სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინო ბურჯანაძე: პუტინი შანსს გვაძლევს და უნდა გამოვიყენოთ

დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის განცხადებას, "საქართველოსთან ურთიერთობების დარეგულირების შესახებ გაკეთებულ განცხადებად" აფასებს და "საზოგადოებას ამ შანსის გამოყენებისკენ" მოუწოდებს.

"პირველ ყოვლისა, პუტინმა გააკეთა განცხადება საქართველოსთან ურთიერთობების დარეგულირების შესახებ და ვისურვებდი, რომ ყველამ სწორედ ამას მიაქციოს ყურადღება. ეს არის განცხადება ადამიანისა, რომელიც, რაც არ უნდა ილაპარაკოს ჩვენმა ხელისუფლებამ, უახლოეს 2-3 თვეში რუსეთის პრეზიდენტი გახდება და რომელიც საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობს, ამიტომაც მის ნათქვამში გასაკვირი არაფერია.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა, რომელიც უახლოესი 10 ან 12 წლის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტი იქნება, განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობის დარეგულირება სურს. ვფიქრობ, ქართულმა საზოგადოებამ ეს ნამდვილად უნდა გაითვალისწინოს", - განუცხადა "პირWელს" ნინო ბურჯანაძემ და დასძინა, რომ "რა თქმა უნდა, რუსეთისთვის სულერთი არ არის, სად გამოჩნდება ესა თუ ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა, ისევე, როგორც აშშ-ისთვის არ იყო სულერთი, სად განლაგდებოდა კარიბის კრიზისის დროს რუსეთის შეიარაღება".

კითხვას, "თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება, უნდა თქვას თუ არა საქართველომ უარი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მის ტერიტორიაზე განლაგებაზე?" ბურჯანაძემ ასე უპასუხა: "საქართველომ ყველა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს, რეგიონული ვითარება, გეოსტრატეგიული მგდომარეობა და მეზობელი სახელმწიფოების კანონიერი ინტერესი გაითვალისწინოს, ხოლო რა იქნება კანონიერი ინტერესი, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში სერიოზული განსჯის საგანი უნდა გახდეს".

"დიდ სახელმწიფოებს, რა თქმა უნდა, თავისი ინტერესები აქვთ და ეს დანაშაულად მხოლოდ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აქვს წარმოდგენილი, რათა ანტირუსული ისტერია გააღრმავოს. ამას დიდი სახელმწიფოები არც მალავენ, ხოლო პატარა სახელმწიფოების ამოცანაა, მათი ქმედებები რომელიმე სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებთან წინააღმდეგობაში არ მოვიდეს, რადგან საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვის უფლება ყველა სახელმწიფოს აქვს. საქართველოს ამოცანაა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, თავდაცვაზე, ინტერესებზე იზრუნოს და ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს ინტერესი მხოლოდ შემდეგ გაითვალისწინოს.

დღეს ჩემი ოპოზიციაში ყოფნა განპირობებულია სწორედ იმით, რომ განსხვავებით პუტინისგან, რომელიც ყოველთვის თავისი ქვეყნის ინტერესებს იცავდა, ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება არა საქართველოს ინტერესებს იცავს, არამედ საკუთარი სკამების შენარჩუნებაზე ზრუნავს და ძალიან ხშირად იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ცალკეული სახელმწიფოების ინტერესებში შედის", - განაცხადა ბურჯანაძემ.

პუტინის განცხადებაში იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს რუსეთმა მის საზღვრებთან ანტისარაკეტო სისტემის განლაგების შემთხვევაში, ბურჯანაძე მუქარის ტონს ვერ ხედავს.

"მე მგონი, პუტინმა გარკვევით თქვა, რომ საქართველო, როგორც სამიზნე, რუსეთისთვის საშინელება იქნება. არა მგონია, სააკაშვილი რომ პუტინის ადგილზე ყოფილიყო და საშუალება ჰქონოდა, მოსკოვი სამიზნედ ამოეღო, იტყოდა, რომ ეს საშინელებაა, პირიქით, ის ძალიან ბედნიერი იქნებოდა. უზარმაზარი სახელმწიფოს ხვალინდელმა ლიდერმა განაცხადა, რომ ასეთი პერსპექტივა მისთვის მიუღებელია და მას საქართველოსთან მხოლოდ მშვიდობიანი ურთიერთობა სურს. ძალიან გირჩევთ ყველას, შანსი რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობებისა მაქსიმალურად იქნას გამოყენებული, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის", - განაცხადა ბურჯანაძემ.

კითხვაზე, 2008 წლის ომის გამო მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს (რასაც ბურჯანაძე აცხადებს) თუ იგივე ვლადიმერ პუტინისაც, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი აღნიშნავს, რომ "იგი პასუხს საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტს სთხოვს".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100