სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია

საქართველოს სამოციქულო ეკლესიას უდიდესი ისტორიული წარსული გააჩნია, საქართველოს ეკლესია აღიარებს ქრისტეს მოძღვრებას და მისი ისტორია აგებულია ქრისტიანობის დასაცავად ბრძოლასა და წამებაზე.

საქართველოს ეკლესიას „სამოციქულო“ ეწოდება იმიტომ, რომ საქართველოში იქადაგა ხუთმა ქრისტეს მოციქულმა - ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა, მატათა მოციქულმა, თომა მოციქულმა და თადეოზ მოციქულმა.

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიის დასაბამად შეიძლება მიჩნეულ იქნას პირველი დიდი სიწმინდის შემობრძანება საქართველოში, ეს არის წმ.ელია წინასწარმეტყველის ხალენი (მოსასხამი), რომელიც შემოაბრძანეს მცხეთაში ებრაელებმა.

ამის შემდგომ საქართველოში შემოდის უდიდესი სიწმინდე-ქრისტეს კვართი (უკერავი პერანგი), რომელიც შემოაბრძანეს მცხეთელმა ებრაელებმა – ელიოზ მცხეთელმა და ლონგინოზ კარსნელმა. მათ ეს კვართი ერგოთ იერუსალიმში ქრისტეს ჯვარცმის დროს წილისყრის შედეგად.

მცხეთაში დაბრუნებულ ელიოზსა და ლონგინოზს მრავალ მცხეთელთან ერთად შეეგება ელიოზის და სიდონია, რომელმაც კვართი სინანულით ჩაიკრა მკერდში და სული განუტევა ისე, რომ ვერა და ვერ მოხერხდა მისთვის კვართის მოცილება და იგი მასთან ერთად დაკრძალეს. ამ ამბავმა ბევრი ადგილობრივი მკვიდრი მოაქცია ქრისტიანულ სარწმუნოებაზე.

საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების პირველი ეტაპი იწყება იმით, რომ როდესაც მაცხოვარი ამაღლდა, შეიკრიბნენ მისი მოწაფეები ღვთისმშობელ მარიამთან ერთად და განიგდეს წილი თუ რომელ მათგანს რომელი ქვეყანა შეხვდებოდა საქადაგებლად.

ღვთისმშობელს წილად ხვდა საქართველო, მაგრამ მოხუცებულობისა და ღვთის შთაგონების გამო, მან თავის ნაცვლად გამოამგზავრა ანდრია მოციქული, რომელსაც გამოატანა ხელთუქმნელი ხატი. ანდრია მოციქული პირველად შემოვიდა დიდ აჭარაში, სადაც დაიწყო უფლის სიტყვის ქადაგება.

ნეტარს მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს, მაგრამ ღვთისა და პატიოსანი ხატის მეოხებით ყველაფერი მადლობით დაითმინა. იმ ადგილზე, სადაც ანდრიამ პირველად ხატი დაასვენა, წყარო აღმოცენდა. ამ სასაწაულმა მრავალ წარმართს გაუნათა გონება. ნეტარმა იქვე აღაშენა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, დაუდგინა დიაკვნები, მღვდლები და გამოემგზავრა შუა ქვეყნის სიღრმეში.

ანდრია პირველად ჩავიდა სოფ. აწყურში, სადაც მრავალ სასწაული მოახდინა ისევ და ისევ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის შემწეობით. ამათგან აღსანიშნავია ყმაწვილის მკვდრეთით აღდგინება და ღვთისმშობლის ხატისგან კერპების შემუსვრა, რის შედეგადაც თვით წარმართმა ქურუმებმაც შესთხოვეს შენდობა წმინდა მოციქულს და აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი.

ამის შემდეგ ანდრია მოიარა სამხრეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხე, საიდანაც გადავიდა სომხეთსა და სპარსეთში. აქ ქადაგების შემდეგ ჩავიდა იერუსალიმში საიდანაც დაბრუნდა მატათასა და სვიმონ კანანელთან ერთად.

მათ ჯერ განამტკიცეს სარწმუნოება ქართლში, შემდეგ სამეგრელოსა და სვანეთში იქადაგეს, მატათა მოციქული აქვე დარჩა, ხოლო ანდრიამ და სვიმონმა გზა განაგრძეს აფხაზეთში, სადაც სვიმონი მიიცვალა და იქვე დაკრძალეს, ხოლო ანდრია პირველწოდებულმა გზა განაგრძო და მრავალ ჩრდილოურ ქვეყანაში იქადაგა. ის აღესრულა ქალაქ პატრებში.

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიასაქართველოში ქრისტიანობის გავრცელების და ეკლესიის ისტორიის მთავარ გვირგვინად ითვლება წმ.ნინოს ცხოვრება და მოღვაწეობა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მინიშნებით და ვაზის ჯვრის შემწეობით, ქართველი ერის ქრისტეს ნათლით გასანათლებლად საქართველოში გამოემართა მოციქულთა სწორი წმ.ნინო, რომელიც პირველად ქალწულ მოწამეებთან – რიფსიმესთან და გაიანესთან ერთად ჩავიდა სომხეთში, ხოლო შემდეგ,წმინდა ქალწულთა მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ იგი გამოემართა ჯავახეთის მთების გავლით საქართველოსკენ.

წმ.ნინო ადგილობრივი მწყემსების მინიშნებით გამოემართა ქართლის შუაგულისკენ ქალაქ მცხეთაში, სადაც მეფობდა მირიანი.

მცხეთა იმ დროისთვის იყო წარმართული ქალაქი და ამიტომ წმ. ნინოს ძალიან გაუჭირდა ადგილობრივ მკვიდრებთან საერთო ენის გამონახვა,მაგრამ თავისი სასწაულებრივი მოღვაწეობით მაინც მიიქცია მოსახლეობის ყურადღება.

მან გარკვეული დროის განმავლობაში მრავალი ადამიანი მოაქცია და თანამოაზრედ გაიხადა.

წმ ნინო ყველა ჩადენილ სასწაულს რა თქმა უნდა იესო ქრისტეს და ღვთისმშობელს მიაწერდა და რაც დრო გადიოდა უფრო და უფრო მეტი ადამიანის ყურადღებას იპყრობდა.

მისმა მოღვაწეობამ თვით დედოფალი ნანაც აღაშფოთა, მაგრამ მალე იგი თავად მოექცა ქრისტეს სარწმუნოებაზე როდესაც ის წმ.ნინომ უკურნებელი სენისგან განკურნა. ნანა ამასვე მოუწოდებდა თავის მეუღლეს, მეფე მირიანს. მირიანიც თითქოს თავიდან ხიბლით უყურებდა ამ ყველაფერს, მაგრამ მან საბოლოოდ გადაწყვიტა წმ.ნინოს მოშორება და ამისათვის მზადებას შეუდგა, თუმცა მალევე დიდი განსაცდელი იხილა, როცა ნადირობის დროს თხოთის მთაზე დაკარგა თვალში სინათლე და ყველა მისი მხლებელი, ის მდგომარეობიდან გამოიყვანა წმ.ნინოს ღმერთზე ლოცვამ და მას მაშინვე აღიარა მისი ჭეშმარიტება და ძლიერება.

მირიან მეფის დროს მოხდა ერის საბოლოოდ მოქცევა. მან თხოვნა გააგზავნია ბიზანტიის იმპერეტორ კონსტანტინე დიდთან, რათა მას წარმოევლინა სამღვდელო პირნი საკუთარი ერის განსანათლავად.

იმპერატორმა კონსტანტინემ დაუყოვნებლივ შეასრულა მეფის ეს თხოვნა და დაიწყო „მოქცევაი ქართლისაი“ ე.ი საქართველო ცხოვრებას იწყებდა ახალი როგორც ქრისტიანული ქვეყანა.

წმ.ნინო იწოდება როგორც მოციქულთა სწორი, რადგან მან დაასრულა მოციქულთა დაწყებული საქმე, მოაქცია საქართველო და დააყენა ჭეშმარიტ გზაზე.

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიასაქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიას ამშვენებს ბუმბერაზი პიროვნება, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვებასა და საქართველოს ეკლესიის, როგორც ცალკეული, დამოუკიდებელი ორგანოს ჩამოყალიბებაში, საეპისკოპოსოებისა და ტაძრების დაარსება-მშენებლობაში, საქართველოს აღოძინებაში, როგორც სულიერად ასევე პოლიტიკურად.

ეს ადამიანი იყო დიდი მეფე ქართველთა ვახტანგ გორგასალი, რომელმაც 15 წლის ასაკში ჩაიბარა როგორც სულიერად, ასევე პოლიტიკურად გაპარტახებული საქართველო.

ფაქტიურად ამ დროს ქვეყანა იდგა ეროვნული გადაგვარების საფრთხის წინაშე, მაგრამ ჭაბუკმა მეფემ წამოჭრილ პრობლემებს ბრწყინვალედ გაართვა თავი როგორც საგარეო პოლიტიკურ ვითარებაში ასევე თავი გამოიჩინა საშინაო პოლიტიკურ სარბიელზე.

მან გამეფებისთანავე გააფთრებული ბრძოლა გაუმართა სპარსელ ქურუმებს და განდევნა კიდეც საქართველოდან. ასევე საბერძნეთში, პატრიარქთან გააგზავნა სამღვდელო პირები, რათა მომხდარიყო მათი ეპისკოპოსებად ხელდასმა, ხოლო ამათგან უპირველესის, პეტრეს, კათალიკოსად კურთხევა.

მას სურდა მართმადიდებლური საპატრიარქოს დაარსება და მიაღწია კიდეც ამას. საბერძნეთის პატრიარქმა ანტიოქიის პატრიარქთან წარავლინა ვახტანგის წარმოგზავნილნი და მანაც აკურთხა თორმეტი ეპისკოპოსი და კათალიკოსად პეტრე დაადგინა.

ვახტანგ მეფე აღესრულა 502 წელს სპარსელებთან ომში მიღებული ჭრილობის გამო. მისმა მოღვაწეობამ უდიდესი კვალი დატოვა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში. ვახტანგ მეფე საქართველოს ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ავტოკეფალიის მომპოვებელი და დამაარსებელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100