რუსული პრესა ქართული ოპოზიციის რუსული დაფინანსების შესახებ
„საქართველოში სტარტი აიღო „რევოლუციამ“, ოპოზიციამ უკვე დაასახელა სააკაშვილის ხელისუფლების დამხობის დღე“ – ამ სათაურით რუსული ინტერნეტგამოცემა „ნიუს.რუ“ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ვრცელ სტატიას უძღვნის. ნინო ბურჯანაძის, ირაკლი ოქრუაშვილის, ეროსი კიწმარიშვილის, სოზარ სუბარისა და სხვათა კომენტარების გვერდით ქვეყნდება რუსი ექსპერტების პასუხები კითხვაზე – როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ექსპერტები, მათ შორის, ანტიქართული განწყობილებით ცნობილნი, ოპოზიცია წარმატებას ვერ უწინასწარმეტყველებენ: „ეს ყველაფერი უშედეგოდ დასრულდება და სააკაშვილს ვერ დაამხობენ, რადგან მოსახლეობაში პრეზიდენტს უფრო მეტი დასაყრდენი აქვს, ვიდრე ოპოზიციის ლიდერებს“; „მათი რეიტინგი და პოპულარობა მოსახლეობაში თითქმის ერთნაირია“; „სააკაშვილი აუცილებლად მიიღებს ადეკვატურ ზომებს და ოპოზიციის პროტესტი ჩაფლავდება“, – ამბობენ ისინი.
რაც ყველაზე მეტად საინტერესოა, ოპოზიციის დაფინანსებაზეც მიანიშნებენ რუსეთის მხრიდან, მათი თქმით, სულაც არ არის გამორიცხული, მოსკოვი ოპოზიციას ფარულად აფინანსებდეს და ამის შესახებ ერთეულებმა იცოდნენ. „გადახედეთ იმ ქართველ პირებს, რომლებიც აქ, მოსკოვში გააქტიურდნენ – დაინახავთ მათ, ვისაც ხელისუფლებაში მოსვლა სურს. აქედან გამომდინარე, სულაც არაა გამორიცხული და უფრო, მოსალოდნელიცაა, რომ რუსული ბიზნესის ამ ავტორიტეტებს ქართული ოპოზიციისთვის ფული რამდენჯერმე ჰქონდეთ მიცემული. ბოლო ვადა მაისი და აღლუმის ჩაშლაა.“
„ნიუს.რუ“ ასკვნის, რომ მოვლენები, შესაძლოა, უფრო დრამატულად განვითარდეს.
კომენტარი