„ჯიპი“, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი მართავდა, ხალხის მასაში შევარდა (ვიდეო)
როგორც ჩანს, რუსეთის პირველი პირების მანქანებს კარგა ხანია, ტექნიკური დათვალიერება არ გაუვლიათ. ყოველ შემთხვევაში, როგორც kazan-times.ru. იუწყება,
25 ივნისს ყაზანში მომხდარი ინციდენტი სწორედ ამას ადასტურებს. უძველეს, ტრადიციულ დღესასწაულზე – საბანტუი, რომელიც საგაზაფხულო საველე სამუშაოების აღსანიშნავად ტარდება, რუსეთის პრეზიდენტის „ჯიპმა“, ლამის იყო, ხალხი გადათელა. როგორც მოყვარულის მიერ გადაღებული და სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, დიმიტრი მედვედევის ავტომანქანას ან მუხრუჭებმა უმტყუნა, ან პრეზიდენტს სიჩქარის გადართვა დაავიწყდა. ამ ინციდენტმა საკმაოდ შეაშფოთა რუსეთის პრეზიდენტის დაცვაც, თუმცა, ეტყობა, პირად მცველებს დასაცავი ობიექტის უსაფრთხოება უფრო აინტერესებდათ, ვიდრე იმ ადამიანების ბედი, რომლებიც ლამის მანქანით გადათელეს.
პრეზიდენტის კორტეჟს ყაზანში უამრავი ადამიანი დახვდა. როცა მანქანა, რომელსაც თვითონ პრეზიდენტი მართავდა, გაჩერდა და პრეზიდენტმა სალონიდან ცალი ფეხი გადმოდგა, მანქანამ ხალხის მასისკენ სვლა გააგრძელა. მედვედევი საკმაოდ დაიბნა, მაგრამ მალევე მოეგო გონს. ხოლო სპეცსამსახურების წარმომადგენლები მაშინვე მანქანას მივარდნენ და დიდი ხლაფორთის შემდეგ იგი ხელის მუხრუჭის მეშვეობით გააჩერეს.
რუსული პრესა კი წერს, მანქანას მუხრუჭებმა უმტყუნაო, მაგრამ ამ კადრებიდან უფრო ის ჩანს, რომ მედვედევს მართვის მოწმობა უნდა ჩამოართვან, რადგან, სავარაუდოდ, პრეზიდენტს მანქანის ავტომატური სჩქარის გადამრთველის „პარკინგ“–ზე გადამისამართება დაავიწყდა.
კომენტარი