საქართველოში ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების გაცემა დაიწყო
სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 1 სექტემბერს ახალი დიზაინის სანორე ნიშნების გაცემა დაიწყო. პირველი ნომერი სიმბოლურად შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ დაბეჭდა, სადაც დღევანდელი რიცხვია გამოსახული. მინისტრის მიერ ხელმოწერილი ნომერი მომსახურების სააგენტოში დარჩება.
ახალი დიზაინის სანომრე ნიშნები სრულად აკმაყოფილებს ევრო სტანდარტებს, როგორც ფორმით და დაიზაინით, ისე დამცავი მექანიზმებით, რომელიც გათვალისწინებული იყო ასოცირიების ხელშეკრულებით და ევრო დირექტივის მიხედვით.
სანომრე ნიშნის მარცხენა ზედა კუთხეში საქართველოს სახელმწიფო დროშა, ხოლო მარჯვენა ქვედა კუთხეში ქვეყნის საიდენტიფიკაციო კოდი (GE) არის გამოსახული. შეცვლილია ციფრებისა და ლათინური სიმბოლოების წყობაც: მარჯვნივ და მარცხნივ განთავსებულ წყვილ ლათინურ სიმბოლოებს შორის განლაგებულია სამი ციფრი. სანომრე ნიშნის დაცულობის მიზნით, ახალ სანომრე ნიშნებს აქვთ ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამა - სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. საქართველოს ავტოპარკის მოთხოვნების გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და იაპონიიდან იმპორტირებული ავტომობილებისთვის მომხმარებელს საშუალება ექნება, აიღოს და ავტომობილზე განათავსოს შესაბამისი ზომის კვადრატული სანომრე ნიშნები.
ამასთან, მომსახურების სააგენტო სიახლეს სთავაზობს მოტო მოყვარულებსაც, 1 სექტემბრიდან მსურველებს საშუალება ექნებათ მოტოციკლეტისთვის შეარჩიონ მისთვის სასურველი სახელმწიფო სანომრე ნიშანი.
სანომრე ნიშნებს მიღება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეულში, ხოლო დაინტერესებული პირის მოთხოვნით სანომრე ნიშნების დამზადება (ფასიანი სანომრე ნიშანი) შესაძლებელია რუსთავში, ქუთაისში და ბათუმში მდებარე სტრუქტურულ ერთეულებში, რაც შეეხება სხვა ერთეულებს - სანომრე ნიშნების მიღება შესაძლებელია მისი შეკვეთიდან რამდენიმე დღეში.
შეგახსენებთ, რომ ძველი დიზაინის სანომრე ნიშნების შეცვლა სავალდებულო არ არის 2020 წლის 1 სექტემბრამდე.
კომენტარი