ხმაური და დაპირისპირება საკრებულოში - სხდომის დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება
ხმაური და დაპირისპირებაა თბილისის საკრებულოში. - ერთმანეთს ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ამ წუთებში საკრებულოში სხდომა უნდა დაიწყოს, თუმცა სიტყვიერი დაპირისპირებისა და ხმაურის გამო, სხდომის დაწყება ვერ ხერხდება.
სხდომათა დარბაზში სიტუაციის გასანეიტრალებლად, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ.
საკრებულოს სხდომაზე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების გადაცემის საკითხზე უნდა იმსჯელონ. საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და ასევე, ბოტანიკურის მიმდებარედ 5000 კვ მეტრზე თაბორის მთაზე.
პუშკინის სკვერის ქვეშ, მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობა იგეგმება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოში კომისიების გაფართოებულ სხდომაზე იქნა მიღებული.
გამომდინარე იქიდან რომ, ორივე ეს ტერიტორია პანორამა თბილისის საზღვრებშია, ოპოზცია მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" გადაწყვეტილებას ივანიშვილის სასარგებლოდ იღებს.
ოპონენტების ცხარე წინააღმდეგობის ფონზე კი მანამდე, თბილისის საკრებულოს ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა. გარემოს დაცვის კომისიამ საკითხს მხარი არ დაუჭირა და მისი გადადება მოითხოვა, მეორე კომისიამ კი, მიწებისთვის ფუნქციური სტატუსის შეცვლის და ივანიშვილის კომპანიისთვის გადაცემის იდეა მოიწონა.
შეხვედრაზე ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად მივიდა, კომისიის სხდომას თბილისის მერობის ოპოზიციური კანდიდატები: ზალიკო უდუმაშვილი, ალეკო ელისაშვილი და ელენე ხოშტარია ესწრებოდნენ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
კომენტარი