ლეგენდა სიყვარულის აუცილებლობაზე
დიდი… ძალიან დიდი ხნის წინ, ერთ კუნძულზე ერთად ცხოვრობდა ყველა გრძნობა და ადამიანთა სულიერი ფასეულობა: სიხარული, მწუხარება, შემეცნება და სხვა. მათ შორის იყო სიყვარულიც.
ერთხელაც, გრძნობებმა შენიშნეს, რომ კუნძული ოკეანეში ეფლობოდა და მალე ჩაიძირებოდა.
ყველა თავის ხომალდში ჩაჯდა და კუნძული მიატოვა. სიყვარული უკანასკნელ წუთამდე არ ჩქარობდა. როცა დაინახა, რომ კუნძულის გადარჩენის იმედი აღარ იყო და იგი, თითქმის მთლიანად, წყალს დაეფარა, მხოლოდ მაშინღა ითხოვა შველა.
გვერდით სიმდიდრის მდიდრულმა ხომალდმა ჩაუარა.
სიყვარულმა ხომალდზე აყვანა სთხოვა, მაგრამ სიმდიდრემ უთხრა, რომ ხომალდზე ბევრი ძვირფასეულობა, ოქრო და ვერცხლი იყო და სიყვარულისთვის ადგილი არ ჰქონდა.
სიყვარულმა სიამაყეს მიმართა, მაგრამ პასუხად მოისმინა, რომ მისი ყოფნა ხომალდზე წესრიგსა და სრულყოფილებას დაარღვევდა.
სიყვარულმა დახმარების თხოვნით ნაღველს მიმართა.
„ო, სიყვარულო, — უპასუხა ნაღველმა, — ისეთი სევდიანი ვარ, მარტო უნდა ვიყო.“
კუნძულს გვერდით სიხარულმა ჩაუარა, მაგრამ ისე იყო დაკავებული მხიარულებით, სიყვარულის ხვეწნა არც კი გაუგონია.
უცებ სიყვარულს ხმა შემოესმა:
- მოდი, სიყვარულო, მე წაგიყვან.
სიყვარულმა ჭაღარა მოხუცი დაინახა და ისე გაბედნიერდა, რომ სახელის კითხვაც კი დაავიწყდა მისთვის. როცა ნაპირს მიაღწიეს, სიყვარული იქ დარჩა, მოხუცმა კი ცურვა გააგრძელა.
მოხუცის ნავი რომ თვალს მიეფარა, სიყვარული გონს მაშინღა მოეგო… მას ხომ მადლობაც კი არ გადაუხდია.
სიყვარულმა შემეცნებას მიმართა:
- შემეცნებავ, მითხარი, ვინ გადამარჩინა?
- ეს დრო იყო, — უპასუხა მან.
- დრო? — გაიკვირვა სიყვარულმა — რისთვის დამეხმარა?
- მხოლოდ დროს ესმის და იცის, რა მნიშვნელოვანია ცხოვრებაში სიყვარული.
კომენტარი