ირანი ხელთათმანს ისვრის: ქვეყანა აშშ-ის მოქალაქეს სიკვდილით დასჯის და ურანს გაამდიდრებს
აშშ მოუწოდებს ირანს გაათავისუფლოს ირანული წარმოშობის ამერიკის მოქალაქე, რომელსაც სიკვდილი მიუსაჯეს. თეირანში ამირ მირზა ჰეკმატის ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურისთვის ჯაშუშობაში დასდეს ბრალი. თეთრი სახლი და სახელმწიფო დეპარტამენტი ითხოვს ჰეკმატის გათავისუფლებას, რომელსაც გააჩნია როგორც ამერიკის, ისე ირანის მოქალაქეობა. მათი განცხადებით, ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურთან მისი თანამშრომლობის ბრალდება შეთითხნილია ირანის მიერ.
პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანმა ურანის გამდიდრება დაიწყო. ამ საქმიანობას ის ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე, კარგად გამაგრებულ კომპლექს ფორდოში ახორციელებს.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ დაადასტურა, რომ ირანმა ურანის 20 პროცენტამდე გამდიდრება დაიწყო. თავის მხრივ, ისლამური რესპუბლიკა კვლავ ირწმუნება, რომ ურანის გამდიდრება იზოტოპების მისაღებად სჭირდება, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ არის აუცილებელი. თუმცა, რიგი დასავლელი ანალიტიკოსების განმარტებით, 20 პროცენტამდე გამდიდრებული ურანი, შეიძლება პირველი ნაბიჯი გახდეს სამხედრო ურანის მიღების გზაზე.
ფორდოს კომპლექსი ქვეყნის ჩრდილოეთით, ქალაქ კომის სიახლოვეს მდებარეობს. ის, რომ იქ ურანის გამდიდრების პროცესი მიმდინარეობდა, ჯერ კიდევ 2009 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი. ირანში „ბი-ბი-სის“ კორესპოდენტის ინფორმაციით, ეჭვმიტანილ ობიექტს, უკვე დიდი ხანია, ექსპერტები, პოლიტიკოსები და სამხედროები აკვირდებიან. კომპლექსი მიწისქვეშა საფარში მდებარეობს, რომელიც კარგად არის გამაგრებული და მას არმიის ძალები იცავს.
კომენტარი