სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინას მოკლე ფეხები აქვს

სათაური ჩემი კრეატივი არ არის. სოცქსელებში ხომ დიდი ხანია, დამკვიდრდა ტრადიცია, რომ ადამიანებს სხვადასხვა რამესთან აკავშირებენ და სხვადასხვა სახელს არქმევენ. მერე გვერდებსაც ქმნიან და ენერგიულად იზიარებენ. ჩამოთვლას არ დავიწყებ, ისედაც ცხადია, რაზეა საუბარი, მაგრამ „ფეისბუქზე“ ვიღაცამ ენამოსწრებულად დაარქვა „ტყუილს“ „ბიძინა“ და ფრაზაც გამოაცხო: ბიძინას მოკლე ფეხები აქვს. სრულიად „ფეისბუქის“ ბიძინასადმი არცთუ კეთილგანწყობილი ნაწილი ამ ფრაზით მას შემდეგ აჭრელდა, რაც „ქართული ოცნების“ ლიდერმა გაუგონარი ტყუილი თქვა. მაგრამ მოდით, თანმიმდევრობით მივყვეთ:

ჯერ კიდევ ამერიკელი სენატორების ჩამოსვლამდე მეოცნებეები აქტიურად პოსტავდნენ, რომ მაკკეინიც და ლიბერმანიც აუცილებლად შეხვდებიან ბიძინა ივანიშვილს. ეს არ იყო აღქმული, როგორც ჩვეულებრივი ამბავი, რადგან მართლა არაფერია უჩვეულო იმაში, რომ სენატორები ხვდებიან როგორც ხელისუფლებას, ასევე გამოკვეთილი ოპოზიციის გამოკვეთილ ლიდერს.

კოალიციის მხარდამჭერები აქტიურად ცდილობდნენ, მომავალი შეხვედრა წარმოეჩინათ, როგორც ივანიშვილის მხარდაჭერა. მით უმეტეს, ამას ცდილობდნენ შეხვედრის შემდეგ, როცა განცხადებები უკვე გაკეთებული იყო. როგორც ჩანს, ეს განწყობა თვითონ მთავარი მეოცნებისგან მოდიოდა, რადგან ის აზრი, რომ სენატორები საქართველოში მის მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ, ივანიშვილმა ააგორა და ბოლოს, კასპში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დააგვირგვინა: მაკკეინს, რომელიც სააკაშვილის მეგობრად მიიჩნევდა თავს, მისი სახელის გაგონებაც კი არ სურსო. დაახლოებით ისე გამოუვიდა, პრეზიდენტზე რომ თქვა - მაგას საკუთარი დედაც კი არ მისცემს ხმასო...

ბიძინა ივანიშვილი: „სააკაშვილი ებღაუჭება იმ აზრს, რომ ის და მისი ხელისუფლება ამერიკელებს უნდათ და რომ მაკკეინი მისი საუკეთესო მეგობარია. მართალია, მისი მეგობარი იყო! გუშინდელმა შეხვედრამ კი ამას ხაზი გადაუსვა. ამერიკელები, რა თქმა უნდა, პირდაპირ არ იტყვიან ამას, რომ აღარ უნდათ, მაგრამ ეს შეხვედრა ნიშანდობლივი იყო.“

ივანიშვილის ინტერპრეტაციებს თითქმის უპრეცედენტო შემთხვევა მოჰყვა: სენატორები ლამის ტრაპიდან გამობრუნდნენ (ეს განცხადება ჟურნალისტებმა აეროპორტში, საქართველოდან გამგზავრებამდე „დააწიეს“) და ცალსახად განაცხადეს, რომ ეს ტყუილია და რომ საქართველოში რომელიმე პოლიტიკური ლიდერის მხარდასაჭერად არ ჩამოსულან. იმის დამატებაც არ დავიწყნიათ - სააკაშვილზე ამას როგორ ვიტყოდით, წლებია ვიცნობთ და კარგად ვხედავთ იმ პროგრესს, რაც საქართველოშიაო.

საერთოდ, „პროგრესი“ და „ტრანსფორმაცია“ ის სიტყვები იყო, რომელსაც სენატორები საქართველოს აწმყოსთან მიმართებაში ყველაზე ხშირად იყენებდნენ. ზოგადად, თუ გავითვალისწინებთ, რომ სენატორებს და, მით უმეტეს, მაკკეინისა და ლიბერმანის დონის სენატორებს, უყვართ სტრიქონებშუა თავიანთი დამოკიდებულების გამოხატვა, და გავიხსენებთ იმ საგულისხმო ფრაზებს ან სიტყვებს, რაც მათ ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ თქვეს, ცხადი გახდება, რომ მათში არაფერია ისეთი, რომლითაც მეოცნებეებს შეუძლიათ თავის დამშვიდება.

არ ვიცი, რამდენად მიაქციეს ყურადღება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა, მაგრამ ივანიშვილის ოფიციალურმა გვერდმა ფბ-ზე იუზერები ისევ „დააბოლა“: სამი სენატორი ბიძინა ივანიშვილს პირისპირ არ შეხვედრია. როგორც თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციაში იყო აღნიშნული, შეხვედრა კი გაიმართა დახურულ კარს მიღმა, მაგრამ მას დავით უსუფაშვილი და ირაკლი ალასანიაც ესწრებოდნენ. ანუ, სენატორებმა მიანიშნეს, რომ ხვდებიან არა ბიძინა ივანიშვილს, არამედ მისი ლიდერობით წარმოდგენილ კოალიცია „ქართულ ოცნებას“. ეს - ერთი დეტალი.

მეორე: შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯონ მაკკეინმა ფრიად საგულისხმო რამ განაცხადა, რაც წესით, არ უნდა მოსწონებოდა ივანიშვილს, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ აშშ-ში წერილი აფრინა, NDI და IRI საზოგადოებას აღიზიანებენ თავიანთი არასწორი კვლევებით და წინადადებას გაძლევთ, კვლევები წინასაარჩევნოდ შეწყდესო. ამაზე მაშინ აშშ-ის ელჩმა მოკრძალებით უპასუხა: ამ ორგანიზაციებს, სხვებთან ერთად, აშშ-ის მთავრობა კი აფინანსებს, მაგრამ დამოუკიდებელი ორგანიზაციებია, საქართველოში ღირებულ საქმეს აკეთებენ და მათ კვლევებს ვენდობითო...

ჯონ მაკკეინმა არათუ დაადასტურა ამ ორი ორგანიზაციის მნიშვნელობა, არამედ ისიც დაამატა, რომ არჩევნების პროცესზე და შედეგებზე წარმოდგენის ჩამოყალიბებისას ამ ორგანიზაციების განცხადებებს დიდი მნიშვნელობა ექნება აშშ-ისთვის, მერე კი დაამატა: „მე მჯერა, რომ საქართველო არასდროს დაბრუნდება წარსულში“ - წარსულში დაბრუნების მცდელობას ვის უკიჟინებენ, ალბათ, ყველას კარგად გვახსოვს...

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ჯონ მაკკეინის განცხადებაში ის იყო, რომ მან, ფაქტობრივად, საქართველოში არსებულ პროგრესზე ილაპარაკა და დადებით კონტექსტში, პირველ ყოვლისა, კრიმინოგენური სიტუაციის გაუმჯობესება აღნიშნა. ანუ, მიანიშნა იმის დადებით მხარეზე, რასაც „ოცნება“ და ზოგადად, ოპოზიცია მუდმივად აკრიტიკებს: პოლიციის ქმედების ეფექტურობაზე. ამავე დროს, ეს იმის მინიშნებაც იყო, რომ პოლიციამ არეულობა არ უნდა დაუშვას.

ყველაზე მთავარი კი, რაც ამ შეხვედრას მოჰყვა, ის იყო, რომ ივანიშვილს, ფაქტობრივად, პირობა დაადებინეს, კოალიცია არეულობას არ დაუშვებსო. და, რაღა თქმა უნდა, ჯონ მაკკეინის უძლიერესი, ქვეტექსტებით დატვირთული ფრაზა არჩევნებთან დაკავშირებით: „დამარცხებულებმა შედეგები უნდა მიიღონ და დამარცხება აღიარონ“ - ეს უკვე ივანიშვილისთვის სამართლებრივ ველზე (როგორც მილიარდერი იტყოდა, „მინდორზე“) დარჩენის ერთადერთი გზის მინიშნება იყო...

მაგრამ, როგორც ჩანს, ივანიშვილთან მიმართებაში ან ფრაზამ: „უკუღმაა ეგ, ასინეთა, უკუღმა!“ იმუშავა, ან კიდევ მისმა გარემოცვამ არასწორად გაუშიფრა სენატორების ნათქვამი. ხუმრობა საქმე ხომ არ არის, კაცი თვეში 300 ათას დოლარზე მეტს უხდის ლობისტურ კომპანიებს და რისთვის? იმისთვის, რომ სენატორებმა, ფაქტობრივად, მისი საწინააღმდეგო განცხადებები აკეთონ?

თვითკმაყოფილება და თვითდამშვიდება პოლიტიკოსისთვის დაახლოებით ისევე საშიშია, როგორც ხიბლში ჩავარდნა ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის. ასეთ დროს წყდები რეალობას და საკუთარი თავი იმაზე მეტად მოგწონს, ვიდრე ყველაზე ოპტიმისტურ ვარიანტში იმსახურებ. როგორც ჩანს, ივანიშვილს სწორედ ეს კომპლექსი აქვს: მას სასურველის რეალობად გასაღება დასჩემდა, თუმცა, კასპში ნათქვამ ტყუილზე მკაცრი პასუხი სულ რაღაც ერთ საათში მიიღო:

“შეხვედრაზე მსგავსი არაფერი თქმულა, ეს სიცრუეა. ჩვენ აქ არ ჩამოვსულვართ რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერის მხარდასაჭერად. მიშა სააკაშვილს წლებია, ვიცნობ და კარგად ვხედავ იმ პროგრესს და ტრანსფორმაციას, რომელიც საქართველოშია“, - განაცხადა აეროპორტში ჯოზეფ ლიბერმანმა. ასეთი მკაცრი გამოხმაურება დიპლომატის ენაზე რასაც ნიშნავს, ვფიქრობ, გასაშიფრი აღარ არის...

არც ის არის გასაშიფრი, ამ განცხადების შემდეგ რატომ დაიდო ფბ-ზე ბევრგან სტატუსად ერთი ადამიანის მიერ გადაკეთებული ფრთიანი ფრაზა: „ბიძინას მოკლე ფეხები აქვს...“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100