიც სწორედ ეს იყო, მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას ჩვენ,”-_განაცხადა მიქაუტაძემ
კომენტარი