სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კალიფორნიელი მყვინთავი ბენ ლადენის საძებნელად მიდის

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, უსამა ბენ ლადენის საფლავის მონახულების მსურველთა არასასურველი პერსპექტივა, ნომერ პირველი ტერორისტის გვამის ზღვაში გადაგდებით აირიდა. თუმცა, დღეს უკვე ირკვევა, რომ ეს ფაქტი ოკეანეში აღმოჩენების და ზოგადად, არაორდინარული თავგადასავლების მოყვარულ მყვინთავთა მატების მიზეზი შეიძლება გახდეს.

გამოცემების, “TMZ” – ს და “ნიუ იორკ პოსტის” ინფორმაციით, განძეულზე მონადირე ბილ უორენმა უსამა ბენ ლადენის “უკანასკნელი განსასვენებლის“ და, შესაბამისად, ტერორისტის სხეულის, არაბეთის ზღვაში მოძებნა გადაწყვიტა. კალიფორნიელმა მყვინთავმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ თუ გაუმართლა და იპოვა, ტერორისტის გვამისათვის არა მხოლოდ ფოტოებისას და ვიდეოების გადაღებას აპირებს, არამედ უფრო მნიშვნელოვანი მისიის შესრულებასაც, კერძოდ კი, DNM ანალიზის აღებას.

როგორც ირკვევა, სკეპტიკურად განწყობილ უორენს საკუთარი ხელისუფლების განცხადების და ბენ ლადენის სიკვდილის ისევე არ სჯერა, როგორც ოდესღაც ნახევარ საბჭოთა კავშირს ძია ლენინის მიცვალების არ სჯეროდა. ამიტომ აკვალანგისტი ამაში დასარწმუნებლად თვით ზღვის სიღრმეში ჩასვლას და საკუთარი თვალით ნანახის ნდობას აპირებს, თანაც საკუთარ საქციელს მხოლოდ და მხოლოდ სიმართლის წყურვილით აღვსილი პატრიოტის სურვილით ხსნის.

ბენ ლადენის გვამის ძიება, სავარაუდოდ, ორ კვირას გასტანს. უორენს საამისოდ ჯიბეზე ხელის გაკვრა და 400 ათასი დოლარის გაღება მოუწევს. ექსპედიციისთვის ის გემის დაქირავებას, დღეში 10 ათას დოლარად გეგმავს. მას ასევე დასჭირდება დისტანციური მართვის წყალქვეშა ნავი, რომლისთვისაც დღეში 10 ათას დოლარს გადაიხდის.

როგორც ცნობილია, ოფიციალური ვერსიით, უსამა ბენ ლადენი პაკისტანში, აბოტაბადში მოკლეს. მისი გვამი, არაბეთის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიამზიდიდან გადაისროლეს. “დასაფლავების” ზუსტი ადგილი არ დასახელებულა. არაბეთის ზღვის საერთო ფართობი, თითქმის ოთხ მილიონ კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. ასე რომ, მთელი ზღვის მოსაჩხრეკად, უცნაურ მყვინთავს გვარიანი დრო დასჭირდება – სამუშაოს, თანხას, ნერვებს და სხვა მსგავს დეტალებს რომ სულაც თავი გავანებოთ...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100