სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გახდა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ–მინისტრად ვანო მერაბიშვილი წარადგინა. შინაგან საქმეთა მინისტრი, რომლის სახელიც ვარდების რევოლუციის შემდგომ, წარმოუდგენლად სწრაფ ტემპებში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს და შედეგად, კორუფციის და კრიმინალის დამარცხებას უკავშირდება, ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელობას ჩაიბარებს.

წლების წინ, საქართველოში, ალბათ, ბევრისთვის წარმოუდგენელი იქნებოდა ის შედეგები, რაც მერაბიშვილის ხელმძღვანელობით განხორციელებულ რეფორმებს მოჰყვა: პოლიცია, რომელიც მოსახლეობაში ნდობის მინიმალურ პროცენტებს ფლობდა, ეკლესიის შემდგომ ყველაზე ავტორიტეტულ და სანდო ინსტიტუტად იქცა. როგორც საქართველოს პირველმა პირმა დღეს აღნიშნა, ის გადაიქცა „უმაღლესი ეფექტიანობის მქონე, მსოფლიო მასშტაბით სამაგალითო სამართალდამცავ სისტემად, რომელსაც უდიდეს ნდობას უცხადებს ქართული საზოგადოება“.

ქართული პოლიციის რეფორმას, კრიმინალის და კორუფციის დამარცხებას, წლების განმავლობაში დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალს ქვეყნის მოყვრებიც და მტრებიც. როგორც ცნობილია, ბევრისთვის ჩვენი მაგალითი სტიმულის მიმცემი აღმოჩნდა, ზოგი კი მის გამეორებასაც შეეცადა, რომელთა შორისაც, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, თვით რუსეთიც აღმოჩნდა, თუმცა, ამ უკანასკნელს საამისოდ ძალა და ნება არ ეყო. რუსი ოპოზიციონერებისათვის კი, ამ დრომდე, ქართული რეფორმები ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია საკუთარი ხელისუფლების უსუსურობის წარმოსაჩენად...

პრეზიდენტის განცხადებით, ვანო მერაბიშვილი საქართველოს პარლამენტს ორშაბათს მთავრობის ახალ შემადგენლობას წარუდგენს. ქვეყნის პირველი პირის თქმითვე, ახალი პრემიერის უმთავრესი ამოცანა უმუშევრობის დამარცხება იქნება.

“მე მასთან ერთად უკვე მრავალი წელია ვმუშაობ და ვიცი, რომ ამ შემთხვევაშიც, მისი მიზანდასახულობა, მისი შრომისუნარიანობა და უნარი გადაჭრას რთული პრობლემები, ამჯერადაც ისევე იქნება დემონსტრირებული, როგორც ეს იყო აქამდე ყოველთვის, როდესაც მას მოუხდა ურთულეს გამოწვევებთან შეჭიდება. ვანო არის ადამიანი, რომელმაც შეძლო ის, რასაც ბევრი ვერც კი წარმოიდგენდა - მან ბეჭებზე დადო კრიმინალი და კორუფცია”,- განაცხადა სააკაშვილმა.

“ვანო განსაკუთრებული ყურადღებისა და ზრუნვის ობიექტად აქცევს ჩვენს სოფელს იმიტომ, რომ მას ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება და დიდი ცოდნა აქვს. თავის დროზე იგი ხელმძღვანელობდა ფერმერთა ორგანიზაციას, იცავდა სოფლის მეურნეთა ინტერესებს და მაშინ მისი უშუალო ძალისხმევით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბაზა ჩამოყალიბდა მიწის მესაკუთრეთა ხელშესაწყობლად. სოფელზე ზრუნვა ვანოს ცხოვრების დიდი გატაცებაა”,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

როგორც ცნობილი ხდება, ახალი პრემიერი სამოქმედო გეგმას ორშაბათს წარმოადგენს, სადაც ზუსტად იქნება გაწერილი, სამომავლო გეგმები და ამოცანები. მერაბიშვილის განცხადებით, იცის, რომ საქართველოში ძალიან ბევრი უმუშევარია და მისი მიზანი სწორედ ამ ადამიანებისთვის დამატებითი დასაქმების შესაძლებლობების შექმნა იქნება.

“ვიცი, რომ ბევრს არ აქვს საშუალება იმკურნალოს და ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი იქნება საყოველთაო დაზღვევა. ასევე, მე ვიცნობ ქართულ სოფელს და ვიცი რა სჭირდება მას. ჩვენ ჩვენი გეგმით ქართველ გლეხს გავაძლიერებთ”,- აღნიშნა საქართველოს ახალმა პრემიერ–მინისტრმა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100