პატიმარი ვანო მერაბიშვილი განცხადებას ავრცელებს
ექსმინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც ამჟამად ციხეში იმყოფება სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში, მე არ გამიკეთებია არც ერთი განცხადება და არ დამიფიქსირებია ჩემი პოზიცია თუ შეხედულება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
ჩემი დუმილი მხოლოდ ერთი მიზეზით იყო გამოწვეული, მე ველოდებოდი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას - ევროპის ადმიანის უფლებათა სასამართლოს განაჩენს. 14 ივნისს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს განაჩენი, რომლის მიხედვითაც პირველად საქართველოს ისტორიაში, და მეშვიდედ სტრასბურგის სასამართლოს ისტორიაში, დადგინდა ხელისუფლების მხრიდან ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის 18-ე მუხლის დარღვევა.
სტრასბურგის სასამართლოს განაჩენის შესახებ
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ადვოკატებს, განსაკუთრებით ოთო კახიძეს და პროფესორ ფილიპ ლიჩს, რომელთა მაღალმა პროფესიონალიზმმა განაპირობა ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება.
ოთო კახიძე საზოგადოებისთვის ცნობილი არის, როგორც მაღალი კვალიფიკაციის იურისტი. მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოში სამართლებრივი რეფორმების განხორციელებაში და დიდი გამოცდილება აქვს საადვოკატო საქმიანობაში. ნებისმიერმა იურისტმა იცის, რომ სტრასბურგის სასამართლოში გამარჯვება დიდი წარმატებაა. ამასთან კონვენციის 18-ე მუხლის მოგება განსაკუთრებულ წარმატებად ითვლება, ვინაიდან აქამდე სტრასბურგის სასამართლოს ისტორიაში მხოლოდ ექვსი მსგავსი შემთხვევა არსებობდა.
მე ვამაყობ, რომ მომიწია ოთო კახიძესთან ურთიერთობა და მიმაჩნია, რომ იგი საქართველოს დიდი პატრიოტია. მისი კვალიფიკაციის იურისტს, განსაკუთრებით სტრასბურგის სასამართლოში 18-ე მუხლის მოგების შემდეგ, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში გარანტირებული აქვს ძალიან მაღალანაზღაურებადი თანამდებობის დაკავება. თუმცა, მან მაინც გადაწყვიტა საკუთარ ქვეყანას ემსახუროს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის წარმატებას მიაღწევს ოქტომბრის არჩევნებში, გახდება საქართველოს პარლმენტის წევრი და განაგრძობს მნიშვნელოვანი როლის შესრულებას ჩვენი ქვეყნის რეფორმირების და განვითარების პროცესში.
ასევე მადლობა მინდა გადავუხადო პროფესორ ფილიპ ლიჩს, რომელმაც ჩემი დაცვა ოთო კახიძის შეთავაზებით გადაწყვიტა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მას ჩემგან არც ერთი ფუნტის ანაზღაურება არ მოუთხოვია და სრულიად უანგაროდ განახორციელა ჩემი დაცვა.
ორი წლის წინ, როდესაც სტრასბურგის სარჩელს ვამზადებდით, მშვენივრად მესმოდა, რომ 18-ე მუხლის დარღვევის გასაჩივრება ძალიან სარისკო იყო. ვიცოდი, რომ ამ მუხლის მოგება ძალიან რთული იქნებოდა. მიუხედავად ამისა, მე არ მიყოყმანია, რადგან ჩემთვის მხოლოდ ასეთი გადაწყვეტილება იყო მისაღები. მე ან გავიმარჯვებდი და ამით ყველა შეკითხვაზე მექნებოდა პასუხი გაცემული, ან წავაგებდი და მარცხს შევეგუებოდი.
მიუხედავად ხელისუფლების წინააღმდეგობისა, დაემორჩილოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და მოიქცეს ისე, როგორც სხვა ქვეყნები მოიქცნენ 18-ე მუხლის წაგების შემდეგ, ანუ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სტრასბურგის მიერ აღიარებული პოლიტპატიმარი, მე ცოტა ხანში მაინც დავტოვებ საპყრობილეს. სამწუხაროა ის, რომ რაც უფრო გვიან მოხდება ეს, მით მეტი ზიანი მიადგება ჩვენი ქვეყნის იმიჯს ცივილიზებულ სამყაროში.
სწორედ ეს მნიშვნელოვანი წარმატება მაძლევს საშუალებას თამამად გავაგრძელო ჩემი ბრძოლა და შრომა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
საქართველოს დღევანდელი მდგომარეობის შესახებ
დღეს საერთაშორისო მოვლენები საქართველოსთვის ძალიან მომგებიანად ვითარდება. რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ კიდევ უფრო აქტიური გახადა დასავლეთი რუსეთის აგრესიის შეკავების მიმართულებით. პარალელურად ამ პროცესმა დააჩქარა საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება და იმედია უახლოეს მომავალში ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის საშუალებაზეც იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ასევე სახეზეა ნატო-ს კიდევ უფრო გააქტიურება.
დარწმუნებული ვარ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების უნიათობა და ხშირად ანტი-დასავლური ქმედებები, ამ პროცესს სერიოზულ საფრთხეს ვერ შეუქმნის და ჩვენი ქვეყანა განაგრძობს ამ მიმართულებით განვითარებას.
ოქტომბრის არჩევნების შესახებ
ზოგი ექსპერტი თვლის, რომ ამ არჩევნების შედეგად, ვერცერთი პარტია შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას და მხოლოდ კოალიციური ხელისუფლება იქნება შესაძლებელი. ვფიქრობ, რომ ეს შეხედულება უფრო სურვილებია, ვიდრე რეალობის აღქმა.
დღეს პოლიტიკური პარტიების ლანდშაფტი სამ თანაბარ ჯგუფადაა დაყოფილი. ყველა დამოუკიდებელი და ავტორიტეტული კვლევა აჩვენებს, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ თანაბარი პოზიციები აქვს, ხოლო სხვა დანარჩენი პარტიების რეიტინგების ჯამი, ორი ლიდერის მაჩვენებლების ტოლია. მოქმედი საარჩევნო სისტემა პარლამენტის წევრთა ნახევრის მაჟორიტარული სისტემით არჩევას ითვალისწინებს და თანაც 50%-იან ბარიერს აწესებს. არსებული რეიტინგები და წარსული გამოცდილება საშუალებას მაძლევს თამამად განვაცხადო, რომ მეორე ტურში თითქმის ყველგან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ან „ქართული ოცნების“ კანდიდატები იქნებიან. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში ერთი პარტია შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას და მიმჩნია, რომ ეს პარტია გარანტირებულად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იქნება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უნიკალური მოვლენაა თანამედროვე ქართულ ისტორიაში. ამ მოვლენის მთავარი შემოქმედი, რა თქმა უნდა, მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილია. მე მისი მეგობარი ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები და კმაყოფილი ვარ, რომ მასთან ერთად ბევრი შრომა და გამარჯვება მომიწია. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მიხეილ სააკაშვილი კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს, როგორც ქართულ, ასევე ევროპულ პოლიტიკაში.
ენმ არ არის მხოლოდ ლიდერების პარტია. ეს არის რეალური საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელსაც პატრიოტიზმი, თვითრეალიზაცია, წარმატებული შრომა, წინაღობების გადალახვა, მარცხის ღირსეულად გადატანა, მომავლის რწმენა და სხვა მრავალი ფასეულობა აერთიანებს.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს როგორც გამარჯვების, ასევე მარცხის დიდი გამოცდილება. 2003-2012 წლების უნიკალურმა რეფორმებმა საქართველო „არშემდგარი სახელმწიფოდან“ მოწინავე რეფორმატორ ქვეყანად აქცია. 2012 წლის შემდეგ, პარტიის ძირითადი ჯგუფი პირადი შურისძიებისა და დევნის ობიექტი გახდა. ყველა ეს გამოწვევა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ღირსეულად გადაიტანა.
მე მიხარია, რომ ჩემი მეგობრები ყველა ფრონტზე ინარჩუნებენ ღირსებას, კვალიფიკაციას და შრომისუნარიანობას - იქნება ეს პარლამენტში, საზოგადოებაში, საერთაშორისო არენასა და ციხეშიც კი.
დღეს ენმ კიდევ უფრო გაძლიერებულია. პარტიაში განხორციელდა უპრეცედენტო განახლება. მოვიდნენ ძალიან ნიჭიერი, პროფესიონალი და ენერგიული ახალი ლიდერები. მათი პრინციპულობა და განვლილი საქმიანობა პარტიის ახალ, უფრო მაღალ დონეზე გადასვლის გარანტიას იძლევა. ეს მხოლოდ ჩვენი პარტიის გაძლიერება არ არის. უპირველესად ეს ჩვენი ქვეყნის წინსვლის გარანტიაა, რადგან ამ ახალ ლიდერებს მოუწევთ ქვეყნის მართვა.
ანგარიშსწორების საფრთხის შესახებ
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაერთხელ განაცხადა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისა და ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, ანგარიშსწორებას და შურისძიებას არავის მიმართ არ ექნება ადგილი. მათ შორის არც მათ მიმართ, ვინც კანონის დარღვევით განახორციელა უამრავი ადამიანის დევნა, როგორც ლიდერების, ასევე პარტიის რიგითი აქტივისტების და საერთოდ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ.
მე პირადად სრულებით ვუერთდები ამ პოზიციას. პირადად არც ერთი ადამიანის მიმართ არ გამაჩნია მტრობის და მით უმეტეს შურისძიების განცდა. უფრო მეტიც, ის ადამიანები, რომლებმაც პირადად მიიღეს ჩემი მეგობრების, პარტიის აქტივისტების, პატრიოტი და თავდადებული პოლიციელების და სხვათა წინააღმდეგ განხორციელებულ მოქმედებებში მონაწილეობა, ჩემში მხოლოდ შეცოდების გრძნობას იწვევენ. თუნდაც იმით, რომ ასეთ უღირს საქმიანობაში მოუწიათ მონაწილეობის მიღება, ისინი უკვე საკმარისზე მეტად არიან მორალურად „დასჯილები“. მინდა ვუსურვო მათ, რომ საკუთარ თავში იპოვონ ძალა და ქვეყნის განვითარებაში ღირსეული როლი იტვირთონ.
პოლიციის რეფორმის შესახებ
ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, პოლიციის შენობაში პირველად მისვლა მხოლოდ მინისტრის რანგში მომიწია. საწყის ეტაპზე, არც თუ მთლად ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი პოლიციის რეფორმის წარმატების მიმართ. ვთვლიდი, რომ გრძელვადიანი ტრადიციები საქართველოში და ჩვენი რეგიონის ქვეყნებში თითქმის შეუძლებელს ხდიდა პოლიციაში მოკლე ვადაში კორუფციის აღმოფხვრას. საზოგადოების მიერ პოლიციისადმი ნდობის მკვეთრ ზრდას კი საერთოდ გამოვრიცხავდი.
ჩვენი გუნდი არ იცნობდა არც ერთ მსგავს პრეცედენტს. ევროპულ ქვეყნებში ყველა მსგავსი რეფორმა საუკუნეების განმავლობაში ხორციელდებოდა და სახელმწიფო ინსტიტუტები მხოლოდ უამრავი კატაკლიზმების, რევოლუციების და მრავალწლიანი პროგრესის შედეგად შენდებოდა. უფრო მეტიც, პოლიცია მაღალი საზოგადოებრივი ნდობით ევროპაშიც კი მხოლოდ ერთეულ ქვეყნებში სარგებლობდა.
მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე ძირეული რეფორმები დავგეგმეთ, ვთვლიდი, რომ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ნორმალური პოლიციის შექმნა უკვე წარმატება იქნებოდა.
მაგრამ აღმოჩნდა, რომ იმდენად დიდი იყო სრულიად საზოგადოების სურვილი მიეღოთ კარგი პოლიცია და იმდენად დიდი იყო ძველი და ახალი პოლიციელების მოტივაცია მოსწონებოდა საზოგადოებას, რომ რეფორმა ჩემთვის მოულოდნელად ძალიან სწრაფად და წარმატებულად განხორციელდა. გამოჩნდა უამრავი იდეალისტი, ღირსეული პოლიციელი, რომელმაც მოინდომა და რაც მთავარია დაიჯერა, რომ თვითონ არის ამ პროცესის ნაწილი და შემოქმედი. შედეგად მივიღეთ ის, რომ ყველაზე არაპოპულარული სახელმწიფო ინსტიტუტიდან, პოლიცია იქცა ყველაზე მაღალი ნდობის მქონე ორგანოდ. ამ პროცესში მე ერთი რიგითი ენთუზიასტი ვიყავი და ლომის წილი დამსახურება რამდენიმე ასეულ პოლიციელს ეკუთვნის, რომლებიც თავთავიანთ ფრონტზე ქმნიდნენ ახალ პრეცედენტებს. მათ თავი ამ პროცესის მთავარ მონაწილეებად ჩათვალეს და ამ პროცესში თვითრეალიზაცია მოახდინეს.
ქართული პოლიციის რეფორმა უნიკალურ და სამაგალითოდ იქცა. დღეს უკვე ბევრი სხვა ქვეყანა საკუთარ რეფორმებში ჩვენს გამოცდილებას იყენებს.
დღევანდელმა ხელისუფლებამ პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის მთავარი დარტყმა სწორედ არსებულ წარმატებულ სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიიტანა. ამ პროცესმა სერიოზულად დააზარალა და დააკნინა პოლიციის რეფორმის შედეგები. ბევრი ღირსეული პოლიციელი ჩამოაცილა რეფორმების პროცესს.
ყველაზე დასანანია, რომ დღევანდელ პოლიციელებს არ აქვთ განცდა, რომ ხელისუფლებისთვის რეფორმა პრიორიტეტულია. ვერ გრძნობენ ხელისუფლებისგან თანადგომას, ვერც მორალური და ვერც მატერიალური სახით. პოლიციელებს აქვთ განცდა, რომ დღევანდელი ხელისუფლება პოლიციას განიხილავს როგორც ბრძოლაში მოგებულ ნადავლს. პოლიციის რეფორმების შემოქმედებსა და მონაწილეებს, მათ მიმართ დაუფასებლობის განცდა აქვთ. მინდა მათ მხნეობისკენ მოვუწოდო. მათი შრომის მიზანი ქვეყნის წინსვლა და საკუთარი თავის თვითრეალიზაცია იყო და ამ მხრივ მათ უკვე დიდ წარმატებას მიაღწიეს.
რამდენიმე თვეში რეგრესი დასრულდება. მათ უმრავლესობას საშუალება მიეცემათ დაუბრუნდნენ საყვარელ საქმიანობას და დღეს მოქმედ უამრავ პატიოსან და პატრიოტ პოლიციელთან ერთად განაგრძონ ამ ინსტიტუტის განვითარება და სრულყოფა.
დაშვებული შეცდომების შესახებ
დაშვებული შეცდომების ჩამოთვლას და მათ შეფასებას რამდენიმე გვერდი დასჭირდება. უფრო მეტიც, ჩემი საქმიანობის უფრო მეტი ნაწილი სწორედ შეცდომები იყო, რადგან რასაც მე ვაკეთებდი ეს ყველაფერი სიახლე იყო და არ არსებობდა მსგავსი პრეცედენტები, მაგალითები და გამოცდილება, რომლებზე დაყრდნობითაც უნდა მიმეღო გადაწყვეტილებები. ჩემი საქმიანობა უფრო კონსტრუქტორის საქმიანობას ჰგავდა, ვიდრე ხელოსნის, რომელსაც მზა ნახაზები და თვალსაჩინო მაკეტი აქვს. როცა ახალს აკეთებ, წინასწარ ყველაფრის გათვლა შეუძლებელია. ვიღაცა ყოველთვის პირველად იწყებს, რათა შემდეგ მისი გამოცდილება სხვისთვის მაგალითი იყოს. მე ვიცოდი, რომ ყველა სიახლე კრიტიკის ობიექტი ხდება. ეს არჩევანი შეგნებულად გავაკეთე და ერთი წუთითაც არ ვთვლი, რომ სხვა გზა უნდა ამერჩია. არსებობს გამოთქმა, რომ ბრძენი სხვის შეცდომებზე სწავლობს. მე არ მქონია ამ ფუფუნების საშუალება, რომ სხვის შეცდომებზე მესწავლა, რადგან არ მქონდა მსგავსი გამოცდილების მგალითი და სწორედ საკუთარ შეცდომებზე სწავლა მიწევდა.
მიუხედავად ამისა, არ მქონდა უფლება ჩემი შეცდომებით საფრთხის წინაშე დამეყენებინა ჩვენი წინსვლა და ქვეყნის განვითარება. ვთვლი, რომ უფრო მეტი მომეთხოვებოდა და მეტის გაკეთების საშუალება მქონდა. მეტი ყურადღება უნდა მიმექცია საზოგადოების მხრიდან ობიექტური კრიტიკისთვის. ბევრი ჩვენი კრიტიკოსი არ იყო რუსული პროპაგანდის ან კრიმინალური სამყაროს ინტერესების წარმომადგენელი. მათი დიდი ნაწილი საქართველოს პატრიოტი იყო და მათაც ჩვენსავით უნდოდათ განვითარებული და დემოკრატიული საქართველოს შენება. მათი კრიტიკის გათვალისწინება, მათთან აქტიური თანამშრომლობა, ჩვენი საერთო საქმის და ქვეყნის შემდგომ განვითარებას შეუწყობდა ხელს.
დღევანდელი ხელისუფლების რამდენიმე წლიანმა საქმიანობამ დიდი გაკვეთილი მომცა. ზუსტად ვიცი, რომ რასაც ისინი აკეთებენ, მსგავსი არავინ არასოდეს უნდა გააკეთოს და შესაბამისად არც მე ვაპირებ ჩემი და მათი შეცდომების გამეორებას.
დღეს საზოგადოებას აქვს საშუალება, როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური გამოცდილების შეფასების. დარწმუნებული ვარ საზოგადოება სწორ არჩევანს გააკეთებს.“ - ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარი