სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ვისოლმა“ ქართული სპორტის განვითარებისთვის 25 მილიონი ლარი დახარჯა

ვისოლმა ქართული სპორტის განვითარებისთვის განხორციელებული პროექტები დღეს სასტუმრო „რედისონში“ შეაჯამა.

როგორც გაირკვა, ვისოლმა ქართული სპორტის განვითარებისთვის სულ 25 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

მხოლოდ „ტორპედო ქუთაისის“ გუნდისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის კომპანიამ 10 მილიონი ლარი დახარჯა.

გარდა ამისა, „ვისოლ ჯგუფი“ ამ ეტაპზე სხვადასხვა სპორტულ ინფრასტრუქტურასა და პროექტებს ავითარებს. ესენია საფეხბურთო კლუბი „ტორპედო ქუთაისი“, ბავშვთა საფეხბურთო სკოლა „ავაზა, ოთხი სპორტული კომპლექსი თბილისში, ფიტნეს ცენტრი „ლაგუნა ქუთაისი“, „ტორპედო ქუთაისის“ სამწვრთვნელი ბაზა და ბავშვთა საფეხბურთო აკადემია.

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს ვისოლ ჯგუფმა საფეხბურთო კლუბი „ტორპედო ქუთაისი“ შეიძინა.

ვისოლ ჯგუფის დამფუძნებლის, ლევან ფხაკაძის განცხადებით, ქართული სპორტის მხარდაჭერა ვისოლის სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ–ერთი ძირითადი პრიორიტეტია. „ინვესტიცია, რომელიც ქართული სპორტის განვითარებისთვის გავიღეთ, ამ ეტაპზე სოციალური ინვესტიციაა, თუმცა გვჯერა, რომ ძალისხმევა, რომელიც მომავალი თაობის ჯანსაღი მომავლისა და ეროვნული სპორტული სულისკვეთების ამაღლებისთვის გავიღეთ, სასურველ შედეგს მოიტანს“–აცხადებს ფხაკაძე.

შეგახსენებთ, რომ „ვისოლს“ თბილისში ოთხი სპორტული კომპლექსი აქვს. კომპლექსების ტერიტორია სამ რაგბის, ოთხი ფეხბურთის მოედანს, 200 მეტრიან ველოტრეკს, ჭიდაობის სხვადასხვა სახეობებისა და ძიუდოს დარბაზებს მოიცავს.

ასევე მინი ფეხბურთის სტადიონებს, კალათბურთისა და ფრენბურთის დახურულ დარბაზებს. ამას გარდა, „ვისოლი“ დედაქალაქის ფარგლებს გარეთაც ავითარებს სპორტულ ინფრასტრუქტურას. „ლაგუნა ქუთაისი“, რომელიც ასევე „ვისოლის“ სპორტული კომპლექსების სიაშია, 2 500 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. მოქალაქეებს შეუძლიათ საცურაო აუზების, ფიტნეს დარბაზების, საუნას, სოლარიუმის, მასაჟის კაბინეტის და სხვა სახის მომსახურება მიიღონ.

შემაჯამებელ ღონისძიებასთან ერთად, ვისოლი ჯგუფის დამფუძნებელმა ლევან ფხაკაძემ საზოგადოებას „ტორპედო ქუთაისის“ ახალი მწვრთვნელი გია გეგუჩაძეც წარუდგინა, რომელიც ამ დრომდე საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მთავარი მწვრთვნელი იყო. გეგგუჩაძე „ტორპედო ქუთაისის“ სამწვრთვნელო ღონისძიებებს პირველი ოქტომბრიდან შეუდგება. გია გეგუჩაძე, რომელიც უეფას სამწვრთნელო PRO–ლიცენზიას და ამავე დროს 22 წლიან სამწვრთვნელო გამოცდილებას ფლობს, კლუბს 5 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

გია გეგუჩაძის წარდგენისას, ლევან ფხაკაძემ განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ კონსულტაციების უცხოელ მწვრთვნელებთანაც, თუმცა მათი სურვილი იყო, რომ საქართველოში მოეძებნათ მწვრთვნელი, რომელსაც „ტორპედო ქუთაისის“ მომავალს ანდობდნენ. მოგვიანებით, რაც გია გეგუჩაძემ კლუბ „ზესტაფონიდან“ წასვლა გადაწყვიტა, ვისოლში აღარ უფიქრიათ მწვრთვნელის კანდიდატურაზე.

გია გეგუჩაძის განცხადებით, მიმდინარე სეზონზე მნიშვნელოვან ცვლილებებს არ გეგმავს, თუმცა მისი მთავრი მიზანია უახლოეს მომავალში „ტორპედო ქუთაისი“ ევროპის საუკეთესო გუნდებს შორის მოხვდეს.

„ჩემთვის დიდი პატივია ისეთი გუნდის მთავარი მწვრთნელი ვიყო, როგორიც „ქუთაისის ტორპედოა“, მაგრამ ამავე დროს ვაცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას. არსებობს გეგმა და პროგრამა, რომელიც უკვე დამტკიცებულია. ჩვენ იმ პროგრამით ვიხელმძღვანელებთ. მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იგეგმება, თუმცა ვგეგმავ, რაც შეიძლება ძლიერი ინფრასტრუქტურა შეიქმნას და გუნდი პროფესიონალებით დაკომპლექტდეს. 5 წლის შემდეგ „ტორპედო ქუთაისი“ იქნება გუნდი, რომელსაც ექნება მაღალი პოტენციალი და შეძლებს ჩვენი ქვეყნის სახელი გაიტანოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. “ – განაცხადა გია გეგუჩაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100