სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველო კვლავ უნდა იქცეს კავკასიის ლიდერად

დღევანდელი საქართველოსთვის ქართულ-კავკასიური ერთობა ნიშნავს მშვიდობიანობას კავკასიაში და ჩვენი ცივილიზაციის გამყარებას. ასევე ბუნებრივი, უახლოესი მოკავშირეების შეძენას, კავკასიაში რუსეთის პოლიტიკური დასაყრდენის მოშლას, ოსური, აფსუური სეპარატიზმის დამარცხებას. ასეთი ერთობა ჩვენთვის ნიშნავს ძალიან მნიშვნელოვან სამეგობრო ხიდს ქრისტიანთა და მუსულმანთა შორის. და, რაც მთავარია, ასეთი ერთობა ნიშნავს ჩვენი მეზობლების მიერ მოკავშირის პოვნას ჩვენი სახით და მოკავშირის აღარ ძიებას ფუნდამენტალისტურ ქვეყნებში.

როგორც იქნა ხელისუფლებამ დაიწყო კავკასიური პოლიტიკის წარმოება. უფრო სწორად, ჯერ-ჯერობით კავკასიური პოლიტიკის შესახებ საუბარია დაწყებული. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, ნათქვამია. ამიტომ, იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველო გააგრძელებს კავკასიური პოლიტიკის ჯერ თეორიის დამუშავებას, მერე კი შესაბამის ქმედებებსაც.
ქართულ-კავკასიური პოლიტიკა სათავეს იღებს ჯერ კიდევ ფარნავაზ მეფიდან, როგორც გვამცნობს “ქართლის ცხოვრება”. XX საუკუნეში დამუშავდა კავკასიური ენების, უფრო თუ დავაზუსტებთ, “იბერიულ-კავკასიური” ენების თეორია.
ტერმინი “იბერიულ-კავკასიური” შემოღებულია დიდი ქართველი მეცნიერის არნოლდ ჩიქობავას მიერ და აღნიშნავს მონათესავე ენათა ოჯახს, რომელიც სრულიად განსხვავდება სხვა ენობრივი ოჯახებისაგან. ამ მონათესავე ენებზე მოლაპარაკე ხალხთა ანთროპოლოგიური და ეთნოლოგიური ნათესაობა აღიარებულია მსოფლიო მეცნიერებაში (გარკვეული გამონაკლისების გარდა). ეს ხალხები ითვლებიან ოდესღაც დიდი, მრავალრიცხოვანი მოდგმის ჩამომავლებად.
იბერიულ-კავკასიურ ხალხებში მრავალი საუკუნის წინათაც, სანამ ლინგვისტურად, ანთროპოლოგიურად და ეთნოლოგიურად დამტკიცდებოდა მათი ნათესაობა, არსებობდა ხსოვნა საერთო წარმომავლობის შესახებ. მოყოლებული გიორგი ათონელისეული “ეფთვიმე მთაწმინდელის ცხოვრებიდან” და ლეონტი მროველის ნაშრომიდან ცოდნა ნათესაური კავშირების შესახებ მრავალგზის დასტურდება ქართულ წყაროებში.
იბერიული წარმოშობის ხალხებს ჯერ კიდევ მეთერთმეტე საუკუნიდან ხშირად ქართველებს უწოდებდნენ (მაგალითად, “სპანიის ქართველნი” – “ეფთვიმე მთაწმინდელის ცხოვრება”).
ერთგვარად, ქართველობა თავადაც არა მარტო ერის ნიშნებს ატარებს (სამი ანბანი, დიალექტების (შემადგენელი ნაწილების) სიმრავლე და განსხვავებულობა, მთელი იბერიული მოდგმის სრულფასოვანი მემკვდრეობა სულიერ და კულტურულ პლანში და სხვა). ამასთან, იბერიულ-კავკასიური ხალხების თითქმის ყველა ნიშანი ქართულთან და საქართველოსთან არის უმჭიდროესად დაკავშირებულ-გაიგივებული.
საქართველოში და ქართველურ ენებში დალექილია უუძველესი ცივილიზაციების ნაშთები: შუმერის, ურარტუს, ქალდეას, კოლხას, თუბალ-მოსოხის...
სამწუხაროდ, თემურ-ლენგის მერე ჩვენმა ცივილიზაციამ უკან დაიხია (ესეც მაგალითია ცივილიზაციათა დაუნდობელი ბრძოლისა). ხშირად ხდება ხოლმე, რომ ცივილიზაცია უკან იხევს, მაგრამ სრულიად არ ნებდება და “ანექსირებულ” ტერიტორიებზე და მოსახლეობაში აამოქმედებს ქვეცნობიერ, მეტაფიზიკურ საშუალებებს მდგომარეობის გამოსასწორებლად.
ყოველივე ზემოთქმულის გამო ჩვენს ცივილიზაციას სრულიად დამაჯერებლად შეგვიძლია ვუწოდოთ ქართულ-კავკასიური ცივილიზაცია. ზოგიერთი ჩვენი მეგობარი მკვლევარი მას გეორგიულ ცივილიზაციას (ცივილიზაციებს) უწოდებს (ირაკლი შელია), ზოგი გეურგიულს (ბესო ბოჭორიშვილი) ან სხვა. ჩვენ მაინც ქართულ-კავკასიურს ვამჯობინებთ ან ივერიულს.
ივერია, შეიძლება ითქვას, არის საქართველოს კავკასიური თანამეგობრობის სახელწოდება.
ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, საქართველოს კავკასიური ერთიანი სახელმწიფო არის ივერია. შეგვიძლია პირობითად ჩავთვალოთ, რომ იბერიული არის გლობალური, არა მხოლოდ რეგიონული, არამედ ევრაზიული, მსოფლიო მოვლენის აღმნიშვნელი ტერმინი, ივერია კი რეგიონული, კავკასიური, იბერიულ-კავკასიური, ქართულ-კავკასიური. თუმცა, როგორც ვთქვით, ეს მხოლოდ პირობითი დეფინიციაა, ივერია მხოლოდ რეგიონული ასპექტის მატარებელი ტერმინი არ არის. გავიხსენოთ, რომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შემოკლებით ივერიის ეკლესია ეწოდება. ესეც ერთ-ერთი ასპექტია, მისიაა.
ჩვენი ცივილიზაციის აღმნიშვნელი ტერმინები ერთგვარად ჩვენი ცივილიზაციის სხვადასხვა ასპექტების გამომხატველია.
როგორც ვთქვით, ცივილიზაციათა შორის ივერიული ცივილიზაცია არის დამოუკიდებელი, თავისთავადი უუძველესი ცივილიზაცია თავისი რეგიონით, თავისი მეტროპოლიით და ემანაციური დედაქალაქებით (მცხეთა – თბილისი).
ცივილიზაციის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ნიშნად სხვა ფაქტორებთან ერთად, უნდა ვიგულისხმოთ ანბანიც, რომელიც ქართულ-კავკასიურ ცივილიზაციას აქვს ხუთი: სამი საკუთრივ ქართული; ალბანური, რომელიც აწ უკვე მკვდარი ენისაა, თუმცა მის მფლობელთა მემკვიდრეებად უნდა ჩავთვალოთ იბერიულ-კავკასიური წარმოშობის ხალხები, მათ შორის, ეთნიკური თავისთავადობაშენურჩუნებულნიც და ასიმილირებულნიც კავკასიაში ახლა მცხოვრებ სხვა მოდგმის ხალხებში.
სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ აღმოჩენილი იქნა პალიმფსესტი, რომელზეც ზედა შრე არის ქართული წარწერა, ხოლო ქვედა – ალბანური ტექსტი. ეს არის ჯერჯერობით ერთადერთი აღმოჩენილი ალბანური ტექსტი. ნიშანდობლივია ეს იმიტომ, რომ ალბანელთა ერთი მნიშვნელოვანი ნაწილით ქართველთა ეთნოსი შეივსო. აღნიშნული აღმოჩენით არ დასტურდება, რომ ალბანური ანბანი უფრო ძველია, პირიქით, ჩანს, რომ ცივილიზაცია თავის კულტურულ მონაპოვარს, ამ შემთხვევაში საწერ საშუალებას და ტექსტს გადარჩენილ ნაწილს, ცოცხალ ნაწილს უტოვებს. ქართული ანბანის უუძველესობაზე კი მიუთითებს მისი ცალკეული ნიშნები, აღმოჩენილნი ჯერ კიდევ ჩვენს ერამდელ საგნებზე. თუმცა, ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა ამას არ აქვს. ფაქტი ფაქტია, ორივე ანბანი – ალბანურიც და ქართულიც, ივერიულ, კავკასიურ ცივილიზაციას ეკუთვნის;
მესამე, სომხური ანბანი, ვფიქრობ, არმენიელთა მიერ ასიმილირებული ალაროდიელების, იგივე ურარტუელების, ანუ ავტოქტონ-კავკასიური წარმოშობის ხალხის მემკვიდრეობაც არის, მით უმეტეს, რომ სომხურ ანბანში არის მხოლოდდამხოლოდ იბერიულ-კავკასიური ენებისათვის დამახასიათებელი ფონემების გამომხატველი ასო-ნიშნები. ეს ფაქტი მრავლისმეტყველია და შეიძლება ითქვას, რომ არმენული ანბანი თავად იბერიულ-კავკასიურ ცივილიზაციას უფრო მიესადაგება. მიუხედავად იმისა, რომ არმენიელთა ეთნოსი არის ინდო-ევროპიული, და ზოგიერთის აზრით, სემიტური შენაკადებიდანაც შექმნილი (ასევე, როგორც ვთქვით, კავკასიურიდან).
შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ სომხებს, გარდა თავისი მემკვიდრეობისა, შეთვისებული აქვთ ივერიული, ქართულ-კავკასიური ცივილიზაცის ზოგიერთი მიღწევა. ისინი გეოპოლიტიკურად მიეკუთვნებიან კავკასიურ რეგიონს. თუ მათი ორიენტაცია, შესაბამისად კი პოლიტიკა, დაუქვემდებარება ქართულ-კავკასიურ ინტერესებს და არა რუსულს (ან ირანულს, ან სხვას), ისინიც და ჩვენი რეგიონიც მეტს მოიგებს. იმედია, სომხებში იმძლავრებს ალაროდიულ-კავკასიური განცდა.
როგორც ვთქვით, კავკასია ავტოქტონი ხალხების, იბერიულ-კავკასიური წარმოშობის ხალხების სამშობლოა, სადაც დროთა განმავლობაში სხვა ხალხებიც მოვიდნენ და დამკვიდრდნენ. კავკასიაში გავრცელდა და დამკვიდრდა სხვადასხვა რელიგიაც. მაგრამ მაინც დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ კავკასიის რეგიონის მთელმა მოსახლეობამ მეტნაკლებად გაითავისა და შეინარჩუნა იბერიულ-კავკასიური ავტოქტონების ეთნოფსიქოლოგია, რომელიც ქართველ ერში საუკეთესოდაა შემონახული, რაც გვაძლევს საფუძველს, რომ ეს რეგიონი, მასში მცხოვრები ხალხებით ერთ, ცივილიზაციად მივიჩნიოთ _ ქართულ-კავკასიურ, ივერიულ, გეურგიულ, გეორგიულ, კარდუულ, ქალდეურ ცივილიზაციად.
ცხადია, საქართველო არის კავკასიის ცენტრი, კავკასიის მეტროპოლია. რომ აღარ იყოს საქართველო და ქართველობა, აღარ იქნებოდა იბერიულ-კავკასიური ხალხები და ცივილიზაცია. კავკასიის დედაქალაქი უნდა იყოს აუცილებლად სამხრეთში, შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შუა, მტკვრის გაღმა-გამოღმა, ბამბაკის მთებსა და კავკასიონის ქედს შორის. ეს უძველეს დროში კარგად იცოდნენ ქართლში მცირე აზიიდან მოსულმა მესხებმა, მას შემდეგ, რაც მათი ცივილიზაცია, უფრო სწორად – სახელმწიფო, დაეცა, რომლებმაც მცხეთა ააგეს მტკვარ-არაგვის შესართავთან და კარგად იცოდა ვახტანგ გორგასალმა, რომელმაც მტკვარ-არაგვის შესართავიდან დედაქალაქი ოდნავ სამხრეთ-აღმოსავლეთით დასწია და უფრო გააფართოვა მისი სამხრეთული და აღმოსავლური პერსპექტივა და ამით, სხვათა შორის, სამხრეთ-დასავლურიც. თბილისიდან უფრო ადვილია მიწვდენა ზემო ქართლისკენ, ვიდრე მცხეთიდან.
ყოველ ისტორიულ ეპოქაში საქართველოს ერთიანობაზე, ქართველი ხალხის ძალისხმევაზე იყო დამოკიდებული კავკასიაში მოსახლე ყველა ხალხის და ტომის კეთილდღეობა.
როგორც ვთქვით ზემოთ, ჯერ კიდევ ფარნავაზმა დაიწყო ზოგადკავკასიური პოლიტიკის გატარება. ქართული სამეფო-სამთავროების ერთ სამეფოდ ჩამოყალიბების პროცესის პარალელურად მიმდინარეობდა ბრძოლა სრულიად კავკასიის ქართლის გარშემო გაერთიანებისათვის: ვახტანგ გორგასალი, ბაგრატ III, ბაგრატ IV.
დავით აღმაშენებელმა გააერთიანა კავკასია ტფილისის გარშემო. შედეგი ბრწყინვალე იყო: სახარების (ჰუმანური) პრინციპებით მცხოვრები სახელმწიფოს შექმნა, სადაც მონათესავე ხალხები და სხვებიც, მიუხედავად ენობრივი და სარწმუნოებრივი სხვაობისა, ცხოვრობდნენ მეზობლურად, ძმურად. მშვიდობიანობის, სახელმწიფოებრივი ერთობის გარანტის როლს ასრულებდა საქართველო _ ქართველი ხალხი, საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა, ენა, ანბანი და საქართველოს მისია.
დაწყებული იყო პროცესი ასწლეულების თუ ათასწლეულების მანძილზე ნელ-ნელა დაშორებული ხალხების თუ ტომების ხელახალი დაახლოებისა, ერთ კულტურულ სამყაროში გაერთიანებისა _ ერთ ცივილიზაციაში დაბრუნებისა, აღორძინებისა (ქართული რენესანსი).
როგორც ვთქვით, ქართულ სახელმწიფოში ან მისი გავლენის სფეროში შემოდიოდნენ იბერიულ-კავკასიური და სხვა წარმოშობის ხალხებიც, რომლებიც ერთად ქმნიდნენ უსაფრთხოებისა და კეთილმეზობლობის ერთიან რეგიონს.
დიდი საქართველოს დაცემის შემდგომ საუკუნეებშიც მრავალი ქართველი თუ სხვა კავკასიელი მოღვაწე მიისწრაფოდა კავკასიის კვლავ გაერთიანებისაკენ. მაგრამ კავკასიის წამყვანმა ძალამ, ქართველობამ, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, ვეღარ აღადგინა საქართველო კავკასიის მზედ, ლიდერად.
არასწორი ორიენტაციისა და საერთო მტრის, არაკავკასიური იმპერიების გავლენით იყო ტომობრივი შუღლიც და ომებიც კავკასიელ ხალხებს შორის.
ჩვენს წინაპრებს რომ შესძლებოდათ ერთიანად დაერაზმათ მთელი კავკასია, რუსეთი კავკასიას ვერასოდეს დაიპყრობდა და ვერც თურქეთი ან ირანი დაგვაკლებდა რამეს.
კავკასიელი ხალხები ძირითადად მაჰმადიანებია, მაგრამ მათ უმრავლესობას არ ახასიათებს რელიგიური ფანატიზმი. ისინი ტრადიციონალისტები არიან და მათ ტრადიციებში ბევრია ძველი კავკასიური წარმართობისა და ძველი საერთო კულტურის წილი. ჩეჩნებისა და რუსების ბრძოლაში გამოყენებულ ზოგიერთ მეთოდს, რა თქმა უნდა ჩვენ არ ვემხრობით, მაგრამ, ამ შემთხვევაში რუსეთზე შეგვიძლია ვთქვათ, რაც თესეს საუკუნეების მანძილზე, ის მოიმკეს. ჩვენი და სხვა კავკასიელების ურთიერთობა ტოლერანტული იყო რელიგიურ საკითხებში. ჩვენი მიზანია მათი საერთო კავკასიურ პოლიტიკაში ჩაბმა. მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ ქართველთა დიდი ნაწილი მაჰმადიანია.
დღევანდელი საქართველოსთვის ქართულ-კავკასიური ერთობა ნიშნავს მშვიდობიანობას კავკასიაში და ჩვენი ცივილიზაციის გამყარებას. ასევე ბუნებრივი, უახლოესი მოკავშირეების შეძენას, კავკასიაში რუსეთის პოლიტიკური დასაყრდენის მოშლას, ოსური, აფსუური სეპარატიზმის დამარცხებას. ასეთი ერთობა ჩვენთვის ნიშნავს ძალიან მნიშვნელოვან სამეგობრო ხიდს ქრისტიანთა და მუსულმანთა შორის. და, რაც მთავარია, ასეთი ერთობა ნიშნავს ჩვენი მეზობლების მიერ მოკავშირის პოვნას ჩვენი სახით და მოკავშირის აღარ ძიებას ფუნდამენტალისტურ ქვეყნებში. ამგვარად ისინი აღარ გახდებიან უცხო ცივილიზაციების დასაყრდენნი ჩვენი ცივილიზაციის სფეროში.
ჩვენ, ქართველებმა, ივერიული ცივილიზაციის მთავარმა პერსონაჟებმა უნდა შემოვიკრიბოთ ჩვენი ცივილიზაციის ნაწილები, უფრო მეტიც, უნდა შევეცადოთ უფრო გავაფართოვოთ ჩვენი რეგიონის საზღვრები მოკავშირეთა მოძებნის მეშვეობით, რომლებთან ერთად ჩამოვაყალიბებთ საერთო გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ სივრცეს და ფართო საზღვარი უნდა შევქმნათ სხვა ცივილიზაციებთან.
მაგალითად, რუსულთან. ამისათვის კი საჭიროა საქართველომ აღიდგინოს თავისი ადგილი კავკასიაში.
საქართველო კვლავ უნდა იქცეს კავკასიის მზედ!
კავკასია ჩვენია!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100