ბრეივიკი უტოიაზე დაბრუნდა
ნორვეგიელი ტერორისტი, ანდერს ბრეივიკი, რომელმაც უტოიაზე 22 ივლისს მოზარდებისა და ახალგაზრდების სასაკლაო მოაწყო, კუნძულზე დაბრუნდა. ტრაგედიის რეკონსტრუქციის გადაღების მიზნით, ნორვეგიელი ტერორისტი პოლიციამ კუნძულზე მიიყვანა, რათა ძიებას ბრეივიკის მიერ მიცემული ჩვენება შემთხვევის ადგილიდანვე ჰქონდეს მიღებული.
პოლიციამ კუნძულზე ჟურნალისტები თან არ იახლა, მაგრამ ერთ-ერთმა ნორვეგიულმა გამოცემამ მაინც შეძლო, კადრზე აღებეჭდა ანდერს ბრეივიკი პოლიციელების გარემოცვაში.
აღსანიშნავია, რომ ბრეივიკს ხელბორკილები არ დაადეს. სპეციალურ სარტყელში, რომელიც წელის არეში გაუკეთეს, ტერორისტს თოკი ჩააბეს და მისი ერთი ბოლო პოლიციელს ეჭირა ხელში. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ანდერს ბრეივიკს ჯავშანჟილეტიც ჩააცვეს.
ტერორისტის ადვოკატის განცხადებით, სამართალდამცველები კუნძულზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ ბრეივიკის ჩვენებას ვიდეოზე იღებენ და სრული ვიდეორეკონსტრუქციის გაკეთებასაც გეგმავენ.
ბრეივიკი კუნძულზე გუშინ, დღის მეორე ნახევარში გადაიყვანეს, დღეს კი ნორვეგიის პოლიციაში სპეციალური პრესკონფერენცია ჩატარდება და გამოძიების შედეგებზე, მათ შორის, ანდერს ბრეივიკის კუნძულზე ყოფნის დროს გახსენებულ დეტალებზე ისაუბრებენ. ადვოკატმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ ბრეივიკმა „წყნარად, მშვიდად და ზედმიწევნით ზუსტად აღიდგინა თითოეული გასროლის ეპიზოდი“.
შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე მომხდარ ტერაქტს 78 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ანდერს ბრეივიკის მიერ ახალგაზრდულ ბანაკში მოკლულ ახალგაზრდებს შორის ქართველი გოგონა თამთა ლიპარტელიანიც იყო.
კომენტარი