რა ელის ევროპის ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურს? - "ბირთვული უსაფრთხოების ყველა პრინციპი დაირღვა"
3 აგვისტოს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დირექტორის რაფაელ გროსის განცხადება გავრცელდა, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომური სადგური მთლიანად კონტროლიდანაა გასული. "ბირთვული უსაფრთხოების ყველა პრინციპი დაირღვა", - განაცხადა გროსიმ. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, მისი გუნდი მზად იყო, ქარხნის მოსანახულებლად ბოლო ორი თვის განმავლობაში, თუმცა მათ ამ დრომდე ვერ შეძლეს მისიის განხორციელება. რამდენიმეთვიანი ოკუპაციის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის მიზნები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით გაუგებარი რჩება, თუმცა ქმედებებმა, რომლებიც დამპყრობლებმა ობიექტზე ჩაიდინეს, ძირი გამოუთხარა სადგურის მუშაობის უსაფრთხოებას, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის უახლოეს ცნობებზე დაყრდნობით ავრცელებს. ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსული ჯარები მოქმედებენ ელექტროსადგურის სიახლოვეს მდებარე რაიონებში და გამოიყენეს ამ რაიონებში ბაზირებული საარტილერიო ქვედანაყოფები უკრაინის ტერიტორიის დასაბომბად დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე. "რუსეთის ფედერაციის ჯარი ქალაქ ენერგოდარს თავისი ძალების დასასვენებლად იყენებდა და ატომურ ელექტროსადგურის სიახლოვეს ყოფნით უკრაინის მხრიდან თავისი აღჭურვილობისა და პირადი შემადგენლობის დაბომბვის რისკს ამცირებდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. მანამდე რუსული მხარე ამტკიცებდა, - დასავლეთიდან მიღებულ იარაღს უკრაინა ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის დასაბომბად იყენებსო. "რუსი ოკუპანტები იმალებიან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე, ხოლო უკრაინული პოზიციებზე "გრადებით" და " ურაგანებით" შეტევის მისატანად გამოდიან ამ ტერიტორიიდან გარკვეულ მანძილზე", - განაცხადა სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა ამ ცოტა ხნის წინ, უკრაინულ მედიასთან. მისი თქმით, ამიტომაც უკრაინული მხარე ძალიან ფრთხილობს, იყენებს შედარებით მაღალხარისხიან იარაღს - დრონ-კამიკაძეებს, რომლებსაც მიზნის ზუსტად განადგურება შეუძლიათ, რათა რაიმე ზიანი არ მიადგეს ელექტროსადგურის ტერიტორიას. "მთავარია მოესწროს მიზნის განადგურება უშუალოდ საცეცხლე პოზიციაზე. უკრაინული მხარე არ ისვრის ატომური ელექტროსადგურის მიმართულებით, სადაც ოკუპანტები იმალებიან და არც გაისვრის. კარგია, რომ რუსი ოკუპანტებიც არ ხსნიან ცეცხლას უშუალოდ სადგურის ტერიტორიიდან", - განაცხადა ჟდანოვმა. ცნობისთვის, ზაპოროჟიეს ატომური სადგური რუსულმა ძალებმა მარტის დასაწყისში დაიკავეს. ის ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურია.
კომენტარი