სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინი ბადურაშვილის მამის აღსარება

დედა მსახიობი ჰყავს, შვილი - მომღერალი, ძმა - მხატვარი... ერეკლე ბადურაშვილმა კი თავისი ცხოვრება კინოს დაუკავშირა. ცნობილი რეჟისორი დღეს კინოს აღარ იღებს. უსაქმურობით დაღლილს მხოლოდ მოლოდინი შეუძლია. მძიმე ცხოვრება განვლო, მაგრამ მაინც მხრებაწეულია. როგორია ერეკლე ბადურაშვილის ცხოვრების გზა, ამას ინტერვიუდან გაიგებთ.

- კინორეჟისორი გახლავართ. ამ სფეროს თავისთავად დავუკავშირდი. როცა დედაჩემი, ლალი ბადურაშვილი, კონსტანტინე გამსახურდიას ხელდასხმით შორენას როლზე დაამტკიცეს, 7-8 წლის ვიქნებოდი. ორი წელი დედასთან ერთად გადასაღებ მოედანზე მომიხდა ყოფნა. კინო მაშინ შევიყვარე. ჩემს ოჯახში და გარემოშიც კინოლეგენდები ტრიალებდნენ, გიორგი და ელდარ შენგელაიები, თენგიზ აბულაძე და რეზო ჩხეიძე...

ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ამ ადამიანებისგან. ახლა რაღაცები აღარ მომწონს, მომრავლდნენ თვითნასწავლი რეჟისორები და ეს ხელწერაზეც ეტყობათ. რეჟისორის პროფესია მარტო რეჟისურა არ არის, მსახიობის ოსტატობა, მხატვრობა, ოპერატორის ხელოვნება, კოსტიუმები, რეჟისორი ამ ყველაფერში უნდა ერკვეოდეს.

- ბოლოს გადაღებულ ქართულ ფილმებში ეროტიკული ელემენტებიც გაჩნდა...
- ეს ერთჯერად კვებას ჰგავს, მე მას "ფასტფუდს" დავარქმევდი. ჩქარა შეჭამ და გამოხვალ. შეიძლება ერთი ნახვით ეფექტურიც იყოს, მაგრამ არაფერი არ დაგრჩება. მე ფენომენალურ ფილმებზე გავიზარდე. ჩემთვის უდიდესი სიმაღლეებია ჩაპლინი, ფელინი, ბერგმანი. ქართულ კინოში აქამდეც იყო ეროტიკული მინიშნებები. მეც მაქვს გადაღებული ერთი ფილმი "თბილისი ჩემი სახლია", რომელიც მეძავი ქალის ცხოვრებაზე გვიყვება, მაგრამ იქ არ არის ჭუჭყიანი ეროტიკა. მე ადამიანის პირადი ტრაგედია წამოვწიე წინ. ახლა რაღაცნაირად ნელ-ნელა შემოვიდა და ჩვენი გოგონებიც უკვე აღარ ერიდებიან გაშიშვლებას. შორენა ბეგაშვილი ეროტიკული სცენების დედოფალი გახდა. კი ბატონო, ეროტიკული სცენები კარგია, მაგრამ ამას შესაბამისი კულტურა უნდა. თუ შენ ამას შეეჭიდე, მაშინ ლამაზად მაინც მომაწოდე.

- თუმცა ამ ფილმებზე დარბაზები ივსება...
- ჯერ ერთი, კარგი რეკლამა უკეთდება. მეორეც, ახალი თაობა უფრო თავისუფალია. მახსოვს, ჩემს ერთ ფილმზე მუშაობისას, მცირე ეროტიკული სცენა უნდა გადამეღო. როცა ეს ამბავი იმ სოფელში გაიგეს, სადაც გადაღებები მიმდინარეობდა, ამ სცენის საყურებლად კიდევ ორი სოფელი მოვიდა. ბოლოს გავერიდე ყბადაღებულ სიშიშვლეს და აღარ გადამიღია.

- თქვენს ერთ-ერთ ფილმს შვიდი წელი იღებდით... ამასობაში მთავარი გმირი დაქორწინდა და ოთხი შვილის მამა გახდა...
- (იცინის) ნამდვილად მოხდა ასეთი რამ. ეს იყო "კიდევ ერთი ქართული ისტორია". შვიდი არა, ექვსი წელი ვიღებდი ამ სურათს და ბოლოს ისეთი მოწონება დაიმსახურა, ქართულ კინოფესტივალზე პრიზი მოვიგე. ნამდვილად ნაწვალები სურათია, არადა, ფილმი უნდა გაკეთდეს ერთ წელიწადში. დაუფინანსებლობის გამო მოხდა ეს წყვეტა. შიშველი ხელებით მაქვს გადაღებული.

- თქვენი პირველი ფილმი "ავტოპორტრეტი" 1987 წელს გადაიღეთ და ამის გამო პრობლემებიც შეგექმნათ...
- პრობლემები მე შემექმნა, თორემ ფილმს ვერაფერი მოუხერხეს, ისეთი წარმატება ხვდა წილად. უცხოეთი მოიარა, ამერიკაში პრიზი აიღო საუკეთესო რეჟისურისთვის, მაგრამ მე არსად არ გამიშვეს. მაშინ მამას ჰქონდა პრობლემები, დაჭერილი იყო. მე კი ახალი ჩამოსული ვიყავი ჯარიდან. ბევრი მაწვალეს.

- რომ წასულიყავით, ალბათ თქვენი ცხოვრება სხვანაირად გაგრძელდებოდა...
- რა თქმა უნდა, როგორც რეჟისორისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. რაღაც ახალს ვნახავდი, ვიპოვიდი, ერთ სამყაროში არ ჩავიკეტებოდი და თავისუფლება მომეცემოდა.

- ომგამოვლილი თაობა ხართ...
- დიახ, და ჩვენ ამ ომში მეომარი რეჟისორები ვიყავით. ტყვიების წვიმაში ფილმებს ვაკეთებდით, ეს დიდი გმირობაა. ლევან თუთბერიძე, ალეკო ცაბაძე, თემურ ბაბლუანი, გოდერძი ჩოხელი, ლევან ზაქარეიშვილი, დიტო ცინცაძე და მათ შორის მეც. მგონი, არ შეგვირცხვენია ქვეყანა.

- თუ არ ვცდები, თქვენ თავად იბრძოდით...
- რაღაც პერიოდი ავღანეთშიც ვიყავი. აქ მაინც სამშობლოს ემსახურები, მაგრამ კომუნისტები რომ ჯანდაბაში გაგაგდებენ იმისთვის, რომ მსხვერპლად შეგწირონ ავღანელებს, ეს ნამდვილად საცოდაობაა. მადლობა ღმერთს, რომ იქიდან ცოცხალი დავბრუნდი. კონტუზია მქონდა და ფსიქიატრიულში მომიწია დაწოლამ. ჩვენს ოჯახს რეპრესიები მოუწყვეს და ამას თითოეული წევრი ვეწირებოდით.

- მაშინ დაოჯახებული იყავით?
- კი, ჩემი შვილი ნინი რომ გაჩნდა, მე ბაქოს ფსიქონერვულ კლინიკაში ვიყავი. იმიტომ, რომ ჩემს თავისუფლებას არაფერში ვცვლიდი. მარტოკაცი ვიყავი და ჩემებურად ვიბრძოდი. ფსიქიატრიული კლინიკა საშინელებაა. იქ შეუძლიათ კაცი ისე გამოიყვანონ მდგომარეობიდან, მართლა გააგიჟონ. მარტო ერთ კლინიკაში კი არ ვიწექი, თბილისში, ბაქოში და ბოლოს ტაშკენტში აღმოვჩნდი. სულ რაღაც ხრიკებს მიწყობდნენ, ხან ვიღაცას მომიგზავნიდნენ, რომ მეჩხუბა...

- ბატონო ერეკლე, ასე ვინ გაგიმეტათ?
- დიდი დრო გავიდა, მაგრამ იმ ადამიანის სახელს არ დავასახელებ. პიროვნულად ერთი კაცის ბოღმას შეეწირა ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრება. მერე აღმოჩნდა, რომ ყველაფერში ცამდე მართალი იყო მამა, მაგრამ მაშინ ის კაცი იყო ქვეყნის ბატონ-პატრონი. აქვე აღვნიშნავ, ვინმე შეცდომაში რომ არ შევიყვანო, რომ ეს არ იყო ედუარდ შევარდნაძე... თუმცა ის ეტაპი გამოვიარე და აღარ მინდა ამ თემაზე ლაპარაკის გაგრძელება. მოხდა ისე, რომ ჩემმა ოჯახმა რეპრესიების პერიოდი გამოიარა, მაგრამ ბოლოს მაინც თავაწეულები ვიყავით.

- კინოში სერიალ "ცხელი ძაღლით" დაბრუნდით...
- ადრე ვინმეს რომ ეთქვა, სერიალს გადაიღებო, გამეცინებოდა, კინოს ამბიცია მქონდა და გადავიღე კიდეც რამდენიმე ფილმი. ოთარ შამათავამ შემომთავაზა. მე და ზაზა ურუშაძე ვმუშაობდით. სერიები გავიყავით. ზოგს მე ვიღებდი, ზოგს ზაზა. მერე სერიალი გაჩერდა. არადა, ამ სერიალმა ძალიანაც ივარგა. დიდი რეიტინგი ჰქონდა. მერე "იმედის" გუნდიც შეიცვალა.

- სკანდალურ სერიებზე გკითხავთ, რომელიც ეთერში ვერ მოხვდა. თქვენ გადაიღეთ?
- ის სკანდალური სერიები ზაზას გადაღებულია და ამიტომ ვერაფერს გეტყვით. თუმცა ფაქტია, რომ ისევ თაროზე აწყვია.

- ალბათ თავს ყველაზე კარგად მუშაობის დროს გრძნობთ...
- კი, მართალია. როცა ვიხარჯები და ვმუშაობ, მაშინ ვარ ნამდვილი ერეკლე. ახლა კი მაქვს იდეები, მაგრამ მოლოდინმა დამღალა. ისე კი, ყოველ წელს ფელინიც ვერ იღებდა ფილმს.

- დეპრესიაში ხშირად ვარდებით?
- კი, მაგრამ ვებრძვი დეპრესიას. აი, გოდერძი ჩოხელი კი ძალიან დეპრესიული ადამიანი იყო და ამან გაისტუმრა კიდეც ამქვეყნიდან. საავადმყოფოში რომ ვნახე, პირდაპირ მითხრა, ვკვდებიო, ისეთ დეპრესიაში იყო ჩავარდნილი. სასოწარკვეთას თვითმკვლელობამდე მიჰყავხარ. მე მაინც ეკლესია მშველის. ღმერთს ვეხვეწები, რომ დამიცვას.

- წარმატებული რეჟისორი ხართ...
- რა ვიცი, რა გითხრათ, წარმატებული ალბათ ვარ, მაგრამ ჯერ იმ ასაკში ვარ, კიდევ ბევრი მინდა შევქმნა. მოლოდინმა გამაგიჟა. კომუნისტების დროს საქმე მაინც გვქონდა, ახლა კი ახალი ფავორიტები გამოჩნდნენ და გაუთავებლად აკეთებენ გაუგებარ ფილმებს, ერთჯერადი მარკებივით. აფხაზეთის თემაზე გიორგი გურგულიასთან ერთად ძალიან კარგი სცენარი დავწერე. მთავარია, გადაღების საშუალება იყოს.

- ერთადერთი ქალიშვილი გყავთ, მომღერალი ნინი ბადურაშვილი, ბოლო დროს მასაც ხშირად იღებენ ფილმში.
- კი, ახლაც მითხრა, რაღაც "კონკიას" ვარიანტია და იქ ვთამაშობო. დათო იმედაშვილი იღებს, ვნახოთ, რამდენად წარმატებული, ღრმა და მაღალმხატვრული ფილმი იქნება. ნინის სამსახიობო აქვს დამთავრებული და რობერტ სტურუასგან ჰქონდა შეთავაზება, ოფელია ეთამაშა. საოცარი ამბავი მოხდა და უარი თქვა. სცენისადმი არა აქვს ლტოლვა, მაგრამ კინო ძალიან უყვარს. ასევე ძალიან უყვარს ესტრადა, სიმღერით ცხოვრობს. ლამაზი გოგონაა, კარგი, მშრომელი, ყველა მონაცემი აქვს, რომ წარმატებული მსახიობი გახდეს. მე თუ მომეცა საშუალება, აუცილებლად უნდა გავუკეთო ერთი დასამახსოვრებელი როლი.

- თქვენი საყვარელი ქალბატონები თუ გადაგიღიათ ფილმში?
- ფილმში?.. ერთხელ ჩემი პირველი მეუღლე ეკა კახიანი "ავტოპორტრეტში" პატარა, ეპიზოდურ როლში ვათამაშე. სხვა ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ცოლი ან შეყვარებული როლზე დამეკავებინოს. ისე, მქონია სიმპათიები იმ გოგონასადმი, ვისაც ჩემს ფილმში უთამაშია. იმ მომენტში შეიძლება ჩემი მუზაც გამხდარიყო.

- დღეს ისევ მარტო ხართ. დაოჯახებას აღარ აპირებთ?
- ახლა უმუშევარი ვარ და ამას ძალიან განვიცდი. დაოჯახებას დავაპირებ მაშინ, როცა დაკავებული ვიქნები ჩემი საყვარელი საქმით და შესაბამისად, ვიქნები მხრებში გაშლილი. მექნება იმის საშუალება, რომ სიმპათიური მანდილოსანი ყავაზე დავპატიჟო. როცა ამის საშუალებაც არ მაქვს, სიმართლე გითხრათ, სახლიდანაც არ გავდივარ. ალბათ ესეც დროებითია და რაღაც იქნება. აღარ ვარ იმ ასაკში, რომ რომეოსა და ჯულიეტას ამბავი გავახურო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100