ორი წლის ლილი, რომელიც რუკაზე ნებისმიერ ქვეყანას გიპოვით (ვიდეო)
ლილი ახლა 6 წლისაა და წელს პირველად წავიდა სკოლაში. ის, ალბათ, ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთია იმ იშვიათ პირველკლასელთაგან, რომელსაც ყველა იცნობს და ვის სკოლაში გამოჩენასაც მასწავლებლები და უფროსკლასელები (ნაწილობრივ, თანატოლებიც) მოუთმენლად ელოდნენ.
ვიდეო, რომელსაც „დრონი.ჯი“ წარმოგიდგენთ, მშობლებმა ლილის სახლში 2007 წელს, ანუ მაშინ გადაუღეს, როცა ის, არც მეტი, არც ნაკლები, 23 თვის იყო. ამ ასაკში მას უკვე შეეძლო, მსოფლიოს რუკაზე ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ეპოვა 80 ქვეყანა, მათ შორის ისეთი ნაკლებად ცნობილი დასახლებაც კი (რა თქმა უნდა, მისი ასაკის გათვალისწინებით), როგორიც ტასმანიაა.
უფრო გასაკვირი ის გახლავთ, რომ გოგონა მსოფლიოს რუკით 8 თვის ასაკიდან დაინტერესდა და მშობლებისთვისაც გაუგებარი რჩება, საიდან შეითვისა ამდენი ქვეყნის დასახელება და როგორ ძალუძდა 8 თვის ბავშვს (რომელმაც, ცხადია, კითხვა არ იცოდა), რუკაზე ქვეყნების მოძებნა.
მისი უჩვეული ნიჭი პირველად მამამ აღმოაჩინა, როცა შეამჩნია, რომ 8 თვის ბავშვი დიდი ხნის განმავლობაში ჩასჩერებოდა რუკას. „რაო, საყვარელო, ხომ არ გინდა, კანადა მიჩვენო?“ - ღიმილით ჩაეკითხა მამა, რომელსაც ლილი ხელში ეჭირა. ბავშვმა დაუფიქრებლად გაიშვირა ხელი და იგი რუკაზე გამოსახულ კანადას დაადო.
შემთხვევითობის გამოსარიცხად გაოცებულმა მამამ შემდეგი ქვეყანა, მადაგასკარი დაასახელა და მისი გაოცება მაშინ უნდა გენახათ, როცა ლილიმ აფრიკის კონტინენტს ხელი ჩააყოლა და ბუნჩულა თითი კუნძულ მადაგასკარს დაადო.
ყველა შემდეგი ქვეყნის დასახელება რუკაზე მისი ჩვენებით სრულდებოდა, თუმცა, ბავშვი იმ დროს ყველა დასახელებულ ქვეყანას ვერ აჩვენებდა.
დროთა განმავლობაში ლილის „მონაცემთა ბაზა“ მშობლების ჩაურევლად გაფართოვდა და, როგორც ვთქვით, ამ ვიდეოს გადაღების მომენტში, როცა ის ჯერ კიდევ არ იყო 2 წლის, ბავშვი 80 ქვეყანას მათი დასახელებისთანავე პოულობდა რუკაზე...
კომენტარი