სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: „ჩემი ქონებრივი დეკლარაცია ახალი სკოლები და საავადმყოფოებია“

საქართველოს პრეზიდენტმა ახმეტაში ახალი, ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი ბელარუსის ჯანდაცვის მინისტრთან და სხვადასხვა სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერა, შემდეგ კი მოსახლეობას სიტყვით მიმართა:

"საქართველოში თანასწორობის იდეა შემოვიდა, თუკი რამე არის უმაღლესი სტანდარტი, პირველ რიგში გაკეთდა იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირს ხალხს, სადაც ტრადიციულად ყველაზე მეტი ეკონომიკური ხელმოკლეობა იყო. იმიტომ, რომ საქართველო ეკუთვნის, პირველ რიგში, მის ყველაზე მეტად შევიწროებულ ნაწილს. პარლამენტში განხილვის დროს, მე ვთქვი, რომ უფრო გავმდიდრდი იმის ხარჯზე, რომ საქართველო გამდიდრა თქო. ზოგიერთებმა თქვეს, აი აღიარა, რომ გამდიდრდაო.

რა თქმა უნდა, მე არაფერი ფული არ მომმატებია, გარდა იმ ხელფასისა, რომელსაც ვიღებ, მაგრამ მე ის ვთქვი, რასაც ისინი ვერასოდეს ვერ გაიგებენ. პირადი ჩემი არ არსებობს, ეს საავადმყოფო, რომ გაიხსნა, ეს არის ჩემი და თქვენი; გზები, რომ შენდება, ეს არის ჩემი და თქვენი; რა შემოსავლები უნდა გაგიჩნდეს, რა ვილები უნდა აიშენო და რა შვეიცარიული ანგარიშები უნდა გახსნა ისეთი, რომ ეს გაცვალო იმაზე, რომ შენ ახალ ქვეყანას აშენებ, რომ შენ შენს თანამოქალაქეებს ასეთ პირობებს უქმნი სხვა შენს თანამოაზრეებთან ერთად.

ჩემი ქონებრივი დეკლარაცია ბევრად არ განსხვავდება იმისგან, რაც 5-6 წლის წინ იყო, ჩემი დეკლარაცია მთლიანად საქართველოა, ახალი სკოლებია, საავადმყოფოებია და მთა-თუშეთი იქნება ჩემი დეკლარაცია, რომელსაც ახლა გავაკეთებთ და გავალამაზებთ",-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L“-ის მიერ ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში აშენებული სამედიცინო ცენტრი 17 თებერვალს გაიხსნა და უკვე 200-მდე პაციენტს გაუწია სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურება. ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკაში 30 ჩვილი დაიბადა.

საავადმყოფო 20 საწოლიანია და იქ 100-ზე მეტი ადგილობრივი მაღალკვალიფიციური სპეციალისტია დასაქმებული. ადგილობრივებს აქ გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ქირურგიული, სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების მიღება შეუძლიათ. სადაზღვევო კომპანიამ "იმედი L“-მა 3,5 მილიონის ინვესტიცია განახორციელა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100