სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"არასოდეს! მეყოფა ძალა, გამოვიდე და ჩემი ისტორია მოვყვე" - ელენე მრავალჯერადი ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი გოგონა

სტატიის პირველი ნაწილი გაუპატიურების, როგორც ქალზე სექსუალური ძალადობის საქართველოში გავრცელებული ფენომენის, ფართო საზოგადოებისათვის წარდგენას ისახავს მიზნად. სტატიის მეორე ნაწილი, რომელიც მალე გამოქვეყნდება, ერთი მხრივ, გაუპატიურების ტრავმას შეეხება, მეორე მხრივ - საქართველოში ქალის გაუპატიურების კულტურულ თავისებურებებს.

„საქმე რა არის იცი? არასოდეს! და ამ სიტყვას მართლა ვგულისხმობ: არასოდეს! მეყოფა ძალა, რომ, საჯაროდ გამოვიდე და ჩემი ისტორია დედაჩემს, ჩემს დებს, ქმარს, შვილებს, მეგობრებს, ნათესავებსა და კოლეგებს მოვუყვე. გული ან მათ გაუსკდებათ, ან მე. ალბათ უფრო მე. თან ძალიან მინდა, მე რაც გამოვიარე, ყველამ გაიგოს: მოძალადეებმა, მათმა ცოლ-შვილმა, მშობლებმა, სხვა ჩემნაირებმა, რომლებიც ჩემსავით არასოდეს ამოიღებენ ხმას. შესაძლო მსხვერპლებმა, რომ გაფრთხილდნენ და თავი გადაირჩინონ. უბრალო ადამიანებმაც….. ჩემი მოძალადეები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ გავჩუმებულიყავი. ყველაზე მეტად ამ ამბის გახმაურების ეშინოდათ. თითქოს ეხლაც მათ მითითებას ვასრულებ. თითქოს, ისევ მეშინია. ძალიან მინდა, რომ, ჩემს მაგივრად ვინმე მოყვეს, მთლიანად და თავიდან ბოლომდე, ყველა იმ გულისამრევი მომენტით, რომელიც დაუმთავრებელი 3 წელი გრძელდებოდა.“

ჩემი პაციენტი ელენე მრავალჯერადი ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლია. მან უფლება მომცა, მისი ისტორიის ზოგიერთი დეტალი სტატიაში წარმომედგინა.

2013 წლიდან მოყოლებული სექსუალური ძალადობისა და ინდივიდუალური და ჯგუფური გაუპატიურების შემთხვევები საგრძნობლად მომრავლდა პაციენტების ინტერვიუებში, ამიტომ შინაურული „კვლევის“ ჩატარება გადავწყვიტე. დამაინტერესა, 40 წლის ასაკში ამ ფენომენის შესახებ უფრო მეტი რატომ არ მსმენოდა ჩემი სანაცნობოს პატრონს, რომელიც, მხოლოდ ფეისბუქს თუ დავეკითხებით, ერთ ათასზე მეტ მეგობარს მოიცავდა. მეგობრები შევკრიბე და რამდენიმე კომპოზიტური ქეისი[1] მოვუყევი. შემდეგ კი ვკითხე, მათ თუ გაეგოთ მსგავსი ისტორიები, ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლს ხომ არ იცნობდნენ. თავდაპირველი შოკისა და „არ არსებობს!“-ის შემდეგი კითხვა-კომენტარებიდან სამი მათგანი შესაშური კანონზომიერებით გამეორდა:

  • რომელი სოციალური წრიდან არიან ეგ ქალები… შენც ხომ იცი, ჩვენს გარემოცვაში ეგეთები არ ხდება;
  • რას ნიშნავს, ასეთი სისასტიკით ვინმე თავს დამესხას და მე თევზივით წყალი ჩავიგუბო პირში? დაქალი მაინც არ ჰყავდათ, რომ ეთქვათ? ან დედა?
  • თუ არ დამარტყა და გამთიშა, როგორ უნდა გამაუპატიუროს, ვერ ვხვდები. ნაღდად მსხვერპლები იყვნენ? ანუ ბოლომდე იბრძოლეს?
  • მე-4 კომენტარი სტატისტიკის მცოდნემ გააკეთა: პროფესია გაქვს ისეთი, რომ ყველა მსხვერპლი შენთან იყრის თავს და რა გაფიქრებინებს, რომ ზოგადად ბევრნი არიან?

    სტატიას „სტატისტიკოსი“ მეგობრის კითხვაზე პასუხით დავიწყებ:

    2013 – 2015 წლებში ჩემთან მოსული პაციენტებიდან 31 ქალი და 4 კაცი გაუპატიურების მსხვერპლია. (გაუპატიურების ამ სტატისტიკაში მე არ ვგულისხმობ ა. გაუპატიურების მცდელობას და ბ. სექსუალური ძალადობის სხვა ფორმებს.)

    ერთი ჩვეულებრივი კერძო პრაქტიკის მქონე სპეციალისტისთვის, რომელიც არც კრიზისულ ცენტრში მუშაობს და არც ტრავმაზე სპეციალიზებულ კლინიკურ დაწესებულებაში, ხუთ მილიონიანი მოსახლეობის ფონზე ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

    გაუპატიურების ფორმა მრავალია, თუმცა ძირითადი ტიპოლოგია მოძალადეთა რაოდენობით, ძალადობის დროში ხანგრძლივობითა და მისი განმეორებადი ხასიათით დგინდება.

    ჩემი პაციენტებიდან 5 ქალი -ანა, ელენე, თამარი, ნატა და მაკო ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლები არიან.მოძალადეთა რაოდენობა 2-დან 7-მდემერყეობდა.ძალადობის დროს მსხვერპლთაგან ყველაზე უმცროსი ანა 12 წლის იყო, ყველაზე უფროსი – 20 -ის.

    ჯგუფური გაუპატიურების ფორმა – სექსუალური მონობა (sexual slavery, sexual ownership)

    3 პაციენტის შემთხვევაში გაუპატიურებას ქონდა არაერთჯერადი ხასიათი; ის მოიცავდა ადამიანის წამებისა და მისი დამცირების ჯგუფურ-რიტუალურ სახეს და ის 2-დან 6 წლამდე გრძელდებოდა. ჩემი პაციენტებიდან ყველაზე პატარა 12 წლის იყო, როცა ოჯახის ახლო მეგობრის შვილების (მოძალადეები მასზე 3-4 წლით უფროსები იყვნენ) სექსუალური მონა გახდა. ანამ მონობას 2 წლის შემდეგ დააღწია თავი, როცა მუქარებსა და სიკვდილის შიშს ტკივილმა სძლია.

    სექსუალური მონობის, როგორც მრავალჯერადი ჯგუფური გაუპატიურების, ფენომენზე შემდეგ სტატიაში შევჩერდები. სამწუხაროდ, ქალზე ძალადობის ეს აღვირახსნილი და სასტიკი ფორმა ყველა იმ კულტურაში არის ფესვგადგმული, რომლებმაც გაუპატიურების კულტურის იარლიყი დაიმსახურეს. საქართველო მათ რიცხვშია.

    ჯგუფური გაუპატიურების ფორმა – ერთჯერადი თავდასხმა

    ჯგუფური გაუპატიურების ორ შემთხვევას წარმოადგენდა ერთჯერადი თავდასხმა: მაკოს ქუჩაში დაესხა თავს ორი მამაკაცი. ეს უკანასკნელი 14 წლის იყო და როგორც ძალადობის ვერბალური აკომპანემენტიდან ახსოვს – „მოსატყნავად გატოვი ნატაშას ვიდზე იდგა.“ (ინტერვიუს სიტყვა-სიტყვით ამონარიდი). პაციენტი ქერა, თხელი აღნაგობის გოგონაა. ის ქართულად აქცენტით მეტყველებს. დედის მხრიდან მისი წინაპრები ომის დროს ჩამოსახლებული ბელორუსები არიან.

    თამარი კლასელების ფართიზე გააუპატიურა ოთხმა კლასელმა ბიჭმა. ამ უკანასკნელებმა მოინდომეს, მისთვის ეჩვენებინათ, რომ ის „სინამდვილეში ლეზბიანკა კი არ იყო, არამედ ყველა ქალივით ყლე უყვარდა“ (ინტერვიუს სიტყვა-სიტყვით ამონარიდი).

    26 პაციენტი ქალი და 4 მამაკაცი არის ინდივიდუალური ერთჯერადი და მრავალჯერადი გაუპატიურების მსხვერპლი. ინდივიდუალური გაუპატიურების ტიპოლოგია ასე გამოიყურება:

    ნარკოტიკის დახმარებით გაუპატიურება (drug rape/date rape).

    პაციენტებიდან 3 ქალს ჭიქაში ჩუმად ჩაუყარეს ნივთიერება (სავარაუდოდ MDMA ან როჰიპნოლი), რომლის მიღების შედეგადაც მათ წაერთვათ ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის უნარი, თუმცა, გონება არ დაუკარგავთ. საქმე ის არის, რომ რეიფ ნარკოტიკი მოძალადეებისათვის ხელსაყრელია იმითაც, რომ მსხვერპლში ის ფიზიკური ძალის გარდა, ნებელობას თრგუნავს. ეს უკანასკნელი თუნდაც იაზრებდეს მდგომარეობის სიმძიმეს, წინააღმდეგობის გაწევამდე ის ან საერთოდ ვერ მიდის, ან გაუპატიურებისაგან თავის დახსნის მისეული მცდელობები ეპიზოდური და სუსტია.

    ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად გაუპატიურება

    გაუპატიურების ინდივიდუალური ფორმებიდან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია: მოძალადეს ტკბილი საუბრით, ნამუსზე აგდებით, დაყვავებითა და გაწყრომით, ან ამ თავსმოხვეულ ემოციათა ურთიერთმონაცვლეობით დიდი ხნის განმავლობაში ფსიქოლოგიური იერიში მიაქვს მსხვერპლზე. იერიში ხშირად ნახევარი საათიდან რამდენიმე დღის განმავლობაშიც კი გრძელდება და მსხვერპლში იწვევს დაბნეულობის, დანაშაულის, სირცხვილის, არაადეკვატურობის განცდებს და გამოუვალი მდგომარეობიდან სწრაფად გამოსვლის სურვილს, რაც საკუთარი ნების წინააღმდეგ მოძალადესთან სექსით მთავრდება.

    ძალადობის აქტის შემდეგ მოძალადე მსხვერპლს არწმუნებს, რომ სინამდვილეში ეს მისივე სურვილი იყო. „შენ თვითონ რამდენი ხანია გინდოდა, პროსტა ვერ ხვდებოდი და გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარე“(ინტერვიუდან სიტყვა- სიტყვით ამონარიდი).

    ჩემი პაციენტებიდან 7 ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად გააუპატიურეს.

    ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად გაუპატიურება ქართველი ქალებისათვის კარგად ნაცნობი მოტაცების ფენომენის აუცილებელი ატრიბუტია. ბიჭის მიზანია, საქალწულე აპკი რაც შეიძლება, მოკლე დროში მოაცილოს გოგოს, რათა ეს უკანასკნელი წუნნადები საქონლის პრინციპით ოჯახმა უკან აღარ დაიბრუნოს.

    ფიზიკური თავდასხმის შედეგად გაუპატიურება

    _ გაუპატიურების ფორმებიდან ყველაზე თვალსაჩინო და საზოგადოების თვალისათვის ერთმნიშვნელოვანია. პაციენტებიდან 15 ქალი მისმა მოძალადემ სწორედ ამ მეთოდის გამოყენებით გააუპატიურა. შემთხვევებიდან მხოლოდ 2 იყო უცხო ადამიანი, 13 შემთხვევაში მოძალადე იყო შეყვარებული, „პაკლონნიკი,“ ქმარი, ბიძა, სამსახურში უშუალო უფროსი, მამის ძმაკაცი, ბიძაშვილი, ყოფილი ქმარი, კლასელი.

    ფიზიკური თავდასხმის შედეგად გაუპატიურება ძალადობის მრავალფეროვანი რეპერტუარით გამოირჩევა:

  • ქალის ერთი დარტყმით გათიშვა, რომ წინააღმდეგობა საბოლოოდ მოსპო და მშვიდად შეუდგე საქმეს.
  • გაუპატიურების აქტში „განფენილი“ დარტყმა და გაკავება, რათა გაუპატიურებისაგან სიამოვნება მიიღო. სადისტური გაუპატიურება ინდივიდუალური ერთჯერადი გაუპატიურების ერთ-ერთი ქვეტიპია. (ამის შესახებ შემდეგ სტატიებში ვისაუბრებ).
  • იარაღის მიდება და წინააღმდეგობის სურვილის ამ ფორმით აღკვეთა.
  • სხეულზე ზედაპირული ჭრილობების მიყენება დაშინებისა და გაჩუმების მიზნით (დანით, ბრიტვით, სიგარეტით კანის ამოწვა, კბენა).
  • პირზე ხელის აფარება.
  • ადამიანის რიტუალური წამება და დამცირება (ამაზე შემდეგ სტატიაში ვისაუბრებ).
  • და მრავალი სხვა…..

    გაუპატიურების ფენომენის შესასწავლად უპრიანია, დიდი კვლევა დაიგეგმოს, სოლიდური საკვლევი ჰიპოთეზით და სანდო მეთოდოლოგიური იარაღებით, მაგრამ 35 ქეისი და 40-მდე ინტერვიუ რამდენიმე კანონზომიერების დაფიქსირების შესაძლებლობას მაინც იძლევა:

    მართალია, გაუპატიურების მსხვერპლი ქალები არ წარმოადგენენ მარგინალურ სეგმენტს, რომლებზეც მავთულხლართებით გარშემორტყმულ გეტოში კრიმინალთა ბანდა ძალადობს და არც რომელიმე სოციალური, გეოგრაფიული და კლასობრივი ნიშნით ჯგუფდებიან, თუმცა, მაინც – მათ ვიქტიმოლოგიაში აისახება კანონზომიერება: მოძალადის მიერ მათი მსხვერპლად არჩევა საგრძნობლად გაიოლებულია (თუ არა განპირობებული) პატრიარქალური კულტურის მიერ დაწესებულ ძალა უფლებრივ იერარქიაში მათი მოწყვლადი ადგილით.

    სექსუალური მონობის 3 მსხვერპლიდან არცერთს ჰყავდა მამა, ძმა ან უშუალოდ ოჯახში მაცხოვრებელი მამაკაცი. ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი დანარჩენი ორი ქალიდან ერთი იყო ბელორუსი (სლავური წარმოშობის ქალი სექსუალური სამიზნე ხშირად ხდება საქართველოში), მეორეს მშობლები საქართველოში არ ცხოვრობდნენ და მას მოხუცი ბებია ზრდიდა. ინდივიდუალური გაუპატიურების მსხვერპლთა უმეტესობას ასევე არ ჰყავდა მამა, ძმა ან უშუალოდ მის ოჯახში მაცხოვრები მამაკაცი.

    სექსუალური ძალადობის საკითხებზე 2010 წელს დავიწყე მუშაობა. თავიდან ჩემი საქმიანობა პედოფილიის მსხვერპლი ბავშვების საქმის წარმართვა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა იყო. 2013-ში სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ზრდასრულ ადამიანებთან გადავინაცვლე და სამეგობროს თავყრილობის დროს დასმულ კითხვას: „აბა რა ხდება შენკენ ახალი და კარგი?“ პოლიტიკურად გათვლილ, თუმცა, გულახდილ პასუხს ვცემდი: ვყვებოდი სექსუალური ძალადობის ეპიდემიაზე ჩვენს ქვეყანაში, რისაც ჩემი კოლეგა თერაპევტის გარდა არავის სჯეროდა. გაუპატიურებული ქალი ყოველთვის „სხვა“ იყო, არა ჩვენი წრიდან, ვინმე კნინი, რომელსაც „დედა ნარკომანი ჰყავდა და მამა ლოთი.“

    2013 წელს გადავეყარე ჯგუფური გაუპატიურების პირველ შემთხვევას. 18 წლის ანას ისტორია ისეთ გულისამრევი იყო, რომ მეგონა, ან ზღვარგადასული ბრაზი მომკლავდა, ან საკუთარი უსუსურობის განცდა. მალე ანას ისტორიას 4 სხვა დაემატა და ერთეული შემთხვევის ნაცვლად სახეზე იყო ქალზე ძალადობის კონკრეტული ჟანრი, კარგად გამოკვეთილი, განმეორებადი კომპონენტებით.

    2014-ისკენ სამეგობრო-საახლობლოს ისე რიგიანად მობეზრდა სექსუალურ ძალადობაზე ჩემი „ლექციების“ მოსმენა, რომ „შენკენ რა ხდება?“ ბოლო ორი წელია, ჩემთვის აღარავის უკითხავს. თუმცა, არაფრით გამორჩეულ ერთ მშვენიერ დღეს ჩემი ახლო მეგობარი (ტრუსიკის მეგობრებს ეძახიან ჩვენში ასეთებს) თავს დამადგა და გამომიცხადა, გაუპატიურებული ქალების სიას კიდევ ერთი რომ დაამატო, არ გინდაო? კატო ჩემი ბავშვობის დაქალია, რომლის შესახებაც, თავს დავდებდი, რომ ყველაფერი ვიცოდი. აღმოჩნდა, რომ მისი ყველაზე დიდი ტრავმა არ მცოდნია. თითქოს სტატისტიკის ღმერთი დამცინისო, ორიოდ თვეში ჩემი სტუდენტობის მეგობარმა მომწერა, გავიგე, „მასეთ“ საკითხებზე მუშაობ და ჩემს მეგობარზე მინდა მოგიყვეო. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, „მეგობარი“ თავად აღმოჩნდა. ასე დაემატა ძალადობის ყველაზე სასტიკი ფორმის დავთარს ჩემი ორი დაქალი. ეს აბზაცი კი ეძღვნება იმ ადამიანებს, რომლებმაც მკითხეს:

    „რას ნიშნავს, ასეთი სისასტიკით ვინმე თავს დამესხას და მე თევზივით წყალი ჩავიგუბო პირში? დაქალი მაინც არ ჰყავდათ, რომ ეთქვათ? ან დედა?“

    და კიდევ იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ:

  • პოტომაკ-დალეული და ნაბუდაპეშტარი ქალი ძალადობას „არ გაიჩალიჩებს“, რადან „ეგეთ სასტავში არ ტრიალებს.“
  • თუ ღმერთი ისე გაგიწყრა, რომ მტკვრის გარდა სხვა მდინარის პირას ვერაფრით მოიხვეჭე აკადემიური ხარისხი, ან ღმერთი უფრო მეტად გაგიწყრა და „მამა ლოთი გყავს და დედა ნარკომანი,“ ან „ბავშვთა სახლში გაზრდილი ხარ,“ „არეული ოჯახიდან ხარ,“ ან „ჩამოთრეული და უპატრონო“, ან სულაც – „ატყნაურებული სექს ვორქერი“… …მაშინ „ეს გაუპატიურება“ „ის გაუპატიურება“ არ არის. რადგან „ეგ ტიპები ძალადობას რაღაც პონტში მიჩვეულები არიან“ და „ნუ შენ ფსიქოლოგი ხარ და არ გესწავლება, ხშირად თვითონვე იქცევიან გამომწვევად და იჩალიჩებენ.“
  • თქვენ გარშემო სექსუალური ძალადობის, კონკრეტულად კი, გაუპატიურების, მსხვერპლი ქალი უამრავია. მათ უმეტესობას ეს ამაზრზენი გამოცდილება მეხსიერების ღრმა კუნჭულში აქვს გადასროლილი, ნაწილს ფრაგმენტულად და სახეცვლილად ახსოვს, ნაწილს არა მხოლოდ ახსოვს, არამედ ყოველდღე ახსენდება ხმების, ხატების, სუნის, გულისამრევი სხვა შეგრძნების სახით. ამიტომ, როცა ამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ, დაიჯეროთ, რომ ყველა აქ წარმოდგენილი (და არწარმოდგენილი) ქეისი ჩვენს ქვეყანაში არსებულ მწარე სინამდვილეს ასახავს და ეს ქალები მსხვერპლები კი არა, სიმამაცის მაგალითები არიან, რომლებმაც განუმეორებელ სიმხეცესთან პირისპირ დარჩენის შემდეგ სიცოცხლის გაგრძელება შეძლეს.

    [1]კომპოზიტური ქეისი არის რეალური ისტორიების საფუძველზე შეთხზული და მათი ყველა მნიშვნელოვანი ასპექტის მატარებელი „გადაკეთებული“ შემთხვევა, რომელშიც სახეცვლილი ბიოგრაფიული მონაცემები და დეტალების ურთიერთგანლაგება აუდიტორიის მიერ პაციენტის ამოცნობას შეუძლებელს ხდის.

    კომენტარი

    სარეკლამო ადგილი - 101
    100 x 100