სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყველაფერი შეკითხვით იწყება და პროტესტით მთავრდება ანუ რა მოხდა „მეცხრე არხზე“?

„ვწუხვარ, რომ „მეცხრე არხზეც“ იგივე განცხადების გაკეთება მიწევს, რაც წლების წინ „რუსთავი2“-ის ეთერში გავაკეთე, - ამ ტექსტით წარუდგა მაყურებელს „მეცხრე არხის“ საინფორმაციო გამოშვების მთავარი სახე ნათია ლაზაშვილი და პირდაპირ ეთერში დაადასტურა, რომ ახალი მენეჯმენტის დანიშვნის შემდეგ ტელევიზიაში დარჩენას არ აპირებს. მან ასევე დაამატა, რომ „მეცხრე არხზე“ გატარებული რვა თვე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იყო მისი ჟურნალისტური საქმიანობის მანძილზე და გამოთქვა იმედი, რომ არ დაინგრეოდა ის, რასაც 8 თვის განმავლობაში ტელეკომპანიაში აშენებდნენ. ნათია ლაზაშვილმა საინფორმაციო სამსახურის მუშაობის სტილი იგულისხმა.

კაცმა რომ თქვას, „ინფო9“-სა და „მეცხრე არხის“ საინფორმაციო პოლიტიკა მართლაც დიდად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. სწორედ „ინფო9“-მ დაამკვიდრა ქართულ რეალობაში ე.წ. აგრესიული ჟურნალისტიკა, რომელსაც მაშინდელი ხელისუფლება (როგორც ამბობენ, სწორედ ხელისუფლების ინიცირებული იყო ფსევდო „ინფო9“-ც და ალისტრახოს გუნდიც) მისივე მეთოდებით დაუპირისპირდა. მაგრამ ალისტრახომ და კომპანიამ აქაც წააგო: წინა პლანზე სწორედ მათმა დევნამ (გაიხსენეთ ალისტრახო-დუგლაძის „დუელები“, როცა ეკა დუგლაძე, ძირითადად, მდუმარედ იტანდა „კოლეგების“ შემოტევებს) წამოიწია და არა იმან, რომ „აგრესიული ჟურნალისტიკის“ ფუძემდებლები „ინფო9“-ს წარმომადგენლები იყვნენ...

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, წინასაარჩევნო პერიოდმა ჩაიარა და ამ ორი მედიასაშუალების შერწყმის საკითხი დადგა დღის წესრიგში. მებრძოლი, აგრესიული მედიასაშუალება საჭირო აღარ არის - ქარის წისქვილებს ხომ არ შეებრძოლება?

სამაგიეროდ, საჭიროა ლუბა ელიაშვილი, რომელიც ამ აგრესიულ „სასტავს“ ედგა სათავეში და, რომელიც, გია ხუხაშვილის აზრით, „ყველაფერს მიანგრევს“. ლუბა ელიაშვილები „ოდერები“ (ხუხაშვილის ტერმინია) ანუ ისინი არიან, რომლებიც, შესაძლოა, ყოველ წუთს გახდნენ საჭირო, პროფესიონალი თამარ რუხაძეები კი, რომლებიც აგრესიას პროფესიონალურად ფუთავენ, კიდევ შეიძლება მოიძებნონ.

რა თქმა უნდა, ლუბა ელიაშვილი „მეცხრე არხზე“ რიგით თანამშრომლად ან თუნდაც იერარქიული კიბის პირველ საფეხურებზე მდგარი არ დაბრუნდება - მას ხელმძღვანელის ფუნქციები უნდა გადასცენ. როგორც ჩანს, ამ მოსაზრებასა და მიდგომას არხის ბედის მთავარი განმსაზღვრელი პირი - მილიარდერი ბიძინა ივანიშვილიც სრულად იზიარებს: მეცხრე არხიდან ჟურნალისტების წასვლის მიზეზიც სწორედ ეს გახდა, რადგან პრემიერმა, ფაქტობრივად, მწვანე შუქი აუნთო ცვლილებებს და განაცხადა, რომ რეორგანიზაცია თითქმის დასრულებულია.

ამის შემდეგ ქართული მედიის ისტორიაში უპრეცენდენტო ფაქტი მოხდა: ჟურნალისტებმა, რომლებზეც გადაიარა წინასაარჩევნო პერიოდის მთელმა სიმძიმემ, ჟურნალისტებმა, რომლებმაც მონდომება არ დაიშურეს, რათა წინა ხელისუფლება, რაც შეიძლება გაშავებულიყო მოსახლეობის თვალში, ბოლოს და ბოლოს, მილიარდერს პირში მიახალეს სიმართლე - ეს ტელევიზია ფერმა არ არის და ჩვენ ამ ფერმის ბინადრები არ გახლავართო...

ოღონდ, რა თქმა უნდა, პროტესტის გრძნობა მაშინ გაუჩნდათ, როცა არასასიამოვნო ცვლილებების ქარის ქროლვა თავიანთ სახეებზე მოელამუნათ, თორემ პროტესტის გრძნობა მაშინ არ გასჩენიათ, როცა, ვთქვათ, კახეთში 9 თვის ჩვილის დაღუპვის ფაქტს სტანდარტებისთვის სრულიად შეუფერებლად და მეტიც, ამაზრზენად აშუქებდნენ, თანაც, პირდაპირ ეთერში...

„მეცხრე არხის“ სკანდალს, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ შესანიშნავად გადაფარა „პრემიერის სკანდალით“, სოციალურ ქსელებში მძაფრი განხილვა მაინც მოჰყვა, თანაც, მთავარი მოქმედი პირების მონაწილეობით.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მედიაექსპერტი ია ანთაძე საკუთარ სტატუსში საკმაოდ იმედიანად გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას ტელევიზიის გასხვისების შესახებ. სხვა შემთხვევებში თუ ია ანთაძესაც და სხვებსაც ეჭვი მაინც უჩნდებოდათ, რომ ეს „გასხვისება“ რეალურად არ შედგებოდა, ამ შემთხვევაში მედიაექსპერტს არც კი უცდია, ეჭვი შეეტანა ბიძინა ივანიშვილის გულწრფელობაში:

"მეცხრე არხთან" დაკავშირებით მთავარი კითხვაა: რატომ გახდა აუცილებელი მენეჯმენტის შეცვლა ტელეკომპანიის გასხვისებამდე? ერთადერთი ახსნა ჩემთვის ის არის, რომ ლუბა ელიაშვილი იყო "ინფრო 9"-შიც და "ტვ-9"-შიც. მისი ფაქტორი გარანტი უნდა ყოფილიყო ამ ორი ორგანიზაციის მშვიდი შერწყმისა, ვიდრე ტელევიზია გასხვისდებოდა.

მაგრამ მშვიდი შერწყმა არ გამოვიდა (და ვერც გამოვიდოდა). შეაბამისად, ვერავითარ ძლიერ ბორდს ტელევიზიის აქციებს სამართავად ქალბატონი ეკა ხვედელიძე ვერ გადასცემს (რადგან ასეთი ძლიერი ბორდი, უბრალოდ, ვერ იარსებებს ტელევიზიის დღევანდელ რეალობაში).

გულწრფელად მივესალმები პრემიერის უპრეცედენტო გადაწყვეტილებას, რომ ოჯახმა ტელევიზიაზე უარი თქვას. მოუთმენლად ველოდები ბატონი ბიძინა ივანიშვილის შემდგომ ნაბიჯებს. მჯერა, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია იმ ტელევიზიის გადარჩენა, რომელმაც ბეწვის ხიდი ღირსეულად გაირა არჩევნების წინა პერიოდში და არჩევნების დღეს.

მე, ჩემი მხრივ, მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ჩემს კოლეგას, ვინც "მეცხრე არხისთვის" მუშაობდა მისი ხელახალი გახსნის დღიდან", - წერს ია ანთაზე.

ია ანთაძეს მალევე გამოეხმაურა თამარ რუხაძე:

"უკვე ბევრჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ კერძო მესაკუთრეს სრული უფლება აქვს შეცვალოს მენეჯმენტი კერძო ორგანიზაციაში. ეს არც არავის გაუპროტესტებია და არც ეჭვქვეშ დაუყენებია, თუმცა ნუ გავიწყდებათ, რომ ეს კერძო ორგანიზაცია არის ტელევიზია, საინფორმაციო არხი, ხოლო მესაკუთრე ქვეყნის პრემიერის ოჯახი.

თუ რომელიმე თქვნგანი ფიქრობს, რომ საინფორმაციო არხზე გენერალური დირექტორი მხოლოდ მეურნეა და სხვა ფუნქცია არ აქვს, ძალიან შემცდარა. გარდა ამისა, მათ გასაგონად ვისაც სრულიად გაუგებარი აზრები აწუხებს იმის შესახებ, რომ სადმე გარანტირებულად მივბარგდებით ან დაწინაურებელ დიქტორს გავეკიდეთ - თითოეული ჩვენგანი ახლა სახლში ზის და ფიქრობს, როგორ უნდა გააგრძელოს საკუთარი პროფესიით საქმიანობა, რაც შეეხება გადაწყვეტილებაში ჩარევას, მე სიუჟეტის გეკეთისას არ ჩავრეულვარ ჟურნალისტების საქმიანობაში და ჩემს საქმიანობაში არ ჩარეულა ჩემზე ზემდგომი მენეჯმენტი, არა თუ გადაწყვეტილებებში.

და ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, კახა ბექაურს დააწინაურებენ თუ სახლში მოუწევს წასვლა, ჩემთვის ეს არაფერს ცვლის. არხზე ბევრი ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანი რჩება სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს თქვენ ვინც ახლა ხმაურიან ფაქტებს ითხოვთ, არ გენაღვლებათ. მე მენაღვლება.

"ინფო 9" ჩემთვის არ არის ჟურნალისტიკა და როდესაც მეუბნებიან, რომ ხულიგნური სტანდარტით უნდა შეიცვალოს ახალი ამბების კეთების ჩემებური სნობური სტანდარტი, მე იმ დირექტორთან მუშაობა უბრალოდ წარმოუდგენლად მიმაჩნია, მაშინაც კი, როდესაც მეუბნებიან, რომ ჩემი არხზე დარჩენა უნდათ. ვინც არა თუ სხვაობას ვერ ხედავს "ინფო 9"-სა და "მეცხრეს" ახალ ამბებს შორის და არა თუ ვერ ხედავს, "ინფო 9" ურჩევნია, ძალიან გთხოვთ, უაზრო კამათს ნუ დამიწყებთ.

კიდევ ერთი დეტალი: ახალ ხელმძღვანელობას ერთი დღით მაინც რომ შეძლებოდა პირადად ჩემი არხზე ატანა, შეთავაზებას ორკვირიანი ან ერთთვიანი გადაბარების შესახებ მიიღებდა და გამოიყენებდა, იმის ნაცვლად რომ გადამდგარი საინფორმაციოს უფროსი მყისიერად გაეშვა სახლში და საფრთხის ქვეშ დაეყენებინა აუწყებლობა", - წერს „ფეისბუქში“ რუხაძე.

ია ანთაძის პასუხი ასეთი იყო:

"თამუნა, დიდი მადლობა ამ კომენტარისთვის. მე ვფიქრობ, არჩევნების წინა პერიოდში "ტვ 9"-ს სხვა ფუნქცია ჰქონდა და "ინფო 9"-ს სულ სხვა. უბრალოდ, მედიაორგანიზაციის მხრიდან ფრონტის წინა ხაზზე ბრძოლა არჩევნების წინ თავისთავად გულისხმობს არჩევნების შემდეგ საკუთარი ფუნქციის გაუქმებას. ეს "ინფო 9"-ის ხელმძღვანელებს უნდა სცოდნოდათ.

მე "მეცხრე" სწორედ იმიტომ მომწონს და მიყვარს, რომ საკუთარ თავზე ეს მებრძოლი ფუნქცია არ აიღო და გრძელვანდიანი პერსპექტივის ჭრილში იმუშავა. სამწუხაროა, რომ ეს კარგად არ აქვს გაცნობიერებული იმას, ვისზეც არის გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობა".

თამარ რუხაძე „ინფო9“-სა და „მეცხრე არხს“ შორის არსებულ განსხვავებებს უსვამს ხაზს:

"ერთი სტანდარტით კეთდებოდა "ინფო 9" და "ინფო ტვ" და მეორეთი - "მეასტროს" ახალი ამბები ორი წლის განმავლობაში და "მეცხრე არხის" ახალი ამბები მისი ხელახალი გახსნიდან დღემდე.

ერთი მაგალითი მაინც დამისახელოს ვინმემ, როდესაც სააგენტო "ინფო 9" გააშუქა რომელიმე ოცნებასთან დაკავშირებული რომელიმე კრიტიკული ფაქტი. მე შემიძლია ბევრი გაგახსენოთ "მეცხრე არხის" ახალი ამბებიდან.
კიდევ ერთი, ძალიან მინდა ჩემი გადაწყვეტილება ჩემი პირადი შეცდომა აღმოჩნდეს, სხვანაირად დღეს "მეცხრე არხის" პრობლემა, ხვალ მთლიანად ქართული მედიის პრობლემად იქცევა და ჩვენ ყველა ისევ ინფორმაციის დეფიციტს მივიღებთ შედეგად.

მე კარგად მახსოვს მსგავსი კომენტარები, როდესაც "რუსთავი 2"-დან მოვდიოდი და ზუსტად იგივე პროცესები მიმდინარეობდა ტელევიზიაში მაშინაც. ჩვენი ეჭვი რომ გამართლდა, ეს დღევანდელი "რუსთავი 2"-ის მაგალითზე ფაქტია. თუ ეს "ეჭვი" "მეცხრესთან" მიმართებაშიც გამართლდება, ია გადახედე მედია მოთამაშეებს და მიხვდები რასაც ვგულისხმობ. ძალიან არ მინდა, რომ ცოტა ხანში ჩვენ ისევ თავისუფლების პატარ-პატარა კუნძულების ძებნა და შექმნა მოგვიწიოს, როგორც ბოლო წლების განმავლობაში გვიწევდა", - წერს რუხაძე.

რა მოუწევთ „მეცხრე არხიდან“ წასულ ჟურნალისტებს - თავისუფლების კუნძულების ძებნა თუ წარმოსახვითი, ახალი თავისუფლების კუნძულების შექმნა, ცოტა ხანში გამოჩნდება...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100