ერთი ჟურნალისტის თვალით დანახული სულ სხვანაირი მაგდა პაპიძე
გთავაზობთ ჟურნალისტ მზევინარ ხუციშვილის ბლოგ-პოსტს, რომელმაც მაგდა პაპიძე სულ სხვანაირად დახატა.
როცა ჩეჩნეთში პოლიციამ გაგვაჩერა, მანქანაში შვიდნი ვისხედით. ექვსი მათგანის საბუთები შეამოწმეს, ჩემი არა. ბიჭებმა მაშინვე აღიარეს: „ეს სექსიზმია“. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ისინი ცოტანი არიან: ექვსი, ათი, ოცი... მე გამეხარდა, ეს აღიარება. მათი შვილები ისე არ მოიქცევიან, როგორც ის პოლიციელი. მათი შვილები სხვანაირად იაზროვნებენ და შეცვლიან საზოგადოებას, მაგრამ, ეს იქნება მომავალში, ოდესმე, ოდესღაც, ჩემთვის უცხო, სხვა საქართველოში. დღეს კი, ერთ წრეზე ვტრიალებთ. წრეზე, სადაც კაცს და საზოგადოებას ყველაფრის უფლება აქვს.
დღეს, მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, მაშინ, როცა საქმეში ჯერ კიდევ უამრავი კითხვა არსებობს. კითხვები, რომლებზეც პასუხი არც გამოძიებას აქვს და არც ექსპერტიზას. განსაკუთრებით შემზარავია ყოველდღიურად შეცვლილი ჩვენებები. საქართველოს კანონმდებლობით თუ მოწმე ბრალდების სასარგებლოდ შეცვლის ჩვენებას, მას პასუხიმგებლობა არ ეკისრება, ხოლო თუ მოწმე დაცვის სასარგებლოს შეცვლის ჩვენებას მას პასუხისმგებლობა ეკისრება. ამ კუთხით საქართველოში დანერგილ მახინჯ პრაქტიკას, ხომ არადა არ ეშველა. არავის უნახავს, არავინ არის დარწმუნებული, რომ მაგდა პაპიძემ ქმარ-შვილი მოკლა. მაგრამ ის დამნაშავეა, იმიტომ რომ დედამთილს ასე სურს. პატარა საქმე ხომ არ არის, მოკლა კაცი, რომელსაც ქვეყანა უნდა დაეცვა, როცა ერთი უსუსური ქალისგან საკუთარი თავი ვერ დაიცვა.
შვიდი თვე საზოგადოება ამ ქალს ყოველდღე ცოცხლად მარხავდა, ისე რომ, არავინ კითხულობდა: რატომ? რისთვის? როგორ? არადა, მის შესახებ მხოლოდ, ერთი რამ ვიცოდით: ის, ეჭვმიტანილი იყო ქმარ-შვილის მკვლელობაში. მაგრამ, ის, მაინც დამნაშავე და მკვლელი იყო, იმიტომ, რომ დედამთილმა დანაშაულის ადგილზე ერთი თვის შემდეგ, აღმოაჩინა ნივთმტკიცებულება, რომელიც პირველივე დღეს ადგილზე მისულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა ვერ აღმოაჩინეს.
არავინ დაინტერესებულა, არავის უკითხავს, არ არსებობს სტატისტიკა იმის შესახებ, თუნდაც, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენმა ქმარმა მოკლა ცოლი. მაგრამ, ვიცით, რომ თითქმის ყოველდღე ქმარი კლავს ცოლს, ტოვებს შვილებს დედის გარეშე და უმახინჯებს მათ ცხოვრებას. თუმცა, არც ერთი საქმე არ გახმაურებულა. არც ერთი დანაშაული არ გამხდარა საჯარო და ყოველდღიური განსჯის საკითხი. არავის შეუხედავს, ამ ქმრების ბინძურ თეთრეულში. არც ერთი მათგანისთვის არ მიუსჯიათ უვადო პატიმრობა. ისინი, კაცები არიან და მათ ყველაფრის უფლება აქვთ!? მაგდა კი, ქალია!?
მაგდა ქალია, რომელსაც, ის, რაც ფეხებშუა აქვს ცოდვა და დანაშაულია. მაგდა თავიდანვე დამნაშავე შვილი იყო, იმიტომ რომ, მას არჩევანის უფლება არ ქონდა, კავკასიური ოჯახებისთვის არც ისე, სასურველი შვილი - გოგო დაიბადა და ოჯახი დიდად ვერ გაახარა (გვარს ვერ გააგრძელებდა). მაგდა ქალია და ის, ვალდებული იყო, ჯერ მშობლებს დამორჩილებოდა, ოჯახი არ შეერცხვინა, საზოგადოებისთვის „წმინდა“ ქალი ყოფილიყო, მერე კი, ქმრისთვის მორჩილი ცოლი, რომელმაც თავისი ადგილი უნდა იცოდეს. დედამთილისთვის, მამამთილისთვის, მაზლისთვის, მულისთვის დამჯერე რძალი. განსაკუთრებით, დედამთილთან და მულთან არ უნდა ამოეღო ხმა, რადგან ისინი ყოველთვის მართლები არიან და მერე, საზოგადოებას რა პასუხს გასცემდა? საზოგადოების განაჩენი და კავკასიური კანონები ხომ, ყოველთვის სწორი და უტყუარია!? კავკასიური კანონები, რომლის მიხედვითაც დედობის უფლებაც კი არ გაქვს, თუ ოჯახს და ქმარს არ დაუჯერე.
საქართველოში ყველა განათლებულია, ყველა რაღაცის ექსპერტია, მაგრამ ჯერ რატომღაც არავინ არ დაიბადა ადამიანურობის ექსპერტად. არავინ ეკითხება სამართალდამცავ ორგანოებს, რატომ არღვევდნენ ამ ქალის უფლებებს და გასცემდნენ ინფორმაციას, როცა გამოძიება არ იყო დასრულებული. არავინ, ეკითხებოდა მედიას, რატომ არღვევდნენ პროფესიული ეთიკის კოდექს და უსირცხვილოდ, აშუქებედნენ თითოეულ წვრილმანს. არავინ ეკითხებოდა საზოგადოებას, რა უფლებით გამოჰქონდათ განაჩენი, თუნდაც ეს ქალი დამნაშავე ყოფილიყო. თუმცა, არც მაშინ არავის უკითხავს არაფერი, როცა მარეტა ჩავქოლეთ. ასეთი იყო, მთის კანონი და ასეთია დღეს საზოგადოებრივი კანონი და მართლმსაჯულება, რომელმაც არა ერთი ქალის ცხოვრება დაანგრია. რომელიც, ისე ლახავს ადამიანის თავმოყვარეობას, რომ ერთხელაც არ იკითხავს - იქნებ ვცდები? და თუ ვცდები, ვინ დაუბრუნებს ამ ქალს ღირსებას, რომელიც წავართვი?
დღეს, მაგდა დამნაშავეა, რადგან ის, ქალი-ადამიანია, რომელმაც შეიძლება დაუშვას შეცდომა, იმიტომ რომ, ადამიანია, მაგრამ არ აქვს შეცდომის დაშვების უფლება, იმიტომ რომ, ქალია. იმიტომ რომ, დედამთილს და ქმარს არ დაუჯერა. ერთადერთ ნუგეშად ის დარჩა, რომ ღმერთმა მისი შვილი მაინც შეიბრალა და ბავშვი ვერ ხედავს, ჯერ საკუთარი ოჯახის ნამდვილ სახეს, მერე კი, სიძულვილით სავსე საზოგადოებას, რომელსაც ყველაფრის უფლება აქვს, იმიტომ რომ, დამნაშავე და სანახაობა სჭირდება.
შვიდი თვე საზოგადოება უსაქმურად არ იყო, მას სალაპარაკო ჰქონდა. შვიდი თვე მაგდაზე იყო დამოკიდებული რამდენად რეიტინგული იქნებოდა მედია. შვიდი თვე მაგდაზე იყო ამოფარებული მთელი ქვეყანა, რომელიც ცდილობდა მთელი თავისი სიბინძურე მისთვის დაებრალებინა. არჩევანში არც შეცდა. ვინ დაიცავდა ქალს, რომლის მოწინააღმდეგეც დედამთილი იყო. ხელისუფლებამ ხომ, მაშინ მიატოვა ხალხი, როცა კანონები საკუთარ თავზე მოირგო.
კიდევ ერთი ქალი შეეწირა, ვიღაცეების სულელურ ამბიციებს. მაგრამ მე მეცოდება საზოგადოება, რომელმაც კიდევ ერთხელ ჩამოიხსნა ნიღაბი და დაგვანახა, რომ ადამიანი ცხოველისგან შეიქმნა და მის შექმნაში ღმერთის ხელი ნამდვილად არ ურევია; მეცოდება ხელისუფლება, რომელსაც მხოლოდ დამნაშავე სჭირდება; მეცოდება მედია, რომელსაც საკუთარი რეიტინგის გარდა არაფერი აინტერესებს; მეცოდება მაგდას დედამთილი, რომელმაც შვილი ვერ გაზარდა; მეცოდება ყველა ის ადამიანი, ვინც ტაშით შეხვდა ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტს; მეცოდება მოსამართლეც და ის 12 ნაფიცი მსაჯულიც, რომლებიც ვიღაცის ინტრიგების მსხვრეპლნი არიან და საკუთარ პროფესიას ბოროტად იყენებენ. მათ უსამართლობას შეწირული ადამიანების რიცხვი, კიდეც ცალკე თემაა.
კომენტარი