ლეონიდ ჩერნოვეცკი კატეგორიულად წინააღმდეგია ქვეყნის ბიუჯეტის გაფლანგვისა იმ პირთა წინააღმდეგ გამოძიებებზე, რომლებიც საქართველოს საზღვარს უკანონოდ კვეთენ!
ბოლო დროს უკანონოდ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას სულ უფრო მეტი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე ცდილობს. ცოტა ხნის წინ, აჭარაში პოლიციელებმა თურქეთის საზღვართან მაროკოს 3 მოქალაქე დააკავეს: „გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი” - აღნიშნულია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
2017 წლის დასაწყისიდან საქართველოში უკანონოდ მოხვედრის ეს უკვე მეექვსე მცდელობაა. ამ თემაზე ლეონიდ ჩერნოვეცკიმ სპეციალური
განცხადება გაავრცელა:
„ჩემი აზრით, აბსოლუტურად უაზროა მსგავსი დანაშაულების გამოძიება და სახელმწიფო ბიუჯეტის უგუნურად გაფლანგვა. უსარგებლო გამოძიებებზე დახარჯვის ნაცვლად, ჯობს ეს თანხები გაჭირვებულ მოქალაქეებს მოვახმაროთ!
რა საჭიროა იმ ხალხის დაპატიმრება და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, რომლებიც მსოფლიოში ზოგადად რთული მდგომარეობის გამო, სულ მალე საქართველოს სახელმწიფო საზღვარს გადმოკვეთავენ და მათი რაოდენობა ათიათასობით იქნება! საჭიროა მათი დეპორტაცია და არა ციხეში დაპურება და რჩენა! ასე მალე ციხეებიც კი არ გვეყოფა...დროა, პარლამენტი ამ სერიოზულ პრობლემაზე დაფიქრდეს და მის კანონის ძალით გადაჭრაზე იზრუნოს. ხოლო, თუკი ჩვენ უცხოელების ციხეში რჩენას მაინც გადავწყვეტთ, მაშინ შვეიცარიის მსგავსად - მათ საკვებისა და მათი იქ ყოფნის თანხა სახაზინოში უნდა გადავახდევინოთ.“ - აცხადებს ჩერნოვეცკი.
კომენტარი