რასმუსენი: „რუსეთი ტყუილად ნუ ირჯება...“
როგორც მოსალოდნელი იყო, სოჭში ჩატარებული ნატო–რუსეთის საბჭოს მორიგი სხდომა უშედეგოდ დასრულდა – მხარეებმა ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით. მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთს ისევ სურს გარანტიის მიღება, რომ რაკეტებს მას არ დაუმიზნებენ, მაგრამ სამაგიეროდ, თავად არ სურს გარანტიის მიცემა, რომ რაკეტებს სხვა ქვეყნებს არ დაუმიზნებს. მოკლედ, რუსეთი დაახლოებით ისეა – სული სამოთხეშიო...
რაც რუსეთს იმ ქვეყნებთან გასდის, რომლებიც ფართობით, შეიარაღებით, მოსახლეობით მასზე ბევრად პატარაა, არ გასდის შეიარაღებით თანასწორ ქვეყნებთან და მით უმეტეს, ქვეყანათა ისეთ ერთობლიობასთან, როგორიც ნატოა.
დღეს ნატოს გენერალურმა მდივანმა უფრო ღია მინიშნებები გააკეთა, სწორედ იმ ფონზე, როცა რუსმა ჩინოვნიკებმა მკვეთრი განცხადებები გააკეთეს და თქვეს, რომ სოჭის შეხვედრამ ნატოსა და რუსეთს შორის არსებული ვერცერთი უთანხმოება ვერ გადაჭრა.
შესაძლოა, სწორედ ამიტომაც, ფოგ რასმუსენმა საკუთარ თავს არცთუ დიპლომატიური, მაგრამ მოზომილი და დროული განცხადების გაკეთების უფლება მისცა:
"...რუსეთი ტყუილად ნუ ირჯება NATO-ს აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო დაცვის სისტემის საპირწონედ თავდასხმითი შეირაღების შექმნაზე", თქვა მან, შემდეგ კი დაამატა:
"რუსეთში ზოგიერთები საუბრობენ, რომ ისინი განიხილავენ თავდასხმითი შეიარაღების შექმნაზე მილიარდების დახარჯვის შესაძლებლობას, თუ NATO გააგრძელებს რაკეტსასწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მშენებლობას. რუსეთის დაცვა, თავდაცვა - ეს მისი საკუთარი, სუვერენული საქმეა, მაგრამ ამგვარი გადაწყვეტილება ძალისხმიერებისა და თანხების ფუჭი ხარჯვა იქნება", - გადმოსცემს რასმუსენის სიტყვებს სააგენტო regions.ru.
გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთისათვის ყველაზე საუკეთესო გარანტია იქნებოდა ამ პროცესში მონაწილეობა: „თუ რუსეთი მთლიანად მიიღებს მონაწილეობას მასში და ჩართული იქნება სისტემაში, ეს ყოველგვარ დაპირებებზე უფრო უკეთესია, რაც იქნება იმის დასტური, რომ "NATO-ს არ გააჩნია სურვილი, სისტემა რუსეთს დაუმიზნოს", - განაცხადა რასმუსენმა.“ (ექსპერტთა კლუბი).
ანდერს ფოგ რასმუსენმა ჯერ კიდევ სოჭის შეხვედრის დაწყებამდე მიანიშნა, რომ ნატო არაფრის დათმობას არ აპირებს:
„დარწმუნებული ვარ, რომ უნდა იყოს ორი განსხვავებული ანტისარაკეტო სისტემა, რომლებიც, ერთი მხრივ, მჭიდროდ იქნებიან დაკავშირებული ერთმანეთთან, რათა ეფექტურად დაიცვან თავიანთი ტერიტორიები და დაიცვან როგორც რუსეთის, ასევე ნატოს წევრი ქვეყნების სუვერენიტეტი“, - აღნიშნა მაშინ ფოგ რასმუსენმა.
ამავე დროს, რასმუსენმა ღიად მიანიშნა, რომ ალიანსს ხელს არ აძლევს რუსეთის მიერ გასულ წელს, ლისაბონის სამიტზე გაკეთებული შემოთავაზება ე. წ. „სექტორალური მიდგომის“ შესახებ.
„ნატოს აღებული აქვს ვალდებულება, დაიცვას ყველა წევრი სახელმწიფოს უსაფრთხოება. ამიტომაც, ჩვენ ამ უფლებით კიდევ ვინმეს დელეგირება არ შეგვიძლია. ისევე, როგორც არ ველოდები, რომ რუსეთი ნატოს გადასცემს თავისი უსაფრთხოების დაცვას. ჩვენთვის ცნობილია, რომ მინიმუმ, 30 სახელმწიფოს აქვს ან მიილტვის ჰქონდეს ბალისტიკური რაკეტების შექმნის ტექნოლოგია. მათი ნაწილის სამხედრო პროგრამები, შესაძლოა, ნატოს ტერიტორიასაც მისწვდეს. ეს საფრთხე გენეიტრალებული იქნება, როცა ჩვენ ჩვენი დაცვის მექანიზმებს შევიმუშავებთ, ამიტომ მოცდა არც ნატოს შეუძლია“ - ამბობდა ნატოს გენერალური მდივანი სოჭის შეხვედრის დაწყებამდე.
კომენტარი