თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი „პრომეთე“ იწყება
თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი 3 დეკემბერს ნინო ჟვანიას ფილმით „აღლუმი“ გაიხსნება და 9 დეკემბრამდე გასტანს. ფესტივალის პარტნიორია თიბისი სტატუსი.
ფესტივალის მთავარი ჯილდოსთვის, საერთაშორისო კონკურსში მონაწილე კინორეჟისორების სადებიუტო ნამუშევრები იბრძოლებენ. კონკურსში მონაწილე 10 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმიდან ერთი ქართულია - გიგიშა აბაშიძის „მეზობლები“. ოქროსა და ვერცხლის პრომეთეს მფლობელები 8 დეკემბერს გამოვლინდებიან.
საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ლიეტუველი რეჟისორი, რაიმუნდას ბანიონისია. წევრები არიან: ნიმა ჯავიდი, არჩილ ქიქოძე, კანაკო ჰაიაში, სელინ ნუსი.
ეროვნული კონკურსის „ქართული პანორამის“ ფარგლებში დაჯილდოვდება საუკეთესო ფილმები სამ კატეგორიაში: სრულმეტრაჟიანი, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი.
ქართულ პანორამას, ტრადიციულად, გერმანელი ცოლ-ქმარი, კინო და ვიდეოინსტიტუტ „არსენალის“ და ბერლინის კინოფესტივალის „ახალი კინოს საერთაშორისო ფორუმის“ დამფუძნებლები, ერიკა და ულრიხ გრეგორები შეაფასებენ ესპანელ კინოკრიტიკოს ევა პიედროსთან ერთად.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს საპატიო სტუმრის სტატუსით ცნობილი ბრიტანელი რეჟისორი, პიტერ გრინევეი ეწვევა. მის ანგარიშზე ისეთ ფილმებია, როგორებიცაა „მზარეული, ქურდი, მისი ცოლი და ცოლის საყვარელი“, „რვანახევარი ქალი“, „პროსპეროს წიგნები“. ფესტივალის ინდუსტრიული დღეების ფარგლებში „ბაფტას“ მფლობელი რეჟისორი მასტერკლასს ჩაატარებს.
ყოველწლიურად კინოფესტივალის ფოკუსში ერთი ქვეყნის კინონამუშევრები ექცევა. წელს ეს ქვეყანა იტალიაა. მაყურებლები ფესტივალისა და იტალიის საელჩოს ინიციატივით ბოლო პერიოდის აღიარებულ ნამუშევრებს იხილავენ. მათ შორისაა ალიჩე რორვაჰერის „ბედნიერი ლაზარო“, მარიო მარტონეს „კაპრი-რევოლუცია“, დარიო არჯენტოს „სუსპირია” - იტალიური კინოკლასიკის რესტავრირებული ვერსია, რომელიც 1977 წელს გამოვიდა.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის წლევანდელი თემა ლიტერატურაა. „ლიტერატურისა და კინოს“ სექციაში კინომოყვარულები მწერლებზე გადაღებული ბიოგრაფიული ნამუშევრებისა და ნაწარმოებთა ეკრანიზაციების ნახვას შეძლებენ. მათ შორის არის სტეფან კაასის „ეთგარ კერეთი: დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე", პერნილ ფიშერ კრისტენსენის სურათი „ახალგაზრდა ასტრიდი“ სახელგანთქმული შვედი საბავშვო მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის შესახებ.
სექციაში „რეჟისორი ფოკუსში“ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი უკრაინელ რეჟისორს, სერგეი ლოზნიცას უმასპინძლებს. 2010 წელს მისი ფილმი „ჩემი ბედნიერება” კანის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. 2012 წელს კი, ასევე, კანში ფილმი „ნისლში” ოქროს პალმის რტოზე იყო ნომინირებული. 2014 წელს ლოზნიცამ „მაიდანი” გადაიღო, რომელიც 2013-2014 წლის კიევის საპროტეტსო აქციებს აღწერდა. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ლოზნიცას ახალი ფილმები „დონბასი”, “პროცესი” და “გამარჯვების დღე” იქნება ნაჩვენები. სერგეი ლოზნიცას საპატიო „პრომეთე“ გადაეცემა.
წლევანდელი კინოფესტივალის ფარგლებში ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლობის 100 წლისთავი აღინიშნება. „ამირანში“ ლატვიური, ლიეტუვური, ესტონური ნამუშევრების ჩვენება შედგება. სექციაში 15 ფილმი იქნება წარმოდგენილი. მათ შორის არის ელმო ნიუგანენის 2015 წლის „1944“, იანის ნორდსის 2013 წლის ფილმი „მიყვარხარ, დედა!“, ლუგილებ არჯუკაიტეს „მჟავის ტყე“.
სექციის „დამზადებულია გერმანიაში“ ფარგლებში უახლესი ფილმები იქნება ნაჩვენები. ის საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისა და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ინიციატივით იქმნება. სექციაში 5 ფილმი შედის - ემილი ატეფის „3 დღე კვიბერონში“, ტობიას ვიმანის „ამელი გარბის“, იზაბელ პრალის „წვიმის აღწერის ათასი ხერხი“, ტომას შტუბერის „დახლებს შორის“ და ლარს კრაუმეს „მდუმარე პროტესტი“.
შვედეთის საელჩოსა და შვედეთის კინოს ინსტიტუტთან თანამშრომლობით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ლეგენდარული შვედი კინორეჟისორის, ინგმარ ბერგმანის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენებ ფილმთა შორის იქნება „პერსონა“, „შემდგომის სონატა“, „მარწყვის მდელო“.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დასკვნით დღეს, 9 დეკემბერს კინოთეატრ „ამირანში“ იორგოს ლანტიმოსის ფილმის, „ფავორიტის“ პრემიერა შედგება, რომელშიც მთავარ როლებს ემა სტოუნი, რეიჩელ ვაიზი და ოლივია კოლმანი ასრულებენ.
თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე საპატიო „პრომეთე“ სახელგანთქმულ ქართველ რეჟისორს, გიორგი შენგელაიას გადაეცემა. ფესტივალის ფარგლებში შენგელაიას 1962 წელს გამოსული ფილმის, „ალავერდობის“ განახლებული, დიგიტალური ვერსიის ჩვენება გაიმართება.
სრული პროგრამა იხილეთ ვებგვერდზე tbilisifilmfestival.ge.
კომენტარი