სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცოლზე ძალადობა ზღვაზე დასვენების დროს, ქობულეთის პარკში

“თავს დამნაშავედ ვცნობ” – უთხრა სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ზურაბ გ.-მ მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს. მას ოჯახში ძალადობა ედება ბრალად. ზურაბ გ. თბილისიდანაა და სასამართლოში ადვოკატის გარეშე მოვიდა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ქალს, ვისთან ერთადაც ის ბოლო 12 წელია ცხოვრობს, ქობულეთის ზღვისპირა პარკში ყოფნისას სახის და თავის არეში ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური დაზიანებები.

ზურაბ გ.-მ დასაშვებად და უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, რაც პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ ამ საქმეზე სასამართლოში წარმოადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე ვერც ერთი მოწმის, მათ შორის, დაზარალებული ქალის ჩვენებას ვერ მოისმენს.

მოსამართლემ ბრალდებულს განუმარტა, რომ ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 150 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის შესრულება მოუწევს ან თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე.

“ქობულეთში ვისვენებდით და მოხდა ეს ამბავი… პოლიციას თვითონ ჩემმა ცოლმა დაურეკა. ჩვენ საერთო შვილი გვყავს, უკვე შევრიგდით და ისევ ერთად ვცხოვრობთ,” – გვითხრა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდებულმა.


წყარო: batumelebi.netgazeti.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100