სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სტუდენტმა დეკრეტულ შვებულებაში... 22 წელი გაატარა

რუსულ ვებ-გვერდზე „დეტი.მაილ.რუ“ ერთი უცნაური ინფორმაცია გამოქვეყნდა.

რა თქმა უნდა, ყველა სტუდენტმა და, ნაწილობრივ არასტუდენტმაც კარგად იცის, რას ნიშნავს აკადემიური შვებულება - როცა ოჯახის შექმნის სურვილი აჭარბებს დიპლომის მალე აღების სურვილს, სტუდენტები ამ გზას მიმართავენ ხოლმე. როგორც წესი, ის მხოლოდ ერთ წელიწადს გრძელდება, მაგრამ კუზბასში მცხოვრებმა ტატიანა იარემენკომ აკადემიურ შვებულებაში, არც მეტი, არც ნაკლები, 22 წელი გაატარა. ამასთან, არ გეგონოთ, რომ აკადემიურ შვებულებებს რამე მაქინაციის შედეგად იღებდა - მას 9 გოგონა ჰყავს: 3, 5, 8, 9, 11, 13, 16, 19 და 21 წლის. ამასთან, იგი უფროსი ქალიშვილის „მონდომების“ შედეგად უკვე ბებიაც კი გახდა.

იულია და ნატაშა ტატიანას პირველი ქმრისგან - ვლადიმირისგან 90-იან წლებში შეეძინა, მაგრამ იგი მალევე მიატოვა, როცა შეიტყო, რომ ნარკომანი გახდა.

შემდეგ იგი სერგეის შეხვდა, რომელიც მარტო ზრდიდა პატარა ბიჭუნას. სერგეისგან ტატიანას ანია შეეძინა. მაგრამ როცა მეოთხე შვილზე (სერგეისთან საერთო მეორე შვილზე) იყო ორსულად, აღმოაჩინა, რომ მამაკაცი გერებს ხშირად უწყრებოდა და ყველაფერში ადანაშაულებდა, პირველი შვილის მიმართ კი ძალიან ლოიალური იყო. ტატიანამ სერგეიც მიატოვა.

მაგრამ ტატიანა მარტოხელა დედის სტატუსისთ ცხოვრებისთვის არ იყო დაბადებული - მალე ის ბორისმა შეიყვარა, რომელიც, თურმე, მანამდე ბევრ შვილზე ოცნებობდა. მან და ტატიანამ იქორწინეს და ბორისთან ქალმა კიდევ ხუთი გოგონა გააჩინა.

სწორედ ბორისმა ჩააგონა ტატიანას, რომ სწავლა დაემთავრებინა. ის ძველი ლექტორ-მასწავლებლები, რომლებსაც ჯერ კიდევ დეკრეტამდელი ტანია ახსოვდათ, კინაღამ შოკში ჩავარდნენ, როცა მისი სურვილის შესახებ შეიტყვეს, სწავლის გაგრძელების სურვილისთვისაც ცალყბად შეაქეს, მაგრამ გამოცდების დროს ყველანაირი შეღავათის გაწევაზე უარი უთხრეს.

ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ ინსტიტუტში ტატიანასთან ერთად მისი უფროსი შვილიც სწავლობს. ტატიანა ამბობს, რომ ინსტიტუტში ისევ შვილების კეთილდღეობისთვის დაბრუნდა: მათ სწავლა მაინცდამაინც არ იზიდავთ და უნდა, მაგალითი გახდეს. სხვათა შორის, 41 წლის სტუდენტის ჩათვლის წიგნაკში, სპეციალური საგნების გასწვრივ მხოლოდ „კარგი“ და „ფრიადი“ წერია...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100