მუამორ კადაფის ვაჟი: „მამაჩემის გამო აუცილებლად ვიძიებ შურს!“
მოკლული ლიბიელი პოლკოვნიკის ვაჟმა, საიფ ალ-ისლამ კადაფიმ სირიის მას-მედიის საშუალებით ლიბიელებს მიმართა და ხაზი გაუსვა, რომ ის ლიბიაში იმყოფება და ბრძოლას აგრძელებს. ამავე დროს, უმცროსი კადაფი იმუქრება, რომ გარდამავალი ნაციონალური საბჭოს წევრებს პასუხს აგებინებს მამის მოკვლისთვის. „მე აუცილებლად დავსჯი მამაჩემის მკვლელებს, ლიბიელთა ლიდერის მკვლელებს: აუცილებლად ვიძიებ შურს მათზე და თქვენ ამას მოესწრებით!“ - მიმართა მან ლიბიელებს.
საიფ ალ-ისლამ კადაფის ეს მიმართვა სირიის რამდენიმე ტელევიზიამ გადასცა, რომელიც ლიბიის ყოფილი ლიდერის მიმართ ლოიალობით გამოირჩეოდა. მანამდე მუამორ კადაფის ერთ-ერთ ინტერნეტპორტალზე გამოქვეყნდა განცხადება, სადაც საიფ ალ-ისლამ კადაფი „წინააღმდეგობის კომიტეტის“ ახალ ხელმძღვანელად დასახელდა.
ლიბიის ხელისუფლებას ამ გამოსვლაზე რეაგირება, ჯერჯერობით, არ მოუხდენია. ამ დროისთვის გარდამავალი საბჭო პრიორიტეტულად მიიჩნევს ლიბიაში ომის დასრულების შესახებ განცხადების გაკეთებას და იმ საკითხის გადაწყვეტას ცდილობს, კადაფის ნათესავთაგან რომელს გადასცეს დიქტატორის ცხედარი ისე, რომ დაკრძალვის დღეს მოსალოდნელი გართულებები აირიდოს თავიდან.
კომენტარი