შალვა ნათელაშვილის მეუღლე დიდი სიყვარულის ამბავს გვიამბობს
შალვა ნათელაშვილის მეუღლემ, ბელა ალანიამ ფეისბუქზე ძალზედ საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც droni.ge უცვლელად გთავაზობთ
-ქალბატონო,შეიძლება დავჯდე? - თავის დაქნევით ვუდასტურებ თანხმობას ქალს, რომელიც ჩემს პასუხს არც კი ელოდება და შეკითხვისთანავე ჯდება , ჩემს გვერდით , სავარძელში.
-თქვენ ქართველი ხართ? - მეკითხება რუსულად.
-დიახ,- ვპასუხობ და რატომ მიკვირს არ ვიცი, ასე ადვილად რომ გამოიცნო.
-40 წელია საფრანგეთში ვცხოვრობ. ისე, მოლდაველი ვარ. ჩემი მეუღლე გაცნობისთანავე შემიყვარდა. მაშინ საბჭოთა რეისებზე მუშაობდა. ის მფრინავი იყო. თითქმის ყოველთვის, როცა სადმე მიფრინავდა ან მოფრინავდა, დასახვედრად აეროპორტში მივდიოდი. თქვენ გახსოვთ, როგორი ძნელი იყო საბჭოთა პერიოდში კაპიტალისტურ ქვეყნებში გამგზავრება. კიდევ უფრო ძნელი, უცხოელზე დაოჯახება ჩვენი შეხვედრის ადგილად ,სწორედ, აეროპორტი იქცა. მის ყველა რეისს ვხვდებოდი და ვაცილებდი. ასე გრძელდებოდა წლები. სანამ საბჭოთა კავშირი არ დაიშალა. მერე, ჩვენ დავქორწინდით. ჩვეულების ღალატი გამიჭირდა, აქ, საფრანგეთშიც ,იგივე გრძელდებოდა. ის იმდენად შეჩვეული იყო ჩემს გაცილება-დახვედრას, რომ წლების განმავლობაში ამ აეროპორტში მოვდიოდი და მისი მომლოდინე, სწორედ, ამ სავარძელში ვიჯექი. ხანდახან, როცა რეისი აგვიანებდა, ჩამომეძინებოდა, ხან კი დამათენდებოდა... ის მოდიოდა ჩემთან, ყოველთვის ამ უცვლელ ადგილას - თქვა ქალმა და სწორედ ის სკამზე მიმითითა, ასე ცალყბად, ნებართვა რომ ითხოვა დასაჯდომად.
მიკვირდა, რომ მისთვის უცნობ ადამიანთან, ასე პირდაპირ დაიწყო თავისი ცხოვრების, ასეთი მნიშვნელოვანი დეტალებზე საუბარი.ძალიან ენაწყლიანი ჩანდა, ჭაღარანარევი თმებით და ლამაზი პირ-სახით. თუმცა, მართალი გითხრათ, მალე უნდა გავსულიყავით საფრენ მონაკვეთზე და უცნობთან საუბრის განწყობა არ მქონდა, ამიტომაც, საუბარში არ ავყევი და ძირითადად ვდუმდი. ქალი კი, მაინც განაგრძობდა ლაპარაკს, მოწონდა რომ რუსულად მოსაუბრე იპოვა და ყოფილ საბჭოელს, თავისიანად მთვლიდა. ალბათ, სანამ ეს თაობა იარსებებს, ეს გრძნობა , თავისდაუნებურად გააერთიანებს მათ.
- ჩემი მეუღლე, უკვე რამდენიმე წელია, ცოცხალი აღარაა. მისი თვითმფრინავი არ მოფრინდა... ეს გახმაურებული ისტორიაა, არ გახსოვთ? რიო-დეჟანიეროდან მოფრინავდა აერობუსი, გამოფრენიდან 2 საათის შემდეგ, შუა ატლანტიკაზე გაქრა რადარებიდან.. დაიღუპა 228 მგზავრი და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ, სპეციალური აპარატებით, ამოსწიეს ოკეანის ფსკერიდან, 2500 მეტრი სიღრმიდან...
ამ ამბავმა, ძალიან ცუდ ხასიათზე დამაყენა. განსაკუთრებით ,გაფრენის წინ ,ამის მოსმენა, საშინლად არ მესიამოვნა. ეს ქალი შემეცოდა. ჩემი წუხილი გამოვხატე და დამშვიდებაც ვცადე. ის კი, განაგრძობდა მოყოლას:
-იმ დილით, მეუღლემ მთხოვა, ხომ არ წამოხვალ ჩემთან ერთად, გავფრინდეთ და გავისეირნოთ რიოში, მხოლოდ ერთი ღამის გათენება მოგვიწევს, ეს, დაუვიწყარი ღამე იქნებაო.. სამსახურში ბევრი საქმე მქონდა. მე ადვოკატი ვარ. ვერ წავედი . წესისაამებრ, აეროპორტში გავყევი. როგორც იცოდა, გასასვლელამდე მივიდა, მოიხედა, გამიღიმა და ხელი დამიქნია... ეს ჩვენი ბოლო დამშვიდობება აღმოჩნდა. ახლა ვნანობ, რომ არ გავყევი...
- რას ამბობთ, ღმერთმა გადაგარჩინათ, რომ არ გაფრინდით მასთან ერთად. ახლა სად მიბრძანდებით? - ვკითხე, ამ ისტორიის მოსმენით გულდაწყვეტილმა. ვატყობდი, რომ თანდათან, მოსაუბრე იპყრობდა ჩემ გულს და უფრო და უფრო მიახლოვდებოდა.
-არსად არ მივფრინავ! მას შემდეგ ,დიდი დრო გავიდა, მე კი, აქ ვზივარ და ველოდები... სულ ვეკითხები საკუთარ თავს, თუ როგორ იქნებოდა იმ მძიმე წუთებში... თქვენ გგონიათ, გადავრჩი? არავინ იცის, თუ რას ნიშნავს გადარჩენა.?!
უკვე გამგზავრების დრო იყო. ჩემი მეუღლეც დაბრუნდა. წამოვდექი და მართლა როგორც ახლობელს,ისე დავემშვიდობე.
-როცა კიდევ ჩამოხვალთ, გახსოვდეს, მე , აქ ვიჯდები...
გასასვლელამდე მივედი და შევხედე, ქალი ხელს მიქნევდა და მიღიმოდა.
- სად არ შეხვდები ნაცნობ-ახლობელს?! -მითხრა მეუღლემ. -ვინაა, ეს ქალბატონი?
- ქალი-გამცილებელი, რომელიც თვითმფრინავებს ხვდება და აცილებს. მისი სიყვარული შორს გაემგზავრა და მას შემდეგ ელოდება. ერთ დღეს, აუცილებლად ჩამოვა მასთან და წაიყვანს თავისთან.. თან, სამუდამოდ. ვისაც ჰგონია, რომ სიკვდილით სიცოცხლე მთავრდება, სცდება. სიცოცხლე ხომ სიყვარულია და მანამ განაგრძობს არსებობას, სანამ უყვართ და ელიან...
კომენტარი