ხუდონჰესის მსგავსი პროექტები მთაში მიგრაციის შეჩერებას შეუწყობს ხელს
რატომ დაიცალა მთა, რატომ გაუკაცრიელდა საქართველოს ტერიტორიის 2/3, რატომ ვკარგავთ ტერიტორიებს ისე, რომ ამის შესახებ ვერც კი ვიგებთ? სიდუხჭირე, უგზოობა, უწამლობა, უფულობა, მრავალი მიზეზი არსებობს საიმისოდ, რომ ადამიანმა მამაპაპისეულ მიწაზე უარი თქვას და ბარში ჩამოსახლდეს. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მთიანეთის პრობლემათა კომპლექსური შესწავლის კომისიის თავმჯდომარე, მეცნიერებათა დოქტორი ბერდო გოიშვილი ამბობს, რომ მთიანეთში ვითარება უმძიმესია, პროგნოზი კი ჯერ-ჯერობით არასაიმედო.
"ხევსურეთში, ბიჩვნარში, უკვე რუსები შემოიჭრნენ, არღუნის ტერიტორიაზე ჩეჩნებს აქვთ პრეტენზია, ასას ტერიტორიაზე პრეტენზიას ინგუშები აცხადებენ, დაღესტანი ამბობს ჭონთის 80 ჰექტარი ჩემი კოლმეურნეობის ბრიგადის საძოვარიაო, რა ხდება ხევში კი ხედავთ, როგორ გადმოიწია საზღვარმა დარიალის ხეობაში, სომხეთსა და აზერბაიჯანშიც მოხდა საზღვრის გადმოწევა, რა ხდება რაჭაში? წამოვიდა ოსეთი და მამისონზე ააფრიალა ოსური დროშა. ასე ხომ სახელმწიფო ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე გვემუქრება? დაუსახლებელი ტერიტორია ცარიელი ეკლესიასავითაა, რომელსაც ეშმაკები ეპატრონებიან" _ ამბობს აკადემიკოსი.
დაახლოებით ერთი თვის წინ, მაღალმთიანი რეგიონების პრობლემების მოგვარების მიზნით სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც ხელისუფლების მხრიდან რეგიონული განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები შევიდნენ. მზადდება კანონი "მაღალმთიანი და მასთან გათანაბრებული რეგიონების შესახებ", რომელიც ჯერ-ჯერობით საზოგადოებრივი განხილვის ეტაპს გადის. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილის კობა არაბულის თქმით, კანონი მთის ეკონომიკურ აღორძინებას ითვალისწინებს და არა სუბსიდირების გაზრდას, რასაც არასდროს მოჰქონდა შედეგი.
"პროექტში ჩავდეთ ეკონომიკური ხასიათის მექანიზმები, რომელსაც მხოლოდ სოციალური დახმარების ელფერი არ დაკრავს. ეს უაზრობა იყო მაშინაც, როცა მთის პრობლემების მოგვარებას სოციალური დახმარებით ვცდილობდით და უაზრობა იქნება ხვალაც. შესაბამისად, სოციალური დახმარება მხოლოდ ერთი ნიუანსია, რომელიც შესაძლოა მნიშვნელოვანია, მით უმეტეს მთაში, მაგრამ თუ ბიზნესის განვითარებას არ შეეწყო ხელი, კოოპერაციის განვითარებას და იქ მაცხოვრებელ ადამიანებს არ მივეცით სტატუსი, მთას ვერ გადავარჩენთ." _ ამბობს არაბული. ის ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ მთის მოსახლეობა მომხმარებლის ფსიქოლოგიიდან მწარმოებლის ფსიქოლოგიაზე უნდა გადაიყვანოს, თუმცა იმასაც აღიარებს, რომ საწარმოების გამართვას და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მილიონები სჭირდება, რაც შესაძლოა ბიუჯეტში არ აღმოჩნდეს.
ჩვენს კითხვაზე, რა გავლენა ექნება ისეთი დიდი ინვესტიციების განხორციელებას მთიანი რეგიონებისთვის, როგორიც ხუდონჰესია, კობა არაბული ამბობს, რომ მსგავსი პროექტები ხელს უწყობს შიდა მიგრაციის შეჩერებას.
"დიდი ინვესტიციები ყოველთვის და ყველგან ხელს უწყობს მიგრაციის შეჩერებას, მთავარია ის ინვესტიციები მიზნობრივად მოხმარდეს იმას, რისთვისაც ხორციელდება.
ჩვენ გვინდა სამართლებრივად და სტრატეგიული დაგეგმის თვალსაზრისით სივრცე ისეთნაირად მოვაწესრიგოთ, რომ ინვესტიცია დიდი იქნება თუ მცირე, თავის ადგილზე მოხვდეს. რაც შეეხება სვანეთს და ჰესის აშენების პრობლემას, ვფიქრობ კარგი იქნებოდა ხუდონიც მაშინ აშენებულიყო, როცა ენგური შენდებოდა. დღეს უკვე აშენებული გვექნებოდა და სადავოც არაფერი იქნებოდა. ვფიქრობ, აქ მთავარი პრობლემა მოსახლეობის ინფორმირებულობაშია. არ იციან ინვესტორი კომპანიის ხელშეკრულების პირობები, ასპექტები... თავიდანვე რომ ეკითხათ მოსახლეობისთვის ამ ხელშეკრულებაში ჩადებული პირობების შესახებ, ალბათ დღეს ეს პრობლემა აღარ წამოყოფდა თავს. ვფიქრობ დისკუსია და ემოციები ნაკლები იქნებოდა და ადგილი დაეთმობოდა პრაგმატულ მსჯელობას. დღეს ცალსახად იმის თქმა, გვინდა ეს ჰესი თუ არ გვინდა, არაა სწორი პოზიცია და ამგვარად საკითხები არ წყდება."
მთიან რეგიონებში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ემხრობა ბერდო გოიშვილიც.
ის იხსენებს, რომ ხუდონჰესის იდეა თავის დროზე ზურაბ ჟვანიას აქტივობის გამო ვერ განხორციელდა, რასაც პრემიერ-მინისტრი შემდგომში ძალიან ნანობდა.
"ხუდონჰესის პროექტი სამწუხაროდ ვერ განხორციელდა ჟვანიას აქტივობის გამო, რასაც ის ძალიან ნანობდა ბოლოს. მაშინ მე პარლამენტის კონსულტანტი ვიყავი და შევხვდი ზურაბ ჟვანიას. ჩვენ გვინდოდა რომ ჰესი აშენებულიყო, მაგრამ აკადემიაში იყო ერთი აკადემიკოსი თენგიზ ონიანი, რომელიც ამის წინააღმდეგი იყო. აკადემიაში თათბირი მოეწყო, მაშინ თქვა ჟვანიამ, რომ არაო, ეს ჰესი უნდა აშენებულიყოო. ხომ ხედავთ რა ხდება დღესაც, მოსახლეობა დარაზმეს და არის დიდი ამბავი, რომ არავითარ შემთხვევაში არ ავაშენებინებთო."
მთიან რეგიონებში დასაქმების ერთადერთი გზა სახელმწიფო სამსახურია, რაც ერთეულების ხვედრია. კობა არაბული ამბობს, რომ მთიანი რეგიონების მოსახლეობა ფაქტობრივად დაუსაქმებელია, თვითდასაქმება კი შიდა მიგრაციას ვერ აჩერებს.
"საჯარო სამსახურის გარდა სად არის დასაქმება? თვითდასაქმება თუ დასაქმებაა, მაშინ ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დაგვისაქმებია მთელი საქართველო. დასაქმება კი არა ჩვენ გვაქვს გაცილებით მძიმე სტატისტიკა, როცა ქვეყნის 2/3-ზე ცხოვრობს მოსახლეობის 5%-ზე ნაკლები. სახელმწიფოს ახალი და განსხვავებული პოლიტიკა მთისადმი, ეს არის ამ პრობლემიდან გამოსავალი. ზოგადად მე არ ვარ სოციალური დახმარებების მომხრე, რადგან ვფიქრობ რომ ამან მენტალურად ძალიან დაგვაზარალა, ხელის გამოწვდენას მიგვაჩვია და არა შრომას. ჩვენი მთავარი არსი არის ის, რომ ადამიანები კვლავ ხელგამოწვდილი დახმარებას კი არ მოელოდნენ, არამედ მთავარია სჯეროდეთ, რომ თავისი ნამუშევრით კარგად იცხოვრებენ."
ხუდონჰესის მშენებელი კომპანია "ტრანსელექტრიკა ჯორჯია" 6 წლის განმავლობაში 4 ათასი ადგილობრივის დასაქმებას აპირებს. ბერდო გოიშვილის თქმით, მსგავსი პროექტები მისაღებია, თუ მოსახლეობის ცხოვრების დონეს რეალურად გააუმჯობესებს.
კომენტარი