სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბერძენი ბერის წინასწარმეტყველება საქართველოზე - რა ახდა უკვე?

ბერძენი ბერის, კირილე ლავრიოტისის წინასწარმეტყველება საქართველოზე

ქართული სასულიერო ლიტერატურიდან ვიცით, რომ საქართველოს შესახებ არაერთი წინასწარმეტყველება არსებობს.

უცხოელებსაც გაცხადებიათ საქართველოს მისიის შესახებ. რუსულ და ბერძნულ საეკლესიო წრეებში საქართველოსადმი ეჭვიც კი წარმოშობილა ამის გამო, რასაც ნამდვილად ვერ დაარქმევს კაცი საღმრთო შურს, ეს უფრო შოვინიზმის გამოვლინებაა. მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მარტო რუსთველის ფრესკის გადაფხეკის ფაქტის გახსენებაც კმარა.

მიუხედავად ამისა, როგორც რუსი, ასევე ბერძენი ნამდვილი წმიდა მამები მუდამ აფასებდნენ ქართული ეკლესიის როლს აღმოსავლეთის ქრისტიანობაში, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ აღმოსავლეთის ეკლესია აღმოსავლეთის ქრისტიანობაში.

დიდი რუსი წმიდანის, სერაფიმე საროველის თქმით, მრავალი ერი აღიხოცება პირისაგან მიწისა, მაგრამ ივერია, ვითარცა ღვთისმშობლის წილხვდომილი, იარსებებს ქვეყნის დასასრულამდე.

საქართველოს მომავლისადმი პროფეტული ოპტიმიზმით გამსჭვალულ სასულიერო პირთაგან აღსანიშნავია ბერძენი ბერი კირილე ლავრიოტისი.

მამა კირილეს მთელი სიცოცხლე მიუძღვნია იოანეს გამოცხადების განმარტებისათვის. თავისი შრომებით იგი სრულიად განსხვავდება აპოკალიფსის სხვა ეგზეგეზეტებისაგან. ყველაზე მეტად, რაც ჩვენთვის საინტერესოა, ბერ კირილეს იოანეს გამოცხადებაში შეუმჩნევია წინასწარმეტყველება საქართველოზე, როგორც ერთადერთ ქვეყანაზე, რომლის ხალხი, - პატრიარქისა (გამოცხადებისეული „ფილადელფიის ეკლესიის ეპისკოპოსი“) და აღდგენილი სამეფო ტახტის ხელმწიფის („ღვთის რჩეული გლახაკი მეფის“) ხელძღვანელობით, - შექმნის მართლმადიდებლურ იმპერიას - „წმიდათა ათასწლოვანი მეფობის იერუსალიმს“.

მართლმადიდებლური იდეოლოგიით იმპერია არ არის ვინმეს პყრობა. მართლმადიდებლური იმპერია არის თანამეგობრობა ხალხებისა, რომელიც სასულიერო და საერო, პატრიარქისა და იმპერატორის (მეფეთა-მეფის) ხელისუფლებათა სიმფონიის მეშვეობით წინ აღუდგება ანტიქრისტეს მოსვლა-გაბატონებას.

კირილე ლავრიოტისის მიხედვით საქართველოს სამეფო ტახტზე ავა უფლისწული, რომელიც დიდი მისიისთვისაა მოწოდებული. დინასტიის გვარი არ შეიცვლება, ანუ საქართველოს მომავალი მეფე იქნება ბაგრატიონი. შენიშვნებში ასტერიოს არგირიუ წერს: (კირილეს) „პოზიცია ნათელია, რადგან მომავალი გამათავისუფლებელი იქნება ქართველი სამეფო ოჯახის შთამომავალი“ (ამ საკითხზე სხვა დროს უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ - გ. მ.).

კირილე ლავრიოტისის შესახებ ქართულმა საზოგადოებამ შეიტყო 2000 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციაზე „ელინისტიკა საუკუნეთა მიჯნაზე“, სტრასბურგის უნივერსტიტეტის მეცნიერის, ასტერიოს არგირიუს მოხსენებიდან.

ასტერიოს არგირიუს გადმოცემით, კირილე ლავრიოტისის ნაშრომები ათასობით გვერდს მოიცავს. თავად მამა კირილეს ნაშრომის ასლი, ალბათ, მალე გახდება ქართველი მეცნიერების კვლევის საგანი.

აღნიშნული ნაშრომი უდიდესი აღმოჩენა გახდება, დარწმუნებული ვართ, არა მარტო ქართველებისათვის, არამედ ყველა მართლმადიდებლისათვის. მანამდე ყოველი ქართველის ოჯახს უნდა ჰქონდეს ბერი კირილეს ნაშრომების ასტერიოს არგირიუსეული მიმოხილვა.

ეს მოხსენება პირველად გამოქვეყნდა 2000 წლის ოქტომბერში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტში“. მისი არსებობის მაცნობა ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა.

მცირეტირაჟიანი გაზეთის ქსეროასლი ძლივს მიშოვა უნივერსიტეტის მაშინდელმა პრორექტორმა პარმენ მარგველაშვილმა. გაზეთ „ნაციონალისტში“ გამოვაქვეყნე არგირიუს მოხსენება 2002 წელს, შემდეგ კიდევ ერთ-ერთ გაზეთში, მერე ჩემს წიგნში „კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის“.

მაგრამ, ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი, უამრავი ქართველი ჯერ კიდევ არ იცნობს ამ წინასწარმეტყველებას.

გარდა კირილეს ნაშრომებისა, თავად ასტერიოს არგირიუს საინტერესო მიგნებაცაა მის მოხსენებაში. ბერი კირილეს ნაშრომების კვლევამ იგი მიიყვანა საინტერესო დასკვნამდე. პანტაზეს ლარისელის, რომელმაც დაწერა ლეონ ბრძენის კონსტანტინოპოლის გაპარტახებისა და აღორძინების შესახებ წინასწარმეტყველების ეგზეგეზა, მტკიცებით, კონსტანტინოპოლის გამათავისუფლებელი იქნება ვინმე იურტზისი. ასტერიუს არგირიუს აზრით, კონსტანტინოპოლის გამათავისუფლებელ იურტზისში უნდა იგულისხმებოდეს საქართველოს დინასტიის წარმომადგენელი გიორგი, რადგან ეს სახელი 1014 წლიდან მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოს სამეფო დინასტიასთან...

ძალიან საინტერესოა, რომ მამა კირილემ ნაშრომი დაასრულა იმ ხანებში, როცა საბერძნეთმა წარმატებებს მოაღწია ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში. მაგრამ, იოანეს გამოცხადების მკვლევარისათვის უეჭველ ჭეშმარიტებად დარჩა, რომ მართლმადიდებლური სამყაროსა და მთელი მსოფლიოს გადამრჩენი, მაინც, სულ „პატარა საქართველო“ იქნება.

მამა კირილეს ასეთი აზრი ახირება არ ყოფილა, ამ დასკვნამდე იგი მიიყვანა წმიდა იოანეს აპოკალიფსმა.

ახლა მოკლედ გავიხსენოთ მამა კირილეს ნათქვამიდან, უფრო სწორად, აპოკალიფსის მისეული ეგზეგეზიდან, თუ რა ახდა, რა აღსრულდა დღეისათვის.

მამა კირილე წერს (გადმოცემულია შემოკლებით, ასტერიოს არგირიუს მოხსენების მიხედვით):

„უფალმა თავისი ძალაუფლება მიანდო რუსეთის მართლმადიდებელ მეფეებს, მაგრამ მათაც გადაუხვიეს ჭეშმარიტ გზას და იწვევენ ღვთის მრისხანებას...

დღეს (1821 წელს - გ. მ.) იბერიის ძალიან მცირე სამეფო არის ერთადერთი მორწმუნე სახელმწიფო, რომელიც აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რწმენის ერთგული დარჩა.

ამპარტავნებითა და სიხარბით შეპყრობილმა რუსეთის მეფეებმა ხელჰყვეს საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიის დამოუკიდებლობა: „მათ მიიტაცეს მათი გვირგვინი“, ე. ი. რუსეთის პოლიტიკურ და საეკლესიო ხელისუფლებას შეუერთეს. ქართველი ხალხი მამაცურად და თავგანწირვით იბრძვის დამოუკიდებლობის აღდგენისათვის და ღმერთი შეეწევა მას ამ საუნჯის მოპოვებაში. ასე რომ, ქვა, საქართველო, მოწყდება მთას, გათავისუფლდება რუსეთის ბატონობისაგან, ვინმეს ხელშეუხებლად, რუსეთის პოლიტიკური და საეკლესიო ინსტანციების გადაწყვეტილებისა და თანხმობის გარეშე. და ეს ქვა გახდება დიდი მთა, რომელიც დაამსხვრევს და მტვრად აქცევს ყველა სხვა სამეფოებს. "ქვამ, ამბობს წმინდა წერილი, დაამსხვრია ქანდაკების რკინისა და გამომწვარი თიხის ფეხები, რომლებიც დაემსგავსნენ ზაფხულში ჰაერში გაბნეულ ბზეს. ეს უდიდესი საიდუმლო პირველად ბრწყინვალედ იქნა აღსრულებული ჩვენი უფლის განკაცებით (...);

ის აღსრულდება მეორედ კიდევ უფრო ბრწყინვალედ, როდესაც ამ პატარა სამეფოში (საქართველოში) მოვა კეთილდღეობა და მზისქვეშეთის ყველა სახელმწიფოები და ძალაუფლებანი, დიდნი და პატარანი, მის ფერხთა წინაშე გაერთხმებიან“ (გ.5886).

თვით „რუსეთი, რომელიც ამჟამად დიდად არის განვრცობილი და ამპარტავნებს თავის დიდებულებით, განიძარცვება იმ რეგიონებისა და უცხო სამეფოებისაგან, რომლებიც მან შეიერთა; დამცირებული, იგი იქნება შემოფარგლული მხოლოდ საკუთარი საზღვრებით“ ($.5843).

თავისი სიხარბისა და სხვა ცოდვებისათვის რუსეთი დაისჯება. მისი დიდება და სიძლიერე კიდევ მხოლოდ მცირე დროით გაგრძელდება; ის დაეცემა და თავის დაცემულ მდგომარეობაში გამოჩნდება „უბადრუკი, საწყალობელი, გლახაკი, ბრმა და შიშველი“, როგორც უფალმა იწინასწარმეტყველა ლაოდიკია-რუსეთის ეკლესიისადმი ეპისტოლეში. ($.5958).

მამა კირილე აკრიტიკებდა რუსეთის იმპერიას და ყველას, ვინც რუსეთის იმპერიას თვლიდა ქრისტიანთა მხსნელად. თავისი მოხსენების შენიშვნებში ასტერიოს არგირიუ წერს:

ტექსტში:

კირილე „უტევს მათ, ვინც თეოდორიტე იანინელის მსგავსად, ელოდებიან დახმარებას რუსეთიდან და მესიანურ მისიას აკუთვნებენ რუსეთის მეფეს“. 26

შენიშვნებში:

26 - კირილე ხშირად უბრუნდება ამ თემას, რადგან იგი უნდა დაუპირისპირდეს ძლიერ ეთნიკურ-რელიგიურ მოძრაობას და აგრეთვე ხელიდან არ უშვებს არც ერთ შესაძლებლობას რათა დაგმოს რუსეთის პოზიციები ზნეობრივ და პოლიტიკურ სფეროებში.

(ჩვენი შენიშვნა: - თეოდორიტე იანინელი იყო ცნობილი რუსოფილი. - გ. მ).

ტექსტში

კირილე „უტევს ალექსანდრე იფსილანტის და მის არმიას, რომელიც მოლდავეთში თურქების არმიაზე უარესად იქცეოდა“. 28

შენიშვნებში

28 - ალ. იფსილანტისა და მის არმიას კირილე უძღვნის მთელ გვერდს (§5898), სადაც იგი გმობს მათ ძალადობას მოლდავეთის მოსახლეობის მიმართ და მათ უზნეო ქმედებებს.

(ჩვენი შენიშვნა - ალექსანდრე იფსილანტი (უმცროსი, 1792-1828 წწ.), ალექსნდრე იფსილანტი (უფროსის) ვაჟი იყო ბერძენი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, იმპერატორ ალესანდრე I-ის ადიუტანტი. მართალია საბერძნეთისთვის ის გმირია, თურქებთან მებრძოლი, მაგრამ ისტორიკოსები აღნიშნავენ მის პატივისმოყვარეობას, მედიდურობას, საბერძნეთის მეფობაზე ოცნებას. მოლდოველებისათვის ის მტარვალია. სასტიკად ეპყრობოდა უბრალო მოსახლეობას ვლახეტ-მოლდოვეთში, ძარცვავდა მდიდრებს, არიგებდა არარსებულ ტიტულებს, როგორც მომავალი ხელმწიფე. ისე ღიად და საშინლად იქცეოდა რუსეთის იმპერიის დახმარების იმედით, რომ იმპერატორი ალექსანდრე I იძულებული გახდა გამოჯვნოდა მას. იფსილანტი ამტკიცებდა, იმპერატორის ეს ნაბიჯი მხოლოდ დიპლომატიააო (ალბათ ასეც იყო, გვახსოვს რა ალექსანდრე I-ის ვერაგობა და მსახიობობა მამამისის მკვლელობასთან დაკავშირებით, როცა „გაემიჯნა“ შეთქმულებს, მამამისის მკვლელებს და გადაასახლა). კონსტანტინოპოლის წმინდა მოწამე პატრიარქმა გრიგოლ V-მ (პატრიარქი 1797-1798, 1806-1808, 1818-1821 წწ. 1821 წ. ოსმალებმა ჩამოახჩვეს) კი იფსილანტი ეკლესიიდან განკვეთა. თუმცა, ისტორიკოსები თვლიან, რომ პატრიარქმა ის განკვეთა, რათა გადაეჩინა ოსმალეთის ბერძნული მოსახლეობა თურქთა შურისძიებისაგანო. - გ. მ).

ტექსტში

„ ბოლოს, (კირილე) დიდ სიმკაცრეს იჩენს მართლმადიდებელი რუსეთის მიმართ, რომელიც რუსეთ-თურქეთის ყველა ომში მიზნად ისახავდა არა მართლმადიდებლების გათავისუფლებას, არამედ საკუთარი ძალაუფლების გაზრდასა და განმტკიცებას“. 29

შენიშვნებში

29 - (კირილე) წერს : „ჩვენ დავინახეთ და ყოველდღე ვხედავთ, რომ რუსეთის ყველა მმართველები დიდნი და მცირენი, გენერლები და ბატალიონის მეთაურები, უგნურ პირუტყვებზე უარესად იქცევიან, რომ ისინი მუსულმანებზე უფრო საშინელ უსამართლობებს სჩადიან, რომ ათეისტ ფრანგებზე უფრო უღმერთონი არიან, მოკლედ ყოველთვის იქცევიან, როგორც ათეისტები და უწესო ხალხი“ (§5942).

„თვით მართლმადიდებელი რუსეთიც კი ჩვენს გასათავისუფლებლად კი არ იბრძვის, არამედ თავისი ძალაუფლების, სიმდიდრისა და დიდების გამრავლებისათვის“ (§191).

„როდესაც ისინი (რუსები) იარაღს იღებენ მეძავის (თურქების) წინააღმდეგ, ეს იმისათვის, რომ ჩვენ (მართლმადიდებლებს) დაგვადგან კიდევ უფრო მტანჯველი, მძიმე და დამამცირებელი მონობის უღელი“ (§4440).

. . .

ვფიქრობ, მკითხველმა კარგად დაინახა ბერძენი ბერის კირილე ლავრიოტისის დამოკიდებულება რუსეთის იმპერიისადმი. . . .

თუ კარგად დავაკვირდებით, მამა კირილეს მიერ მეცხრამეტე საუკუნეში ნაწინასწარმეტყველები, უფრო სწორად, აპოკალიფსის განმარტებისას გაცხადებული, მწარედ აუხდა რუსეთს -

ქართლ-კახეთის სამეფოს გამაუქმებელი რუსეთის იმპერატორი პავლე I მოაკვლევინა შვილმა, ალექსანდრე I-მა. ალექსანდრე I-მა გააგრძელა მამის საქმე, საქართველოს დაპყრობა და... გადაეგო უძეოდ. პავლე I-ის მკვლელობაში მონაწილეობას იღებდა ქართველი კაცი, გვარად იაშვილი.

ალექსანდე I-ის ძმის შვილი (პავლეს შვილიშვილი) მოკლეს.

გავიდა დრო და ამოწყვიტეს რუსული სამეფო ოჯახი მთლიანად, შეწყდა რომანოვთა მამრობითი სამეფო შტო.

რუსეთი მართლაც „განიძარცვა დაპყრობილი რეგიონებისაგან“, რომლებიც მას მამა კირილეს დროს ჰქონა: ფინეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ბელორუსი, პოლონეთი, უკრაინა, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და შუა აზიის ქვეყნები.

მომავალში რუსეთს უარესი დაემართება, თუ არ გაითვალისწინებს მამა კირილეს შეგონებებს: „დამცირებული იგი იქნება შემოფარგლული მხოლოდ საკუთარი საზღვრებით, ის დაეცემა და თავის დაცემულ მდგომარეობაში გამოჩნდება „უბადრუკი, საწყალობელი, გლახაკი, ბრმა და შიშველი“, როგორც უფალმა იწინასწარმეტყველა ლაოდიკია-რუსეთის ეკლესიისადმი ეპისტოლეში - მამა კირილეს სიტყვებს გვიამბობს ასტერიოს არგირიუ.

საქართველო კი, ბერძენი ბერის წინასწარმეტყველებისამებრ, აღდგა. მართალია, დღეს ძალიან უჭირს ჩვენს სამშობლოს, მაგრამ მომავალში იგი დიად მისიას შეასრულებს მთელ მსოფლიოში. რუსეთი, კი, რომელიც არ იშლის საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას, მსხვერპლი გახდება საკუთარი მმართველების ცოდვებისა.

თუმცა, ჩემი აზრით, გამოსწორების შემთხვევაში, თუ რუსეთი ქრისტიანულ გზას დაადგება, აღიარებს და მოინანიებს საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, შეიძლება გადარჩეს.

გარდა ამისა, კირილე ლავრიოტისის ეგზეგეზის მიხედვით ქართველი ხალხი არის ღვთის რჩეული, საქართველო „ახალი იერუსალიმია“. იბერიაში აღდგება ბაგრატიონთა სამეფო ტახტი. ახალგაზრდა ქართველი მეფე, "რომელსაც გვირგვინს დაადგამს იბერიის ეპისკოპოსი (პატრიარქი) და რომელიც ღვთის წინასწარგანზრახვით უწინარეს ყოველთა საუკუნეთა იყო მოწოდებული მეფობისათვის, გახდება „უფრო დიდებული მეფეთა მეფე და უფალთა უფალი“. „და ამ ორი მეუფის მმართველობის ქვეშ მყოფი“ მორწმუნე ხალხი „იქნება და მას ეწოდება წმინდა ერი, სამეუფო სამღვდელოება და რჩეულთა ერი“ „და თქვენს დედაქალაქს ეწოდება ახალი იერუსალიმი“ (ხაზი ჩემია. გ. მ). პატრიარქი იზრუნებს სულიერებაზე, მეფე კი ღვთის ერის სამოქალაქო მმართველობაზე.

საქართველოში, წმიდათა ათასწლოვანი მეფობისას იბატონებს სახარებისეული სამართლიანობა, მორწმუნეთა მმართველობა განხორციელდება სიბრძნითა და ღვთის სამართლის მიხედვით. პატრიარქი გარშემორტყმული იქნება წმინდა სინოდით და მეფე კი ბრძენთა, ერისკაცთა და სასულიერო პირთა საბჭოთი. ამგვარად, უსამართლობა, ამბოხება და საიმპერატორო დინასტიის შეცვლა საქართველოში არ მოხდება. ამგვარ დასკვნამდე მივიდა კირილე ლავრიოტისი იოანეს გამოცხადების ოცდათორმეტწლიანი კვლევის შედეგად.

იოანეს გამოცხადების, აპოკალიფსის, კირილე ლავრიოტისისეული ეგზეგეზა, რომელსაც ვუწოდეთ "წინასწარმეტყველება საქართველოს შესახებ", კიდევ მრავალმხრივ საინტერესოა ქართველებისათვის.

ამ მოხსენების წაკითხვა კიდევ უფრო მართლმადიდებელს და პატრიოტს გაგვხდის. ყველა ქართველი საქართველოსადმი პროფეტული ოპტიმიზმით უნდა განეწყოს.

გთავაზობთ ასტერიოს არგირიუს მოხსენებას, რომელიც წაიკითხა თბილისის უნივერსიტეტში.

ასტერიოს არგირიუ

ქართველი იმპერატორი აღმოსავლეთის მართლმადიდებელი იმპერიის აღორძინებისათვის

კირილე ლავრიოტისის, რომელიც წარმოშობით ქ. პატრადან1 იყო, აპოკალიფსის ეგზეგეზას (განმარტებას) სამი განსაკუთრებული დამახასიათებელი ნიშანი აქვს: ეს არის ყველაზე ვრცელი მართლმადიდებლური კომენტარი, რომელიც არსებობს ბერძნულ ენაზე; მისი ავტორი წარმოჩნდება, როგორც წმიდათა ათასწლოვანი მეფობის ყველაზე დარწმუნებული დამცველი, რომლის სრულ აღწერასაც იგი ახორციელებს; ეს არის ერთადერთი ეგზეგეზა, რომელიც აიგივებს ფილადელფიის ეკლესიას იბერიის ეკლესიასთან.

ამ ნაშრომზე კირილე მუშაობდა 1792 წლიდან 1826 წლამდე. ე. ი. ოცდათორმეტი წლის განმავლობაში თერთმეტჯერ დაწერა და გადაწერა იგი. ჩვენთვის მხოლოდ მეთერთმეტე ვერსიაა ცნობილი2. იგი შედგება 5256 ხელნაწერი გვერდისაგან, რომელიც რვა ტომად არიან აკინძულნი3; აღნიშნული ვერსია შედგენილი იყო 1817 წლის 11 ივლისსა და 1821 წლის 30 მაისს შორის. უფრო მოგვიანებით, 1825-26 წლებში კირილემ გადაიკითხა თავისი კომენტარი და შეიტანა შესწორებები გვერდების მინდორზე ჩამატებული ტექსტისა თუ სხვადასხვა ადგილას მიკრული ქაღალდის პატარა ნაჭრებზე დაწერილი შენიშვნების სახით. როგორიც არ უნდა იყოს მისი საღვთისმეტყველო თუ ჰერმენევტიკული ღირებულება, ჩვენი ბერის ეგზეგეზა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ წყაროს იმ მოვლენებისა და იდეოლოგიური ტენდენციების კვლევისათვის, რომელთაც ადგილი ჰქონდათ 1821 წლის დამოუკიდებლობის ომის დაწყებამდე ორმოცდაათი წლის განმავლობაში და აღნიშნული ომის პირველ თვეებში4.

ავტორის შეხედულებები წმინდა ათასწლოვანი მეფობის შესახებ გაბნეულნი არიან კომენტარის მთელ ტექსტში. მიუხედავად ამისა, კირილე გრძნობს აუცილებლობას, რომ შედგენილი იქნეს ცალკე ტექსტი, მისი სიტყვა წმიდათა ათასწლოვანი მეფობის შესახებ. სიტყვა დაიწერა 1821 წელს, ე. ი. ეგზეგეზას მეთერთმეტე ვერსიის დასრულების შემდეგ. იგი ყველაზე ვრცელია.

ეგზეგეზას მერვე ტომში შემავალ თორმეტ სიტყვას შორის5. 120 ხელნაწერ გვერდზე წარმოდგენილი ტექსტი არა მარტო კრებს და ახარისხებს კომენტარში წარმოდგენილ ავტორის იდეებს, არამედ ახორციელებს სხვა მოვლენების განმარტებასაც.

სიტყვა წმიდათა ათასწლოვანი მეფობის შესახებ მრავალი დეტალით, გამეორებებითა და ბუნდოვანებით აღწერს მომავალ აღმოსავლურ მართლმადიდებლურ იმპერიას: მისი დაარსების დროსა და საშუალებას, მოწყობასა და მმართველობას, მის ბუნებასა და დასასრულს6. ჩემთვის ცნობილი წყაროებიდან, აღნიშნული ტექსტი წარმოადგენს ყველაზე უფრო დეტალურ და შესაძლებელია, ყველაზე უფრო სრულ აღწერილობას მართლმადიდებელი ერების მმართველობისა მუსულმანებისა და პაპისტების ბატონობის გაქრობის შემდეგ. მაგრამ ყველა სხვა მნიშვნელობაზე უფრო მეტად მის მთავარ ინტერესს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი გულწრფელობითა და სისავსით გამოხატავს იმ ეპოქაში გავრცელებულ იდეოლოგიურ, ეთნიკურ-რელიგიურ და სახალხო მოძრაობის მწუხარებებს, იდეებსა და იმედებს.

„გლახაკი მეფე, რჩეული ღვთისა", რომელიც მოვა დამონებული მართლმადიდებელი ერების მუსულმანური და პაპისტური ტირანიისგან გასათავისუფლებლად, იქნება წარმოშობით ქართველი. 1821 წელს კირილე ვერ დაწერდა ამ მოვლენებისადმი მიძღვნილ ოც გვერდს ($.1871-1892), უფრო ადრე, 1817 წელს, რომ არ შეედგინა ორმოცდაათ გვერდიანი ტექსტი ($.882-957) - ფილადელფიის ეპისკოპოსისადმი ეპისტოლეს განმარტება, სადაც იგი ნათლად და კატეგორიულად აიგივებს ფილადელფიის ეკლესიას იბერიის ეკლესიასთან. წარმოდგენილ მოხსენებაში ჩვენი ინტერესი მიმართულია ამ ორი საკითხის შესწავლისადმი: ფილადელფიის ეკლესიის გაიგივება საქართველოს ეკლესიასთან და გლახაკი მეფის გაიგივება საქართველოს სამეფო ოჯახის წარმომადგენელთან. მე ვიფიქრე, რომ ეს იქნებოდა ყველაზე მშვენიერი საჩუქარი, რომლის მიძღვნასაც შევძლებდი ჩვენი ქართველი კოლეგებისათვის მათი ძმური მასპინძლობის სანაცვლოდ. გარდა ამისა, მოცემული საკითხი შედის ჩემს კომპეტენციაში და ჩემი მეცნიერული ინტერესების სფეროში.

მიუხედავად ამისა, საკითხის კვლევა წარმოადგენს დიდ და ხშირად გადაულახავ სიძნელეებს, რადგან იგი ორ მნიშვნელოვან დაბრკოლებას აწყდება: ერთის მხრივ, ავტორის მიერ გამოყენებული რთული ეგზეგეტიკური მეთოდი და მეორეს მხრივ, წყაროები, საიდანაც აღებულია ის ისტორიული ელემენტები, რომლებსაც ეფუძნება ზემოთაღნიშნული გაიგივება, რომელიც უნიკალური მოვლენაა ბერძნულ ეგზეგეტიკურ ტრადიციაში. ჩემთვის გამოყოფილი დრო ნებას არ მაძლევს დაწვრილებით განვიხილო დეტალები და ვრცლად წარმოგიდგინოთ თემა, ამიტომ შევეცდები შეძლებისდაგვარად ნათლად და ზუსტად აღვწერო კირილეს ესქატოლოგიური ნაააზრევი და მისი ეგზეგეტიკური მოღვაწეობა. აგრეთვე შესაძლებლობა მექნება წარმოვაჩინო უფრო სრული კვლევის ზოგიერთი მიმართულებები, რომელიც უნდა განხორციელდეს მოგვიანებით, თუ შესაძლებელი იქნება, ქართველი მკვლევარის (ან მკვლევარების) მიერ, რომელიც იქნება ბერძნული ენისა და პალეოგრაფიის კარგი მცოდნე და შესაბამისი დონის ისტორიკოსი და ღვთისმეტყველი.

თავის ჰერმენევტიკულ ნაშრომში კირილე იყენებს მეთოდს, რომელიც არის როგორც კომპლექსური, ასევე რთული, მეთოდს, რომელიც არის ხან მორიგეობით და ხან ერთდროულად სიტყვა-სიტყვითი, ალეგორიული, ანალოგიური და ისტორიული ეგზეგეზა. ხშირად მისი შენიშვნები ერთი სიტყვის ბგერით ფორმასა და აზრობრივ შინაარსზე აღნიშნულ მეთოდს აახლოვებენ თანამედროვე სემიოტიკის მეთოდთან. კირილეს მიერ გამოყენებული მეთოდი წარმოჩნდება როგორც გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ჩვენი თემისათვის. მართლაც, მხოლოდ ასეთი მეთოდი, ე. ი. კომბინირება და შერევა მრავალი მეთოდებისა, აძლევს მას საშუალებას, მიაღწიოს აპოკალიფსის წიგნის პირად ინტერპრეტაციას. უფრო მეტი განვრცობისათვის მოვიტან სამ მაგალითს ფილადელფიის ეკლესიის მიმართ ეპისტოლედან. ასე მაგალითად, კირილე ხანგრძლივად განმარტავს განსაზღვრებების წმიდასა და ჭეშმარიტის (გამოცხ. 3, 7) მნიშვნელობას, სადაც ეს განსაზღვრებები ბუნებრივად არიან მიკუთვნებულნი ქრისტესადმი, როგორც უპირატესად წმიდისა ჭეშმარიტისადმი. შემდგომ იგივე განსაზღვრებები ალეგორიულად და ანალოგიით მიკუთვნებული არიან ფილადელფია-იბერიის ეკლესიის ეპისკოპოსისადმი, რადგან აგრეთვე ის, როგორც ქრისტე, ფლობს კლიტეს დავითისას, რომლითაც ის განაღებს და ვერავინ დახშას. ეს მეორე ინტერპრეტაცია მას საშუალებას აძლევს შეუდგეს ისტორიულ ეგზეგეზას და მიაკუთვნოს იბერიის სამეფოსა და ეკლესიას წმიდათა ათასწლოვანი მეფობის დამფუძნებლისა და ხელმწიფის ესქატოლოგიური როლი ($.885-894). იგივე მეთოდი არის გამოყენებული იერუსალიმის შესახებ (გამოცხ. 3, 12) განმარტებისათვის. ამგვარად, ძველი იერუსულიმი მორიგეობით ნიშნავს ძველი აღთქმის იერუსალიმს, მუსულმანების მიერ დაპყრობილ იერუსალიმს და ზოგადად, ისტორიული პერიოდისას. ახალი იერუსალიმი კი ნიშნავს ახალი აღთქმის იერუსალიმს და წმიდათა ათასწლოვანი მეფობის იერუსალიმს, როგორც ზეციური და საუკუნო ქალაქის წინახატს. ბოლოს, განღებული კარისა და დავითის კლიტეს მეტაფორების შესახებ მსჯელობისას, კირილე ნათლად განასხვავებს ბგერით ფორმასა და აზრობრივ შინაარსს, სადაც აზრობრივი შინაარსი აღნიშნავს ღვთის მიერ საქართველოს პატარა სამეფოსათვის მინიჭებულ ხელმწიფებასა და სიძლიერეს ($.895-908).

აუცილებელი წინასწარი შენიშვნების შემდეგ ვნახოთ, თუ როგორ ახერხებს ჩვენი ეგზეგეტი ასეთ გამბედავ განმარტებას იბერიის შესახებ, განმარტებას, რომელიც აბსოლუტურად უცხოა ბერძნული ეკზეგეტიკური ტრადიციისათვის7.

1. უპირველეს ყოვლისა, კირილე შენიშნავს, რომ ფილადელფიის ეკლესის ანგელოზის მიმართ ეპისტოლეს უკავია მეექვსე ადგილი სარდიკია-ანტიოქიის ეკლესიის მიმართ ეპისტოლეს შემდეგ და ლაოდიკია-რუსეთის ეკლესიის მიმართ ეპისტოლეს წინ. მართლაც, იბერიამ მიიღო ქრისტიანობა ანტიოქიის შემდეგ და რუსებზე ადრე, კონსტანტინე დიდის მეფობისას, "ღვთისნიერი ქალის წყალობით" ($.831).

2. იგი აგრეთვე შენიშნავს, რომ ფილადელფიის ეკლესია არის ერთადერთი შვიდ ეკლესიას შორის, რომლისთვისაც "დაწნულია დიდების გვირგვინი და რომელსაც ეძღვნება დიდი ქება და კეთილი აღთქმები". მართლაც, ქრისტიანულ ეკლესიებს შორის მხოლოდ იბერიის ეკლესიას არ გადაუხვევია არასოდეს მართლმადიდებლური დოგმებიდან და ტრადიციებიდან, არასოდეს მოპყრობია უყურადღებოდ სახარებისეულ ზნეობრივ სათნოებებს და არასოდეს განუცდია არამართლმადიდებელი თუ ურწმუნო, უცხო ძალის ბატონობა ან უარყოფითი გავლენა ($.831). სწორედ ამ ორ ელემენტს (ეპისტოლეს ადგილმდებაროება და შინაარსი) მიჰყავს კირილე ორი ეკლესიის გაიგივებსთან. შემდეგ, რა თქმა უნდა, ეგზეგეტი იპოვის სხვა "დამახასიათებელ ნიშნებს", რომლებიც განამტკიცებენ და მისი აზრით, უეჭველს გახდიან აღნიშნულ გაიგივებას.

3. ასე, მაგალითად: თურქების უღლის ქვეშ მყოფი ბერძნებისადმი ქართველების მიერ გამოხატული კაცთმოყვარული დამოკიდებულების გამო იბერიას ეწოდა ფილადელფია, უფრო გულწრფელი და მტკიცე დამოკიდებულებისა ვიდრე რუსების მიერ იყო გამოხატული ($.882, 883).

4. სტეფანეს ლექსიკონის მიხედვით, აღმოსავლეთში სამი ქალაქი ატარებს ფილადელფიის სახელს. ეს გარემოება გულისხმობს იბერიის დაყოფას სამ სამეფოდ: იმერეთი, ქართლი და კახეთი ($.882).

5. ეპისტოლეში დგას განღებული კარისა და დავითის კლიტეს საკითხი. განღებული კარი ნიშნავს, რომ `კონსტანტინე დიდის მეფობიდან ჩვენს დრომდე მათი პატარა სამეფო ქრისტემ გაზარდა დიდ სახელმწიფოდ და ვერც ერთმა სახელმწიფომ, უძველესმა, შუასაუკუნეობრივმა თუ თანამედროვემ, ვერასოდეს მოახერხა მასზე ბატონობა {...}, მაშინ როდესაც მისი უღმერთო და ბოროტმოქმედი მტრები იყვნენ ძალიან მრავალრიცხოვანნი, კარგად შეიარაღებულნი და მამაცნი, მსგავსნი ველური მხეცებისა“ ($.883).

6. რაც შეეხება დავითის კლიტეს, კირილე მას ადარებს ქართველი მეფეების უძველეს ტრადიციას ეტარებინათ დიდი მეფეებისა და წინასწარმეტყველების, დავითისა და სოლომონის სახელები, როგორც ამასვე გვამცნობს იერუსალიმის პატრიარქის, ქრისანთოს ნოტარასის სინტაგმატიონი.

7. უფრო მეტიც, განღებული კარისა და დავითის კლიტეს საშუალებით "წმინდა იოანეს სურდა განეცხადებინა (ეწინასწარმეტყველა) ერთის მხრივ, ქრისტიანული სარწმუნოების მტრების დამარცხება, ხოლო მეორეს მხრივ, დამონებული მართლმადიდებლების აღორძინება (გათავისუფლება) და მათი მძლავრი და დაუმარცხებელი სახელმწიფოს აღდგენა, რომელიც ათას წელს იარსებებს ($.883).

სხვა გვერდზე კირილე მშვენივრად გადმოსცემს ფილადელფიის ეკლესიისადმი ეპისტოლეს საკუთარ ისტორიულ ინტერპერტაციას. ის წერს, რომ ფილადელფიის ეკლესიის ეპისკოპოსისადმი მიმართული ეპისტოლე მოთავსებულია აპოკალიფსის წიგნის მე-3 თავის 7-13 მუხლებში. აღნიშნული შვიდი მუხლიდან პირველ ექვს მუხლში სულმან წმიდამ ალეგორიულად გადმოსცა საქართველოს მთელი ისტორია და მიანიშნა იმ ესქატოლოგიურ როლზე, რომლისთვისაც ის არის მოწოდებული. მე-7 მუხლით სული წმიდა მოძღვრავს ქართველებს, მიბაძონ ქრისტეს სიწმიდეს და განეშორონ მუსულმანების ბოროტმოქმედებას; მე-8 მუხლი შეიცავს ქართველების ისტორიას მათი გაქრისტიანებიდან წმიდათა ათასწლოვან მეფობამდე. მე-9 მუხლი ეხება მუსულმანების ბატონობის პერიოდს, კერძოდ, მუჰამედის გამოჩენიდან კონსტანტინოპოლის დაცემამდე და კონსტანტინოპოლში ოტომანების დაფუძნებიდან მათი ტირანული იმპერიის სრულ განადგურებამდე; მე-10 მუხლი შეიცავს ქრისტეს დამოძღვრას ქართველებისადმი, რომელიც მათ მოუწოდებს იყვნენ უშიშარნი და არავითარი კავშირი არ იქონიონ არც ბოროტმოქმედ მუსულმანებთან, არც უგუნურ მწვალებლებთან (ლუთერანები და კალვინისტები), არც ხარბი და ანგარებიანი მართლმადიდებელი მეფეების სიცრუესთან (რუსები); ბოლოს მე-12 მუხლში ქართველებისა და სხვა ყველა მართლმადიდებელი ეკლესიების მორწმუნეებისათვის აღთქმულნი არიან უდიდესი ჯილდოები ($.884).

ბრწყინვალე ისტორიული გზა და განსაკუთრებული ესქატოლოგიური როლი, რომლისთვისაც მოწოდებულნი არიან ქართველები, წარმოადგენენ ღვთის ჯილდოს მათი შეურყეველი ქრისტიანული რწმენისა, მართლმადიდებლობისადმი მოშურნე ერთგულებისა და სახარებისეული დიდი სათნოებისათვის ($.902-905, 927, 945).

ქართველების ძირითად დამსახურებებსა და დამახასიათებელ ნიშნებს შორის კირილე ჩამოთვლის შვიდს, იგივენაირად, როგორც ისინი წარმოჩნდებიან ფილადელფიის ეკლესიისადმი ეპისტოლეში. ასე რომ, ჩვენი ბერის მიხედვით, ეპისტოლეში ვხედავთ:

"1. რომ ეს სამეფო არის მცირე თავისი სიძლიერისა და ტერიტორიის მიხედვით;

2. რომ ის აღსააარებს აღმოსავლეთის ეკლესიის მართლმადიდებლურ სარწმუნოებას;

3. რომ მისი მეზობლები ცდილობენ, აიძულონ უარყოს თავისი რწმენა;

4. რომ იგი ცხოვრობს ზედმიწევნით სწორად ქრისტიანული ზნეობრივი კანონების მიხედვით;

5. რომ იგი თავისუფალია მუსულმანების ყოველგვარი ბატონობისა და გავლენისაგან;

6. რომ მან არ განიცადა არავითარი ვნება მეზობელი ხალხებისაგან, რომლებიც ყველა საშუალებით ცდილობენ, მატერიალურად და სულიერად დააზიანონ იგი;

7. რომ იბერიის ეკლესიას, რომელმაც ხელშეუხებლად დაიცვა თავისი ქრისტიანული სარწმუნოება და ზედმიწევნით სწორად იცხოვრა სახარებისეული ზნეობრივი სათნოების მიხედვით, ღმერთი იფარავს და განაშორებს მისგან ყველა მტერს". თითქოს ქრისტე ამბობდა: "ვიცი, რომ შენი ძალი მცირეა; ვიცი, რომ დაიმარხე ჩემი სიტყვა; ვიცი, რომ არ უარყავი ჩემი სახელი, ამიტომ მოგეცი კარი განღებული, რომელსაც ვერავინ დახშავს" ($.901).

კირილეს მიხედვით, იბერიის სახელმწიფოს ისტორიული დანიშნულების სიმბოლოა კარი განღებული, ხოლო დავითის კლიტე აღნიშნავს მის ესქატოლოგიურ როლს. ამ ადგილას ($.883 და სხვაგან) ჩვენი ეგზეგეტი პარალელს ახდენს გამოცხ. 3, 8-სა და ისაია 22, 20-25-ს ღრმად მესიანურ ტექსტს შორის. ამ უკანასკნელზე იყო დაფუძნებული მთელი ბიზანტიური და პოსტ-ბიზანტიური ესქატოლოგიური ლიტერატურა ღვთის რჩეული გლახაკი მეფის შესახებ8. ამ ტექსტში იაჰვე წარმოჩნდება როგორც თავისი მსახურისათვის დიდებისა და დავითის სახლის კლიტეს მიმნიჭებელი, მისთვის ძალაუფლების მიმცემი და დიდების ტახტზე დამადგინებელი. სხვა ადგილას კირილე წერს ($.900): "აქედან გამომდინარეობს, რომ აღმოსავლეთში მხეცის სრული დამარცხების შემდეგ, იბერიიდან წარმოიმართება ხელმწიფე და მეფე, რომელიც მართავს მორწმუნეებს, უფლის ჭეშმარიტი გზით ატარებს მათ და ამავე დროს ჩაშლის მტრების მზაკვრობებსა და მრავალრიცხოვან ხაფანგებს". მაჰმადიანური მხეცის სრული დამარცხება მოხდება ღვთის მიერ დანიშნულ ჟამს ($.924), როდესაც უფლის მიერ დანიშნული ჟამი მოვალს, მაჰმადიანები მრავალრიცხოვანი ჯარით შეუტევენ პატარა იბერიას, მაგრამ "ღვთის ძალით დაცული" მართლმადიდებელი ქართველები გაანადგურებენ ურწმუნოებს და "სრულ და საუკუნო დავიწყებას მისცემენ მათ ტირანიას მთელ აღმოსავლეთში" ($.920). ამგვარადვე განადგურდებიან ანტიქრისტეს ყველა სხვა ძალები და ასე დაარსდება წმიდათა ათასწლოვანი მეფობა, მსოფლიო მართლმადიდებლური და მესიანური იმპერია, რადგან ყველა სხვა მმართველობა და ძალაუფლება გაქრება. შემდეგ მართლმადიდებელი სარწმუნოების მისაღებად მოვლენ „მთელი ებრაელები, მუსულმანთა დიდი რიცხვი, პაპისტები, ზოგიერთი ათეისტი და ვოლტერის მიმდევარი“ ($.947).

ისინი, ვინც მოისურვებენ თავისი უღმერთობისა ან მცდარი სარწმუნოებისადმი ერთგულებას, მეგობრობისა და მოკავშირეობის სათხოვნელად მიმართავენ ახალ მართლმადიდებელ ხელმწიფეს და დაემორჩილებიან მას, როგორც ვასალები და სახელმწიფოს მართლმადიდებელი მოქალაქეების მსახურები ($.916-918).

ქართველი ხელმწიფის მისია, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის შურისმაძიებლისა ანტიქრისტეს ერებისა და მათი მმართველების წინააღმდეგ, წარმოჩნდება აპოკალიფსის ყველა ხილვებში, სადაც ჩვენ ვხედავთ ანგელოსს, რომელმაც "დასთხია ლანკანი თვისი მდინარესა ზედა დიდსა ევფრატისასა" (გამოცხ. 16, 12), "და მიჰყო... მანგალი თვისი ქუეყანასა და მომკო ქუეყანა" (გამოცხ. 14, 16), "მოჰკრიბა ვენახი ქუეყანასა და შთადგა საწნეხელსა მას დიდსა გულის წყრომისა ღმრთისასა" (გამოცხ. 14, 19), რომელსაც "აქუნდა კლიტე უფსკრულისა და ჯაჭვი დიდი ხელსა მისსა. და შეიპყრა ვეშაპი იგი და გუელი დასაბამისა, რომელ არს ეშმაკი და სატანა, და შეჰკრა იგი და დაბეჭდა მას ზედა, რათა არღარა აცთუნებდეს წარმართთა მერმე, ვიდრე აღესრულოს ათასი წელი" (გამოცხ. 20, 1-3), რომლის მიერაც "შეპყრობილ იქმნა მხეცი იგი და მისთანა ცრუ-წინასწარმეტყველი იგი, რომელმან ჰქმნნა წინაშე მისსა სასწაულნი, და რომლითა აცთუნნა იგინი, რომელსა მიეღოს ბეჭედი მხეცისა და თაყუანის-ჰსცეს ხატსა მისსა. და ცოცხლივ შთავარდეს ორნი იგი ტბასა მას ცეცხლისასა, რომელი იგი იწვების წუნწუბითა" (გამოცხ. 19, 20)9.

ყველა ხილვა, რომელიც აპოკალიფსში ეხება მორწმუნეების საბოლოო გამარჯვებასა და ქრისტეს მეუფების დადგინებას, ჩვენი ავტორის მიერ გაგებული არის როგორც წმიდათა ათასწლოვანი მეფობის მომასწავებელი. ამგვარად ივარაუდება აპოკალიფსის წიგნის მნიშვნელოვანი ნაწილის კავშირი ქართველების ესქატოლოგიურ როლთან10.

ამ ახალ გარემოებაში, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა წმიდათა ათასწლოვანი მეფობის დადგენით, მორწმუნე მეფე "რომელსაც გვირგვინს დაადგამს იბერიის ეპისკოპოსი და რომელიც ღვთის წინასწარგანზრახვით უწინარეს ყოველთა საუკუნეთა იყო მოწოდებული მეფობისათვის" ($.910), "რომელიც არის მორწმუნე მეფეების უძველესი ოჯახის შთამომავალი" ($.5961), გახდება `უფრო დიდებული მეფეთა მეფე და უფალთა უფალი" ($.936) და "მადლით სიტყვა ღვთისა" ($.952); იბერიის ეპისკოპოსს ექნება წოდება და ნამდვილად იქნება "დამოუკიდებელი ეპისკოპოსი მეფედ კურთხევისა და მღვდელმთავრად ხელდასმის უფლებებით"; "და ამ ორი მეუფის მმართველობის ქვეშ მყოფი" მორწმუნე ხალხი "იქნება და მას ეწოდება წმინდა ერი, სამეუფო სამღვდელოება და რჩეულთა ერი" "და თქვენს დედაქალაქს ეწოდება ახალი იერუსალიმი"; ეპისკოპოსი იზრუნებს სულიერ დამწყსაზე და მეფე კი ღვთის ერის სამოქალაქო მმართველობაზე ($.936). წმიდათა ათასწლოვანი მეფობისას იბატონებს სახარებისეული სამართლიანობა, მორწმუნეთა მმართველობა განხორციელდება სიბრძნითა და ღვთის სამართლის მიხედვით. ეპისკოპოსი გარშემორტყმული იქნება წმინდა სინოდით და მეფე კი ბრძენთა, ერისკაცთა და სასულიერო პირთა საბჭოთი. ამგვარად, უსამართლობა, ამბოხება და საიმპერატორო დინასტიის შეცვლა იქ არ მოხდება11.

წმიდათა ათასწლოვანი მეფობის ბუნება, მისი მოწყობა და რელიგიური, სოციალური და პოლიტიკური მმართველობა აღწერილნი არიან კირილე ლავრიოტისის მიერ თავის სიტყვაში. საკითხი ეხება იმპერიას, რომლის შენობის აგებაც შეძლო ჩვენმა ბერმა სხვადასხვა მასალების სესხებით ექატოლოგიური ლიტერატურიდან, ოტომანთა იმპერიის სინამდვილიდან და ევროპელი მოაზროვნეების იდეებიდან ლიბერალური დესპოტიზმის შესახებ.

საკითხი, რომელიც წმიდათა ათასწლოვანი მეფობის შესახებ სიტყვაში განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ჩვენი თემისათვის, არის ნაბუქოდონოროსის მიერ ჩვენებაში ხილული ქანდაკების ინტერპრეტაცია.

საქმე ეხება ბიზანტიურ და პოსტ-ბიზანტიურ ესქატოლოგიურ ლიტერატურაში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გამოყენებულ ტექსტს12. აღნიშნულ ტექსტსა და იბერიის ესქატოლოგიურ როლს შორის პარალელის გავლებით, კირილე ახდენს ახალი და გამბედავი ეგზეგეზის მცდელობას, მიზნად ისახავს რა განამტკიცოს აპოკალიფსის საკუთარი კომენტარი და პასუხი გასცეს მოწინაამდეგეების შენიშვნებსა და დაცინვებს.

ჩვენ შემოვიფარგლებით დანიელის წიგნის 22, 34-35 და 44 მუხლების განმარტებით, რადგან მათ უფრო პირდაპირი კავშირი აქვთ ჩვენს თემასთან ($.5881-5892). "შენ უყურებდი: უცბად ერთი ქვა, ვინმეს ხელშეუხებლად მოწყდა და მოვიდა და დაეჯახა ქანდაკებას {...} და ქვა, რომელიც დაეჯახა ქანდაკებას, გახდა დიდი ქვა და გაავსო მთელი ქვეყანა {...}. ამ მეფეების დროს ზეცათა უფალი დააფუძნებს სამეფოს, რომელიც არასოდეს განადგურდება და ამ სამეფოს სხვა ერი ვერ დაეპატრონება".

ქანდაკების ფეხები, კირილეს მიხედვით, სიმბოლურად ნიშნავს ორ უკანასკნელ იმპერიას, რომლებიც არიან ანტიქრისტეს ორი ძალა, ისლამი და პაპიზმი, რომელთაც აპოკალიფსის მე-13 თავში ორი მხეცი ეწოდებათ: დანიელის ხილვის მთა პირველადი მნიშვნელობით აღნიშნავს ისრაელის თორმეტ ტომს და მეორადი მნიშვნელობით (ანალოგიით) მართლმადიდებელ მეფეებს. ბიზანტიელმა იმპერატორებმა თავისი ღვთისმოშიშების სანაცვლოდ ღვთისაგან მიიღეს მეუფება და ძალი. მაგრამ ისინი განშორდნენ უფლის გზას და ღვთისაგან დაისაჯნენ ($.904, 5895)13.

შემდგომ უფალმა თავისი ძალაუფლება მიანდო რუსეთის მართლმადიდებელ მეფეებს, მაგრამ მათაც გადაუხვიეს ჭეშმარიტ გზას და იწვევენ ღვთის მრისხანებას14. ქვა, რომელიც ვინმეს ხელშეუხებლად მოწყდა მთას, უპირველესად ნიშნავს ქრისტეს და შემდეგ "ყველა მორწმუნეს და აღმოსავლეთის ეკლესიის სარწმუნოების ერთგულ ყველა მორწმუნე სახელმწიფოს". დღეს (1821 წელს) იბერიის ძალიან მცირე სამეფო არის ერთადერთი მორწმუნე სახელმწიფო, რომელიც აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რწმენის ერთგული დარჩა. ამპარტავნებითა და სიხარბით შეპყრობილმა რუსეთის მეფეებმა ხელჰყვეს საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიის დამოუკიდებლობა; "მათ მიიტაცეს მათი გვირგვინი", სხვანაირად რომ ვთქვათ, რუსეთის პოლიტიკურ და საეკლესიო ხელისუფლებას შეუერთეს. ქართველი ხალხი მამაცურად და თავგანწირვით იბრძვის დამოუკიდებლობის აღდგენისათვის და ღმერთი შეეწევა მას ამ საუნჯის მოპოვებაში. ასე რომ, ქვა, საქართველო, მოწყდება მთას, გათავისუფლდება რუსეთის ბატონობისაგან, ვინმეს ხელშეუხებლად, რუსეთის პოლიტიკური და საეკლესიო ინსტანციების გადაწყვეტილებისა და თანხმობის გარეშე. და ეს ქვა გახდება დიდი მთა, რომელიც დაამსხვრევს და მტვრად აქცევს ყველა სხვა სამეფოებს. "ქვამ, ამბობს წმინდა წერილი, დაამსხვრია ქანდაკების რკინისა და გამომწვარი თიხის ფეხები, რომლებიც დაემსგავსნენ ზაფხულში ჰაერში გაბნეულ ბზეს. ეს უდიდესი საიდუმლო პირველად ბრწყინვალედ იქნა აღსრულებული ჩვენი უფლის განკაცებით (...); ის აღსრულდება მეორედ კიდევ უფრო ბრწყინვალედ, როდესაც ამ პატარა სამეფოში მოვა კეთილდღეობა და მზისქვეშეთის ყველა სახელმწიფოები და ძალაუფლებანი, დიდნი და პატარანი, მის ფერხთა წინაშე განერთხმებიან" ($.5886). თვით "რუსეთი, რომელიც ამჟამად დიდად არის განვრცობილი და ამპარტავნებს თავის დიდებულებით, განიძარცვება იმ რეგიონებისა და უცხო სამეფოებისაგან, რომლებიც მან შეიერთა; დამცირებული, იგი იქნება შემოფარგლული მხოლოდ საკუთარი საზღვრებით" ($.5843). თავისი სიხარბისა და სხვა ცოდვებისათვის რუსეთი დაისჯება. მისი დიდება და სიძლიერე კიდევ მხოლოდ მცირე დროით გაგრძელდება; ის დაეცემა და თავის დაცემულ მდგომარეობაში გამოჩნდება "უბადრუკი, საწყალობელი, გლახაკი, ბრმა და შიშველი", როგორც უფალმა იწინასწარმეტყველა ლაოდიკია-რუსეთის ეკლესიისადმი ეპისტოლეში. "ღმერთმა დაგვიფაროს!" ($.5958). ამ ადგილას კირილე ახდენს შედარებას ქვასა, რომელიც გახდა დიდი მთა და ძე წულს, რომელსაც შობს მზით შემოსილი დედაკაცი (გამოცხ. 12, 1-5) შორის. ეს საკითხი მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. კირილე წერს: "ამგვარად, მზით შემოსილი დედაკაცის მიერ შობილი ვაჟი, ორი მოწმის (დამონებული მართლმადიდებლობის სიმბოლოები) დახმარებით, როგორც პატარა ქვა ქანდაკების - ოტომონთა ბრწყინვალე და დიდებული იმპერიის - დამსხვრევის შემდეგ, თავისი ერთგული მსახურის სამეფოს გახდის მთად, რომლის ჩრდილიც ათასი წლის განმავლობაში დაფარავს მთელ ქვეყნიერებას" ($.5876). ეს მცირე ნაწყვეტი, რომელშიც შეკრებილი და დალაგებულია მესიანური და ესქატოლოგიური ლიტერატურის სამი ძირითადი სიმბოლო (აპოკალიფსის ძე წული, ისაიას ერთგული მსახური და დანიელის ქვა, რომელიც გახდა მთა), ყველაზე მოკლედ და მეტყველად გამოხატავს კირილე ლავრიოტისის ნააზრევს, იბერიის ესქარილოგიური როლის მისეულ ხედვას.

აღნიშნული ტექსტების ანალიზის მეთოდი უეჭველად კირილეს ეკუთვნის. მასვე ეკუთვნის ფილადელფიის ეკლესიის იბერიის ეკლესიასთან გაიგივების იდეა. შეიძლება იგივე ითქვას საქართველოს ესქატოლოგიური როლის შესახებ? განა არ შეეძლო ჩვენს ავტორს საიდანმე აიღო ეს იდეა, გაეთავისებინა და "მოვლენათა განვითარების"15 მისეული ხედვისა და ინტერპრეტაციისათვის შეესაბამებინა?

ორმოცდაათიოდე წლით ადრე (1767 ან 1774 წელს) სხვა ბერძენმა ინტელექტუალმა, პანტაზეს ლარისელმა, რომელიც ასევე ბუქარესტში ცხოვრობდა და დაკვირვებისათვის ამ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილიდან იკვლევდა და განმარტავდა მოვლენებს, დაწერა ლეონ ბრძენის კონსტანტინოპოლის გაპარტახებისა და აღორძინების შესახებ წინასწარმეტყველების - ეგზეგეზა16. ის იქ ამტკიცებდა, რომ კონსტანტინოპოლის გამათავისუფლებელი მეფე იქნებოდა ვინმე იურტზისი. ესქატოლოგიური ტექსტების პანტაზესისეული ოთხი კომენტარი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი 1767-1792 წლების რუსეთ-თურქეთის ომებთან და გამოხატავენ ბერძენი ხალხის დიდი ნაწილის ღრმა რწმენას იმის შესახებ, რომ დამონებული მართლმადიდებლობის მომავალი გამათავისუფლებელი იქნება რუსეთის მეფე. ოცი წლის წინ, პანტაზესის17 ეგზეგეზებზე მუშაობისას, გამოვთქვი შეხედულება, რომ შესაძლებელი იყო გავლებულიყო პარალელი უცნობ იურტზისსა და გრიგოლ ორლოვსა ან გიორგი პაპაზოლისს შორის, რადგან ორივემ აქტიური მონაწილეობა მიღეს რუსეთ-თურქეთის ომში და იმ ეპოქის ბერძნულ იდეოლოგიურ მიმდინარეობებში.

დღეს კი იქნებოდა შესაძლებელი, გამოგვეთქვა ჰიპოთეზა გარკვეული სიახლოვის შესახებ პანტაზესის იურტიზისსა და გიორგის შორის, რადგან ეს სახელი 1014 წლიდან კირილეს პერიოდამდე მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოს სამეფო დინასტიასთან?18 სხვანაირად რომ ვთქვათ, შესაძლებელი იქნებოდა გვეფიქრა, რომ პანტაზესმა, როგორც კირილემ, რომელიმე ქართული წყაროებიდან, ქართული ესქატოლოგიური ტექსტიდან, წინასწარმეტყველებიდან, პროგნოსტიკონიდან და სხვ. აიღო აღმოსავლეთის მართლმადიდებელი იმპერიის აღმშენებლობის პერსონაჟი? ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ტექსტები არსებობდნენ და ცირკულირებდნენ. თუ ეს ტექსტები არსებობდნენ, ჩვენი კვლევა უნდა განვითარდეს შემდეგი მიმართულებით: უნდა ვეძიოთ, თუ როგორ შეიტყო ამის შესახებ ჩვენმა ორმა ავტორმა და როგორ შეძლეს ამ ტექსტების შეთავსება განსხვავებულ სინამდვილესთან, ბერძნულ სამყაროსა და ზოგადად მართლმადიდებლობის სინამდვილესთან.

ჩვენი კვლევა სხვა მიმართულებითაც უნდა განვითარდეს. კირილეს მიერ იბერიისათვის მიძღვნილი გვერდები წარმოადგენენ ამ პატარა სამეფოსა და მისი ეკლესიის დითირამბიკულ ქება-დიდებას. ჩვენი ბერის მთავარი იდეა არის შემდეგი: იყვნენ რა ყოველი მხრიდან გარშემორტყმულნი მრავალრიცხოვანი და ძლიერი მტრებით, რომლებიც ყოველთვის ცდილობდნენ დაემორჩილებინათ ისინი და გადაეყვანათ თავიანთ სარწმუნეობაზე, ქართველები ყოველთვის მამაცურად იბრძოდნენ და ღვთის შეწევნით მოიგერიეს მათი მეზობლების თავდასხმები და დაიცვეს მათი პატარა ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, აგრეთვე ხელშეუხებლად დაიცვეს მართლმადიდებლური სარწმუნოება და ზედმიწევნით სწორად იცხოვრეს სახარებისეული ზნეობრივი სათნოებების მიხედვით.

ძველი პერიოდის საქართველოს ისტორიის შესახებ კირილე ზოგად და ბუნდოვან ცნობებს იძლევა19, ხოლო მეფე ერეკლეს დროიდან 1821 წლამდე პერიოდისათვის მისი ცნობები ნამდვილი და ზუსტია20. უნდა ვიფიქროთ, რომ ამ უკანასკნელი პერიოდისათვის მაინც ჩვენს ეგზეგეტს ხელთა აქვს რომელიმე ისტორიული წყარო (ან წყაროები), რომელსაც ის არ იხსენიებს21. ჩემთვის ძნელია დავეთანხმო იმ აზრს, რომ აღნიშნული წყარო (ან წყაროები) იქნებოდა ზეპირი, ე. ი. მომავალი ბუქარესტში მცხოვრები ქართველი ინტელექტუალებისაგან. იძულებულნი ვართ დავუშვათ წერილობითი წყაროს (ან წყაროების) არსებობა, რომელიც იყო თარგმნილი ბერძნულად ან უკანასკნელ შემთხვევაში რუმინულად, რადგან ჩვენი ბერი მხოლოდ ამ ორ ენას ფლობდა. მე ვთქვი „თარგმნილი“, რადგან ჩემი აზრით, ამგვარი იბერიის ისტორიის ავტორი არ შეიძლება ყოფილიყო სხვა ვინმე, თუ არა ქართველი ინტელექტუალური, რომელიც აღსავსე იყო უდიდესი სიყვარულით თავისი ქვეყნისა და მართლმადიდებლობისადმი. მხოლოდ ასეთ დაშვებას შეუძლია გადაწყვიტოს ის პრობლემა, რომელიც ისმება იბერიის შესახებ ჩვენი კომენტატორის აზრის გამო.

მართლაც, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ბერის მიერ დახატული საქართველოს სურათი მთლიანად არ შეესაბამება ისტორიულ სინამდვილეს. ისტორია გვამცნობს, რომ იბერიის სამეფოები ხშირად იყვნენ სპარსელების ან თურქების მოხარკეები; ისინი დებდნენ ხელშეკრულებებს ოტომანებთან, ირანელებთან და რეგიონის სხვა სასულთნოებთან; ზოგიერთი მეფე და ქართველი წარჩინებულები ცხორობდნენ მუსულმანი მეფეების კარზე; ზოგიერთებმა მუსულმანობაც კი მიიღეს; ისინი ეძებდნენ პაპისა და დასავლეთის ქვეყნების მოკავშირეობას; ზოგიერთმა ქართველმა ინტელექტუალმა და წარჩინებულებმა შემოიტანეს, ან უნდოდათ შემოეტანათ ევროპელი განმანათლებლების იდეები თავიანთ ქვეყანაში, ფილადელფიის ეკლესიასთან იბერიის ეკლესიის გაიგივება და ქართველთა ამაღლებული ესქატოლოგიური როლი დაფუძნებულია საქართველოს ისტორიის გაიდეალიზებაზე, ქვეყნისა, რომელიც ჩვენს ავტორს არასოდეს უნახავს და რომლის ისტორიას და ენას იგი არ იცნობდა. მაშინ რომელი ისტორიული წყაროდან (ან წყაროებიდან) შეძლო კირილე ლავრიოტისმა აეღო იბერიის გაიდეალებული სურათი და აგრეთვე ისტორიული ცნობები, რომლებიც მოთავსებულნი არიან აპოკალიფსის მისეულ ეგზეგეზაში? ამ კითხვაზე პასუხს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენი კომენტატორის ყველა ცნობა საქართველოს შესახებ მომდინარეობს აღნიშნული წყაროდან (თუ წყაროებიდან).

ჩვენი უპირველესი ამოცანა უნდა იყოს იმ ისტორიული ცნობების შეკრება და გამოცემა, რომლებსაც ვხვდებით ეგზეგეზის მთელ ტექსტში და არა მხოლოდ იმ ორმოცდაათიოდე გვერდზე, რომლებიც ეხებიან ფილადელფიის ეკლესიას. შემდეგ ჩვენ ვალდებულნი ვიქნებით დავადგინოთ, თუ რომელი წყარო (ან წყაროები) გამოიყენა ჩვენმა ბერმა. კირილე ლავრიოტისის აპოკალიფსის ეგზეგეზისათვის წარმოდგენილი ინტერესის გარდა, ჩემი აზრით, ამგვარი კვლევა წარმოადგენს გარკვეულ ინტერესს ქართული მეცნიერებისათვის.

ალბანელი თურქების პელოპონესზე 1770 წლის თავდასხმის მსხვერპლი, კირილე ათიოდე წელს თურქეთის ტყვეობაში გაატარებს. 1780-81 წლებში იგი ბუქარესტში ჩავა და დაახლოებით ორმოცდაათი წელი, გაჭირვებასა და სიღარიბეში იცხოვრებს საზოგადოებისა და ეკლესისაგან მარგინალიზებული (კირილე 1829 წელს გარდაიცვალა). ეს ორი მოვლენა კვალს დააჩენს მის ცხოვრებას და უარყოფით გავლენას იქონიებს მის დამოკიდებულებაზე ბერძენი და რუმინელი მმართველი კლასების მიმართ. ბუქარესტი მას საშუალებას აძლევს თვალყური ადევნოს თავისი ეპოქის მოვლენებს, რომელთაც იგი საკუთარი საზომებით აფასებს და განმარტავს.

კომენტარზე მუშაობისას კირილე მიჰყვება აპოკალიფსის წიგნის ეგზეგეზის იმ პრინციპს, რომელიც ოტომონთა ბატონობის პერიოდში იყო მიღებული. ამ პრინციპის მიხედვით, წმინდა იოანეს დაუწერია თავისი ხილვები ერთის მხრივ, რათა აღეწერა ანტიქრისტეს ბატონობის ქვეშ მართლმადიდებლობის მდგომარეობა და მეორეს მხრივ, რათა განეცხადებინა ბოროტების ძალების საბოლოო განადგურება და კეთილის გამარჯვება22. სწორედ ამ კუთხიდან იკვლევს, ამოწმებს და აფასებს იგი ყველა მოვლენას - დიდსა და პატარას, რეგიონალურს და საერთაშორისოს, საეროსა და რელიგიურს. აქედან გამომდინარე, ისტორიის მისეული ხედვა არის რელიგიური, მისტიური და ესქატოლოგიური.

ოცდათორმეტი წლის განმავლობაში, რომლებიც მან მიუძღვნა ეგზეგეზის თერთმეტი ვერსიის რედაქციას და გადაწერას, კირილე წარმოჩნდება როგორც დამონებული მართლმადიდებლობის გათავისუფლების ყველაზე მეოცნებე და ყველაზე „გარდარეული“ მგალობელი; ის იზიარებს და თავისი განსაკუთრებული მანერით გამოხატავს მისი ეპოქის მართლმადიდებლური სამყაროს დიდი უმრავლესობის იმედებს. მეორე მხრივ, მმართველი პოლიტიკური და ეკონომიკური კლანების მიმართ გამოთქმული მწარე კრიტიკა, რომლებიც თავისუფლებას ოტომანურ მხეცთან თანაარსებობასა და თანამშრომლობას ამჯობინებდნენ, აღნიშნული იდეოლოგიური მიმდინარეობის ყველაზე მოწინავე წარმომადგენელთა შორის აყენებს მას23.

მაშინ როდესაც ამ მიმდინარეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებლობის გათავისუფლებას ანდობს მართლმადიდებელ რუსეთს, ხოლო ნაკლებად მნიშვნელოვანი ნაწილი და ისიც მხოლოდ მცირე დროით, მზერას აპყრობს საფრანგეთსა და ნაპოლეონ ბონაპარტეს24, კირილეს პოზიცია ემთხვევა პოლიტიკური აზროვნების ყველაზე მოწინავე ნაწილის პოზიციას, რომლის მიხედვითაც დამონებულ მართლმადიდებლებს თავისუფლებისათვის ბრძოლა თვითონ უნდა დაეწყოთ, საკუთარ პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ და ინტელექტუალურ ძალებზე დაყრდნობით და არ უნდა დალოდებოდნენ ან ეძებნათ უცხო ძალების დახმარება. კირილესათვის მართლმადიდებლობის „საკუთარი ძალები“ იყვნენ მხოლოდ ორი ბუნებისა:

ერთის მხრივ, ყოვლისშემძლე ღვთის შეწევნა და მეორეს მხრივ, წინაპართა ზნეობა; მათი რწმენა ღვთის ძალებისადმი და მათი ქრისტიანული ცხოვრების სიწმინდე. გარდა ამისა, დამონებული მართლმადიდებლების გათავისუფლება და აღმოსავლეთის მართლმადიდებელი იმპერიის აღდგენა, რომელიც მის მიხედვით იქნება წმიდათა ათასწლოვანი მეფეობა, მოხდებოდნენ მხოლოდ ღვთის მიერ დანიშნულ ჟამს.

ამგვარად, ჩვენ ვხედავთ, რომ კირილე აკრიტიკებს ბუქარესტის ბერძენ ინტელექტუალებს, რომლებიც დასცინოდნენ აპოკალიფსის მისეულ ეგზეგეზას და მის იდეებს წმიდათა ათასწლოვანი მეფობის შესახებ25; რომ იგი უტევს მათ, ვინც თეოდორიტე იანინელის მსგავსად, ელოდებიან დახმარებას რუსეთიდან და მესიანურ მისიას აკუთვნებენ რუსეთის მეფეს26; რომ იგი კიდევ უფრო მკაცრია იმათ მიმართ, ვინც რიგას ფერეოსის მსგავსად, ანდობენ თავიანთ გათავისუფლებას ათეისტური საფრანგეთის იარაღსა და ანტიქრისტე ნაპოლეონს27; რომ იგი უტევს ალექსანდრე იფსილანტის და მის არმიას, რომელიც მოლდავეთში თურქების არმიაზე უარესად იქცეოდა28; ბოლოს, დიდ სიმკაცრეს იჩენს მართლმადიდებელი რუსეთის მიმართ, რომელიც რუსეთ-თურქეთის ყველა ომში მიზნად ისახავდა არა მართლმადიდებლების გათავისუფლებას, არამედ საკუთარი ძალაუფლების გაზრდასა და განმტკიცებას29.

სამაგიეროდ, კირილეს სიხარულით უცემს გული, როდესაც სერბები, მარტო, უცხო სახელმწიფოს გარეშე, გადაწყვეტენ აჯანყებას30; მისი სიხარული და განცდები კიდევ უფრო დიდია, როდესაც ბერძნები, პელოპონესში, კონტინენტურ საბერძნეთსა და კუნძულებზე დაიწყებენ დამოუკიდებლობისათვის ომს31.

მიუხედავად ამისა, კირილეს ყურადღება მუდმივადაა მიპყრობილი „სულ პატარა საქართველოსკენ“. ქართველი ხალხის მიერ მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებისა და ტრადიციებისადმი ერთგულებისა და მისი სახარებისეული სიწმინდის გამო; ბოროტების ძალების წინააღმდეგ დაუცხრომელ ბრძოლებში თავდადებისა და განსაკუთრებით მათი სახელმწიფოსა და ეკლესიის დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად რუსების წინააღმდეგ იმჟამად წარმოებული ბრძოლების გამო.

ასე რომ, იმ ეპოქის სხვადასხვა იდეოლოგიური მოძრაობების ფონზე და ისტორიულ კონტექსტში უნდა განვიხილოთ კირილე ლავრიოტისის ნააზრევი, თუ გვსურს გავაცნობიეროთ ზოგადად ისტორიისა და კერძოდ, ქართველი ხალხის მისეული ხედვა.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100