სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მიუწვდომელსა და უზომოდ მახლობელს შორის შენ იწყები"

მიუწვდომელსა და უზომოდ მახლობელს შორის
შენ იწყები
და შენი სუნთქვა აღწევს ჩემამდე,
შენ – ასეთი უცხოცა და ჩვეულებრივიც...

როდესაც მართლა გადავიღალე სასწაულის
და კიდევ რაღაც უსახელოს უაზრო ძებნით,
როდესაც ნელა,
მაგრამ მაინც შევეჩვიე საკუთარ ფიქრებს,
შენ გამოჩნდი, და გვიან მივხვდი,
რომ სწორედ ასეთ გამოჩენას ერქმევა პოვნა
და იმის პოვნა, რაც არასდროს არ გიძებნია,
უკვე მართლაა სასწაული და კიდევ რაღაც –
მიმზიდველი და უსახელო...

და შენ ნელ–ნელა ჩაეტიე ჩემს ოცნებაში,
ჩემს ჩვეულებრივ სიმარტოვეში შემოაღწიე
და ჩასახლდი ყოველ საგანში –
ჩემს ირგვლივ რომ ავსებს სამყაროს,
ოღონდ იმ ერთი გრძნობის თანხლებით,
რომ ესეც მხოლოდ უადგილო წარმოსახვაა!

ამიტომ არ ხარ არც შორეული
და არც ისეთი მახლობელი –
ფიქრებს რომ უნდათ გამოაჩინონ და დამაჯერონ.

სადღაც, ჩემსა და სიჩუმეს შორის
შენ იკარგები
და მერე ისევ გამოდიხარ იდუმალი სარდაფიდან
და მოგაქვს ჩემთან ჩემივე ფიქრი –
რაღაც ახალ სიმართლესთან შეჯერებული...

გთხოვ, დარჩი ასე, – უახლოეს სიშორის ზღვართან,
ნურც ჩემთან მოსვლას დააჩქარებ
და ნურც საერთოდ დაიკარგები.
გთხოვ, დარჩი ასე!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100