სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეროსი კიწმარიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე ვერ შეთანხმდნენ

"ქართული პარტიის" ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილი, აქტიურად ლობირებს მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნას. კიწმარიშვილის განცხადებით, თუ უახლოეს ერთ თვეში საფუძველს ვერ ჩაუყრიან მესამე პოლიტიკურ ცენტრს, მოხდება სრული პოლარიზაცია ხელისუფლებასა და ივანიშვილს შორის, რაც ივანიშვილს, არჩევნებზე დიდი ალბათობით დამარცხების შემთხვევაში, აიძულებს დათანხმდეს მიღებულ 20-30 ადგილს, რაც სრულად მოკლავს საპროტესტო მუხტს.

"პოლარიზაცია და ივანიშვილის ბრძოლის უპერსპექტივო ტაქტიკა სრულად გაანადგურებს პოლუსებს მიღმა დარჩენილ პოლიტიკურ ძალებს, რაც სააკაშვილის დიდი ხნის ოცნებაა. შედეგად არენაზე დარჩებიან მხოლოდ რესპუბლიკელები და ალასანიას პარტია. ივანიშვილის კვოტით გასულ რამდენიმე ადამიანს თუ არ ჩავთვლით“, - განაცხადა ეროსი კიწმარიშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილი პასიურ რეჟიმში ყოფნას და მოვლენებისადმი ბოლო მომენტამდე დაკვირვების რეჟიმში ყოფნას უჭერს მხარს და მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნა შეუძლებელად მიიჩნევს.

"მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნა შეუძლებელია, რადგან მათ, ვინც ამ ცენტრის შემადგენელნი უნდა გახდნენ, საკმარისი ჭკუა არ ჰყოფნით, რომ ამის აუცილებლობაში დარწმუნდნენ. სრულიად არ სჯერათ საკუთარი ძალების და წარმატების, დამოუკიდებელ ბრძოლას და ამ ბრძოლაზე პასუხისმგებლობის აღებას ურჩევნიათ, ჯერ ისევ პირდაღებულნი ივანიშვილის წყალობის მოლოდინში იყვნენ და იქნებიან უკანასკნელ წუთამდე, სანამ ამის იმედი არ გადაეწურებათ. ხოლო, როდესაც გადაეწურებათ, ყველაფერი უკვე დამთავრებული იქნება და ისინი პოლიტიკური სცენიდან გამქრალნი იქნებიან, თანაც პოლარიზაციის ეს სახე - აქეთ სააკაშვილი თავის ნაძირლებით და იქით - ივანიშვილი, თითქმის იგივე შემადგენლობით, გვაძლევს შანსს სიამოვნებით საყურებელი ბრძოლის. როდესაც შეიძლება დატკბე, როგორ დახოცავენ ისინი ერთმანეთს, თუმცა, სამწუხაროდ, ეროსის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ბრძოლა ხანმოკლე იქნება და მეორე რაუნდამდეც ვერ მიაღწევს სააკაშვილის სასარგებლოდ, საიდანაც მიშა, ასევე დიდი დანაკარგებით გამოვა”, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

"ქართული პარტიის" განცხადებით, აზრის შეჯერება ვერ მოხერხდა, რის გამოც, გამორიცხული არაა, პარტიაში ამ საკითხზე შიდა კენჭისყრა გაიმართოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100