ირაკლი ოქრუაშვილი მაისის ბოლოს რუსი სპეცრაზმელებისა და "ზილის" იმედად იყო?
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა, რომლის რამდენიმე წევრიც დაკავშირებულია "ქართულ პარტიასთან".
როგორც პრესკონფერენციაზე დეტექტივმა გიორგი ბუხრაშვილმა განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს ოპერატიულ და ვიდეომასალას, ინფორმაციას იმ გეგმების შესახებ, რომელიც დაკავებული ჯგუფის წევრებს მაისის ბოლოსთვის უნდა განეხორციელებინათ. დაკავებულ პირებს ბრალად ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გულისხმობს უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გაიშიფრა სქემა, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო ირაკლი ოქრუაშვილის შემოსვლა ცხინვალიდან, ორასამდე რუსი სპეცრაზმელის დახმარებით. 22 მაისს, ოქრუაშვილის შემოსვლის სამზადისის მიხედვით, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ტყეში გადანახული იყო იარაღი და საბრძოლო მასალები.
რუსი სპეცრაზმელები ქართულ საგუშაგოებამდე "ზილის" მარკის ავტომანქანით უნდა მისულიყვნენ, სადაც მათ 20–დე შეიარაღებული ქართველი შეუერთდებოდა და ისინი ერთად განაიარაღებდნენ ქართველ პოლიციელებს, რის შემდეგაც თბილისისკენ დაიძვრებოდნენ, გზად კი გორის ბატალიონში შეივლიდნენ, სადაც იმ დროს ასევე ამბოხება იყო დაგეგმილი, თუმცა, ჯარისკაცები ვერ აიყოლიეს, რის გამოც ამბოხი არ შედგა. ირაკლი ოქრუაშვილმა ქართველ მეკავშირეებთან ვლადიკავკაზში გამართულ შეხვედრაზე ქართული პოლიციის საგუშაგოების ზუსტი კოორდინატები მოითხოვა.
სქემაში ფიგურირებენ ირაკლი ოქრუაშვილი, ოქრუაშვილის პირადი დაცვის წევრი გიორგი გაბროშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულის რაზმის ყოფილი უფროსი თამაზ ბეგიაშვილი, ასევე შიდა ქართლის სატყეოს ყოფილი უფროსი მალხაზ კაკაშვილი. ბეგიაშვილი და კაკაშვილი მიმალვაში არიან.
დაკავებულები არიან თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ბონდო კაკაშვილი, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ ქარელის დაცვის ყოფილი წევრი ზაზა ბეთლემიძე, მიხეილ ქარელის დაცვის ყოფილი უფროსი ხვიჩა მაჭარაშვილი, სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ჯარმელიშვილი, მიმალვაში იმყოფება მიხეილ ქარელის დაცვის ყოფილი წევრი გაბრიელ პავლიაშვილი, მიმალვაში იმყოფებიან ასევე, თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი იოსებ გიგუაშვილი, შიდა ქართლის სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი ხვიჩა საბაშვილი.
დაკავებულები არიან თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი შალვა საბაშვილი, თავდაცვის მინისტრის აპარატის ყოფილი უფროსი, "ქართული პარტიის" რეგიონალური კოორდინატორი ლევან ტერაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი კახა ტერაშვილი, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი გიორგი საათაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი წევრი.
კომენტარი