სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ალბერ ფრერი – ლურსმნების გაყიდვით გამდიდრებული მილიარდერი

"ლეგენდის" თანახმად, ალბერ ფრერმა, ბიზნესში პირველი ნაბიჯი ლურსმნების გაყიდვით გადადგა. ნფორმაცია, ბელგიელ მილიარდერს ოფიციალურად არასოდეს დაუდასტურებია. მაგრამ ცნობილია, რომ ფრერმა ყველაფერი მართლაც ნულიდან დაიწყო. მის მშობლებს, რკინის ნაწარმის პატარა საამქრო-Frere-Bourgeois სახლი ჰქონდათ. მამამისის ნაადრევი და მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, ახალგაზრდა ალბერმა საოჯახო ფირმის შენარჩუნება მტკიცედ გადაწყვიტა, გააფართოვა და ფოლადის კომერციალიზაციის მიზნით სპეციალური კომპანია შექმნა.

სხვათაშორის, ალბერ ფრერი უდიპლომო ადამიანია. 30 წლის ასაკიდან ბელგიის ვალონურ მხარეში (ფრანგულენოვანი ბელგია), განსაკუთრებით კი შარლერუას რეგიონში, შავი მეტალურგიის სექტორში მოქმედი აქტიური საწარმოების შესყიდვა დაიწყო: „1940-იანი წლების ბოლოს ჯერ ფოლადის კომერციალიზაციით, შემდეგ მეტალურგიულ ჯგუფ CARLAM-ში საქმიანობით შეიძლება ითქვას, სერიოზული კაპიტალი დააგროვა, რაც მისი მომავალი იმპერიის საწინდარი გახდა.

ფრერს ფოლადი გასაყიდად კომუნისტურ ქვეყნებში გაჰქონდა. კორეის ომის შემდეგ პროდუქტის დეფიციტითა და მაღალი ფასებით კარგად ისარგებლა“, იხსენებს მისი ბიოგრაფი, ხოსე ალენ ფრალონი. 1970 წელს ფოლადის ცნობილი კრიზისის დროს, ბიზნესმენმა მის საკუთრებაში მყოფი მეტალურგიული საწარმოები სახელმწიფოს მიჰყიდა. ფოლადის შემდეგ, ფრერი კაპიტალის ხელახალ ინვესტირებას შეუდგა და ბანკებით, სადაზღვევო სექტორით, ენერგეტიკისა და მედიის სფეროებით დაინტერესდა.

ფრერის ბიზნესი 1980-იანი წლებიდან

1981 წელს, კანადელი ფინანსისტის, პოლ დესმარეს დახმარებით, შვეიცარიული ჰოლდინგი Pargesa დააფუძნა. 1982 წელს, ალბერ ფრერმა ჯგუფი Lambert იყიდა და დღემდე მის მთავარ აქციონერად რჩება. 2005 წელს, კომუნიკაციების ნომერ პირველი ევროპული ჯგუფი, გერმანული Bertelsmann-ის მფლობელი გახდა. მართალია, ერთი წლის შემდეგ Bertelsmann-ის 25,1 %-იანი წილი დათმო, მაგრამ იმავე პერიოდში საფრანგეთში რესტორნების უდიდესი ქსელი, Flo შეიძინა. 2006 წელს კი სამშენებლო მასალების მსოფლიო ლიდერის, Lafarge-ის კაპიტალის მეწილე გახდა. ფრერი იტალიის ცნობილი ბანკის Banca Leonardo-ს აქციების 20%-ს ფლობს. ერთ-ერთი მსხვილი ფინანსური და ინდუსტრიული ჯგუფ Suez-ის 9%-იანი წილის მფლობელიც არის. სანავთობო კომპანია Total-ში კი ბელგიელი მილიარდერის წილი 3,6 %-ს შეადგენს.

„პროფესიონალი აქციონერი“ და მაინც ჩვეულებრივი ადამიანი

"პროფესიონალი აქციონერი" ფრერმა საკუთარ თავს თავად უწოდა. ეს ტიტული ბიზნესმენს ნამდვილად შეეფერება, რადგან ოფიციალურად მრავალი კომპანიის ნომერ პირველი აქციონერი და ახლა უკვე პარიზის წამყვანი საბირჟო ინდექს CAC 40-ის მთავარი კერძო აქციონერია.

ჩვეულებრივ და წყნარ პიროვნებად კი ბიზნესმენს კოლეგები, ახლობლები და პარტნიორები ახასიათებენ. მართალია, ფრერი ინტერვიუებს იშვიათად თანხმდება, მაგრამ არაკომუნიკაბელური ადამიანი არ გეგონოთ. მილიარდერს უზარმაზარი სანაცნობო და არც თუ ვიწრო სამეგობრო წრე ჰყავს. მისი მისამართების წიგნაკში უამრავი ადამიანის კოორდინატებს ნახავთ. ფრერი ყველაფრის საქმის კურსშია. სიახლეებთან დაკავშირებით ყოველთვის აქვს მკვეთრად ჩამოყალიბებული აზრი. ყველა აქტუალური საკითხი აინტერესებს. ფრერმა გლობალიზაციისა და მონდიალიზაციის პრინციპებსაც კარგად აუღო ალღო, თანაც ეს მაშინ, როდესაც ტრადიციებისა და მეთოდების მოყვარული კაცის იმიჯით სარგებლობს.

მეგობრობა ბიზნესში

ალბერ ფრერი ხშირად იმეორებს, ბიზნესში მეგობრობა ისეთივე ძალითა და გულწრფელობით შეიძლება არსებობდეს, როგორც ჩვეულებრივ ცხოვრებაშიო. ეამაყება, რომ ბიზნესში ბევრი მეგობარი ჰყავს. 25 წელია კანადელ პოლ დესმარესთან მეგობრობს. მისი ახლო მეგობარია ფრანგი მილიარდერი, ბერნარ არნოც, რომელთან ერთად მილიარდ ევროდ შეფასებული საინვესტიციო კომპანია დააარსა. ორი პატრიარქის, კანადელი პოლ დესმარესა და ბელგიელი ალბერ ფრერის « ფუნდამენტალურ ალიანსზე » ლეგენდები დადის. ცნობილია, რომ ორი წარმატებული ბიზნესმენი ტელეფონით ყოველდღე ესაუბრება ერთმანეთს. ყველა დეტალს აზუსტებენ და უმნიშვნელო გადაწყვეტილებასაც ერთად იღებენ.

ალბერ ფრერის გატაცებები

1998 წელს ფრერმა ბერნარ არნოსთან ერთად საფრანგეთში, სენტ-ემილიონის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საკუთრება, Cheval-Blanc-ის სასახლე 155 მილიონ ევროდ შეიძინა. Evangile-ისა და Rieussec-ის სასახლეების მფლობელმა მილიარდერმა Cheval-Blanc-ის ყიდვით ფაქტიურად ოცნება აიხდინა. ყველაზე მეტად Cheval-Blanc და მისი შემოგარენი მეღვინეობის პერსპექტივის გამო ხიბლავდა. 37 ჰექტარზე გაშლილი ვაზი წელიწადში 35-40 ჰექტოლიტრ ღვინოს აწარმოებს. Cheval Blanc-ის ეტიკეტით კომერციალიზირებულ უმაღლესი ხარისხის ღვინოს ბევრ ქვეყანაში იცნობენ და აფასებენ. 85 წლის მილიარდერი ბარონი, თავს შესანიშნავად გრძნობს!

presa.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100