ივანიშვილის ახალი მიზანი ინტერნეტტელევიზიის შექმნაა - კადრებს უკვე ეძებენ
პოლიტიკაში წასული მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივმა მოძრაობამ, „ქართული ოცნება“ კომპანია „იგრიკას“ გენერალურ დირექტორ ლაშა შონიას ხელფასის სახით 4 ათასი ლარი გადაუხადა. „იგრიკა“ ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა ილია (ბაჩო) კიკაბიძემ დაარსა. 2011 წლის 9 სექტემბერს „იგრიკამ“ საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო, 23 დეკემბერს კი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ თანამგზავრით მაუწყებლობის უფლებაც მისცა. იმ პერიოდში კიკაბიძე media.ge-სთან საუბრისას აცხადებდა, რომ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და უახლოეს პერიოდში ორი სატელევიზიო არხის გაშვებას აპირებდა. თუმცა სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ 12 დეკემბერს ილია კიკაბიძის 100%-იანი წილის მართვის უფლება შპს „აქცეპტს“ 2013 წლის 31 დეკემბრამდე გადაეცა. იმავე დღეს წილის მმართველთან ერთად „იგრიკას“ დირექტორის პოსტი „აქცეპტის“ ხელმძღვანელმა ლაშა შონიამ დაიკავა.
შპს „აქცეპტის“ 80%-ს ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ხვედელიძე ფლობს. დანარჩენი 20% კახა კობიაშვილს ეკუთვნის. ეს უკანასკნელი ბიძინა ივანიშვილის კომპანიებს „ქართულ ჰოლდინგსა“ და „ჰოლდინგი ოცდამეერთეს“ ხელმძღვანელობს. „ქართული ჰოლდინგი“ ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ერთპიროვნული მფლობელია. კონტროლის პალატის მიერ 10 იანვარს გამოქვეყნებულ სიაში შონიას ხელფასის სახით „ქართული ოცნებისგან“ 4 ათასი ლარი აქვს აღებული, თუმცა, კონკრეტულად რა საქმიანობისთვის მიიღო ჰონორარი, უცნობია. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ არ იციან ვინ არის ლაშა შონია, ივანიშვილის პრესსამსახურის უფროსი ნონა ყანდიაშვილი შონიას სტატუსის გარკვევას დაგვპირდა.
„აქცეპტსა“ და „იგრიკას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მმართველი კომპანია ვალდებულია, მოიზიდოს ინვესტიციები. წილის მფლობელი კი მმართველს ანაზღაურების სახით სამეწარმეო წლის ბოლოს მოგების 15%-ს გადასცემს. კონკრეტულად რა თანხად იყიდა „აქცეპტმა“ „იგრიკას“ მართვის უფლება, ხელშეკრულებაში არ წერია. ამ ინფორმაციის მიღება media.ge -მ ილია კიკაბიძისგან ვერ მოახერხა, რადგან „მაესტროს“ დირექტორი და "იგრიკას" მფლობელი საქართველოში არ იმყოფება.
მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს რომ ტელევიზიის შექმნა სურს, ამის შესახებ მედიაში დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია. გაზეთი „რეზონანსი“ 29 დეკემბრის ნომერში წერდა, რომ ტელევიზიისთვის საჭირო აპარატურა უკვე შეძენილია, თუმცა საბაჟოზე შეფერხებაა და თბილისში ვერ ჩამოდის. ეს ინფორმაცია გაზეთთან ინტერვიუში ივანიშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნონა ყანდიაშვილმა უარყო.
Media.ge-ს ინფორმაციით კი ივანიშვილის პრესმდივანი ირაკლი ტრიპოლსკი და პირადად ლაშა შონია „კავკასიის უნივერსიტეტის მედია სკოლის“ სტუდენტებს შეხვდნენ და თანამშრომლობა შესთავაზეს. სტუდენტების თქმით, ივანიშვილის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ აპირებენ ინტერნეტ ტელევიზიის შექმნას და აქცენტს დამწყებ ჟურნალისტებზე აკეთებენ, თუმცა კონკრეტულად როდის დაიწყებენ მაუწყებლობას, არ დაუკონკრეტებიათ.
ლაშა შონია ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ტექნიკურ განყოფილებაში მუშაობდა. ამავე ტელევიზიის ხელმძღვანელის პოსტს ირაკლი ტრიპოლსკი იკავებდა, რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანია. „მეცხრე არხი“ 1999-2004 წლებში მაუწყებლობდა, მისი მფლობელი კი ბიძინა ივანიშვილი იყო.
ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანიის შექმნის შესახებ ჯერ კიდევ პოლიტიკაში მოსვლის პირველ დღეებში განაცხადა. ის ყველა ჟურნალისტს, ვისაც თავისი ობიექტურობისა და პრინციპულობის გამო სამსახურიდან დაითხოვდნენ, მისი პოლიტიკური პარტიის შტაბში, საინფორმაციო ცენტრში ეპატიჟებოდა. საინფორმაციო ცენტრს უნდა გაეერთიანებინა ტელევიზია, რადიო, გაზეთები და ინტერნეტგამოცემები. ივანიშვილმა ტელეკომპანიების მფლობელებს ინვესტიციის ჩადებაც შესთავაზა:
"შევიძენ ნებისმიერ ქართულ ტელევიზიას, რომელსაც საინფორმაციო გადაცემების ლიცენზია გააჩნია“, -განაცხადა ივანიშვილმა 7 ოქტომბერს მის პირველ წერილში.
ივანიშვილი ტელეკომპანიის მეპატრონეებს საბაზრო ღირებულებაზე სამჯერ მეტ თანხას სთავაზობდა. ორი წლის შემდეგ კი ერთ ლარად უკან დაბრუნებას ჰპირდებოდა. ივანიშვილი მფლობელებს ტელევიზიის საშუალო ღირებულების 15 პროცენტით გაზრდის პირობასაც აძლევდა.
კომენტარი