სოზარ სუბარი: დღეს უნდა ავწონდავწონოთ - გადარჩება ჩვენი ეკონომიკა ხუდონის გარეშე?
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი აქტიურადაა ჩარბმული ხუდონჰესის აშენება-არაშენების ირგვლივ მიმდინარე დებატებში. იგი წარმოშობით ჭუბერიდანაა, ეს არის ხაიშის შემდეგი სოფელი. სოზარ სუბარი ჯერ კიდევ 1988 წლიდან არის ჩართული ხუდონჰესის ირგვლივ მიმდინარე დებატებში. „ეს თემა ზვიად გამსახურდიამ წამოწია და მე დამაბარა ხელმოწერების შეგროვება ხუდონჰესის წინააღმდეგ. ზურაბ ჟვანიაც მაგ პერიოდში ჩაერთო. თუმცა თავიდან სულაც არ ყოფილა ისეთი მიდგომა, რომ ჰესი საერთოდ არ აშენებულიყო. მაშინ ვმსჯელობდით ალტერნატივებზე, რამხელა უნდა ყოფილიყო კაშხლის სიმაღლე, მაგრამ შემდეგ რადიკალური ძალები ჩაერთნენ პროცესში, დაიწყო შიმშილობა და მსჯელობაც შეწყდა“ - იხსენებს მინისტრი და ამ რადიკალიზმს მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით ხსნის - „ზვიად გამსახურდია ამას ნაკლებად უყურებდა როგორც ეკონომიკურ პროექტს, მისთვის ეს იყო რუსეთთან ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი. ჯერ ტრანსკავკასიური მაგისტრალი გავაჩერეთ და შემდეგ დაიწყო ხუდონჰესის კამპანია. პირველი დისკუსია გვქონდა ხუდონჰესის ადმინისტრაციის შენობაში, სოფელ ხაიშთან ახლოს. დისკუსიაზე მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობით ვლაპარაკობდით. მსმენებლები და მეცნიერები კი ციფრებს გვიპირისპირებდნენ. მაგრამ ემოცია დროთა განმავლობაში ნელდება, ელექტროენერგია კი კილოვატებითა და მეგავატებით იზომება, ქვეყნის ეკონომიკა კი მშპ-ს ზრდის პროცენტებითა და ძალიან კონკრეტული თანხით, რაც თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობაზეც ახდენს გავლენას და გადამწყვეტ როლს თამაშობს ქვეყნის მომავალზეც“.სოზარ სუბარი იმასაც იხსენებს, რომ დროთა განმავლობაში ზურაბ ჟვანიამ აზრი შეიცვალა: „სხვათა შორის, 1998 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც ზურაბ ჟვანიას დასავლეთ საქართველოში ჰქონდა ტურნე, მე შევხვდი, როგორც ჟურნალისტი და იქ მითხრა - გახსოვს როგორ ვანგრევდით საქართველოს ენერგეტიკასო? - ანუ უკვე განსხვავებული ხედვა ჰქონდა ამ კონკრეტული პროექტის მიმართ. დღეს უნდა ავწონდავწონოთ - გადარჩება ჩვენი ეკონომიკა ხუდონის გარეშე? თუ ეკოლოგიასაც გადავარჩენთ, ხაიშსაც, ჭუბერსაც, მაგრამ ამით დავანგრევთ ქვეყნის ეკონომიკას, მაშინ ამ ქვეყანაში აღარავის მოუნდება ცხოვრება. მერე ის ხალხი მოვა ჩვენს ადგილზე, ვისთვისაც არც ხაიში იქნება ღირებული და არც სხვა რამე - ხაიშსაც დატბორავს და მთელ სვანეთსაც. ხალხს კარგად უნდა ავუხსნათ ამგვარი პროექტების როგორც სარგებელი, ისე ზიანი და ისე მივიღოთ გადაწყვეტილებები. ჩვენი შეცდომა, როგორც ჩანს, ის იყო, რომ საკმარისი კომუნიკაცია არ გვქონდა საზოგადოებასთან“ - აღნიშნა მინისტრმა.
კომენტარი