სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ეს იყო პატარა ინციდენტი, რომელმაც დამანახა, რომ ბევრი მზე მყავს" - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ კოკა კობალაძესთან

კოკა კობალაძე ახალგარზრდა, სიმპათიური პოეტია, რომელმაც მსმენელის გული მოიგო და დიდი სიყვარული დაიმსახურა. ამბობენ, კოკას ლექსები ტერენტი გრანელის სტილს წააგავს, რასაც თვითონ კოკა არ უარყოფს. პოეტს პირადი პრობლემების გამო მცირეხნიანი პაუზა ჰქონდა, თუმცა ისევ აქტიურად დაუბრუნდა ლექსების წერას და აპირებს ჩაერთოს სხვადასხვა ღონისძიებებში.

დრონი.ჯი კოკას დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა. პოეტი პირად ცხოვრებაზე, განვლილ პრობემებსა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება.

- შენმა პოეზიამ პოპულარული გაგხადა და უამრავ ადამიანს უყვარხარ. როგორი შეგრძნებაა, როდესაც ქუჩაში გცნობენ და სიყვარულს გამოხატავენ?

- პოპულარობის მოპოვება ძალიან მარტივია, შენარჩუნებაა რთული. ადამიანების სიყვარული რომ მოიპოვო ძალიან რთულია. პოპულარობას ეს არ მოაქვს. ჩემი აზრით, არ არსებობს ამაზე დიდი მუხტი, რაც ადამიანმა, ადამიანისგან მიიღოს. ქუჩაში ასე თუ ისე მცნობენ და ვცდილობ მათთან კომუნიკაცია დავამყარო. არავინ არავისზე მეტი და არავისზე ნაკლებია, ვცდილობ ამ ბალანსის დაჭერას.

- დარწმუნებული ვარ, როგორც პოპულარული, ცნობადი სახე, უამრავ გოგონას უყვარხარ. გისარგებლია თუ არა ქალის გრძნობებით?

- საერთოდ გრძნობებზე თამაში არ შეიძლება, არ უნდა ისარგებლო ამით. არამხოლოდ ქალის, არამედ ზოგადად ადამიანის გრძნობებით არ უნდა ითამაშო და არ უნდა ისარგებლო პრივილეგიებით, მითუფრო თუ ეს პრივილეგიები ცნობადობას ეხება. ეს არ არის კარგი ტონი მამაკაცის გადმოსახედიდან.

- ხშირად პოეტები ემიჯნებიან რეალურ სამყაროს და ქმნიან საკუთარ წიაღში იდეალურ სამყაროს, რომელიც თანაარსებობს რეალურის გვერდით და ეხმარება ადამიანს, უფრო მეტიც, სულშესაფარი ხდება. შენ თუ გაქვს ასეთი სულშესაფარი?

- ჩემი პატარა სამყარო, რა თქმა უნდა, მაქვს, სადაც ყველაფერი სხვანაირია. ეს სამყარო არის ძალიან პატარა, მაგარამ ძალიან დიდი გრძნობებისა და განცდების მატარებელი. ამ სამყაროში იწერება ზუსტად ეს ყველაფერი, რის გამოც პოეტს მეძახიან.

- არავისთვის არაა საიდუმლო, რომ საკმაოდ რთული პერიოდი გამოიარე და ამ ხნის მანძილზე თითქმის არ ჩანდი. ახლა რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში? მოგვიყევი ამის შესახებ.

- ცოტა რთული პერიოდის გავლა მომიწია, რომელიც მალევე ჩაწყნარდა და ჩემს მსმენელს მაშინვე მივმართე, რომ ისეთივე აქტიური ვიქნებოდი, როგორც აქამდე. ამ ყველაფერმა ჩემზე გავლენა არ იქონია, ეს იყო პატარა ინციდენტი, რომელმაც დამანახა ადამიანების ჩემდამი დამოკიდებულება და რაც მთავარია ის, რომ მე მარტო არ ვარ. ბევრი მზე მყავს გვერდში, ბევრი სითბო და ისეთი ადამიანი ვისი იმედიც შემიძლია მქონდეს. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

- როგორია შეყვარებული კოკა კობალაძე და ამ ეტაპზე გყავს თუ არა საყვარელი ქალი?

- შყვარებული სულ უნდა იყო ადამიანი, რაღაცაზე ან ვიღაცაზე. სიყვარულით უნდა იცხოვრო ყოველი დღე. იქ სადაც სიყვარულია, არანაირ ცუდს და ნეგატიურს არ აქვს ადგილი. სიყვარულზე შეყვარებული უფრო მქვია, ვიდრე ვინმე კონკრეტული პიროვნებაზე.

- რამდენად გეხმარება პოეზია ცხოვრების რთულ ეტაპებზე?

- პოეზია ჩემი განტვირთვაა, როდესაც რაღაც მაწუხებს მაშინ ვწერ და ძირითადად ლირიკულია ჩემი ლექსები. პოეზია მეხმარება ყველანაირი ემოციის გამოტანაში და გადატანაში, გათავისუფლებაში.

- უფრო როდის წერ ხოლმე, როცა გტკივა, როცა სათქმელი გიგროვდება თუ უბრალოდ, ექსპრომტად?

- ვწერ მაშინ, როდესაც მტკივა. თუ არაფერი მაწუხებს ვერაფერს ვწერ. როცა სათქმელი მიგროვდება ბუნებრივია ვამბობ ლექსის სახით. ერთ-ერთ რთულ პერიოდს გავიხსენებ, დაახლოებით 6-7 თვის წინ. მაშინ დავწერე 4 გვერდიანი ლექსი, სტრუქტურულად და აზრობრივად გამართული. ეს ფურცლები დღემდე ჩემთან მაქვს და ბოლომდე აქ დარჩება. როცა კარგად ხარ ბუნებრივია დასაწერი და გადმოსაცემი ისეთი არაფერია. სიხარულს არ სჭირდება ჩაძიება და ჩაწვდომა, ვფიქრობ, ეს ზედაპირულია.

- თუ გაქვს ხოლმე შემოქმედებითი პაუზები?

- კი როგორ არა. მაგრამ ამას უფრო შეგნებულ პაუზას ვუწოდებ, რადგან მე არ მაქვს მომენტი როცა მუზას ველოდები, ან ინსპირაციის წყაროს, ეს ისედაც შეიძლება მოხდეს.

- აქტუალურ პრობლემებს, საზოგადოს, თუ ეხმიანები ხოლმე ლექსებით?

- ჩემი აზრით, საზოგადოების ყველაზე დიდი პრობლემა უსიყვარულობაა, სიყვარულის სიყვარულზე ვწერ და ამაზე აქტუალური პრობლემა არ არსებობს. აზრი და დამოკიდებულება ნებისმიერი საკითხის მიმართ ზოგადად შემიძლია ლექსში ჩავტიო. შესაბამისად მეტად აქტუალურია ჩემი ლექსებსაც.

- ვინ არის შენი საყვარელი პოეტი? რომელიმე პოეტის რითმისა და რიტმის ტყვეობაში თუ აღმოჩენილხარ?

- მე ტერენტი გრანელი მომწონს და, ვფიქრობ, ჩემი სტილი რაღაც ასპექტში შეიძლება ჰგავდეს კიდეც მის ლექსებს. მხოლოდ ჩემი აზრით არ გეუბნები ამას, უფრო გამოცდილი და კომპეტენტური ადამიანებისგან მაქვს მოსმენილი. სტილი ძალიან წააგავს. ტერენტის პოეზია ჩემთან ყველაზე ახლოს არის. არავის გავლენით არ ვწერ. „არ მინდა ვიყო, არც ვარ პოეტი, ეს ჩემთვის იყო არის მომენტი, მაგრამ რასაც ვწერ ვიცი ჩემია, არავის ვბაძავ ასე წერია“. (იცინის

- უახლოეს მომავალში რას გეგმავ?

- ვაპირებ კრებულის გამოცემას.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100