ქარელის ტაძრის წინამძღვარი მრევლს “ქართული ოცნების” მხარდაჭერას აიძულებს
ქარელის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღრვარი მამა სტეფანე მრევლს, რომელიც მხარს არ დაუჭერს და არ იბრძოლებს კოალიცია “ქართული ოცნებისთვის”, ტაძარში შესვლის აკრძალვით დაემუქრა.
ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” საკვირაო ქადაგებისას წმ. ნიკოლოზის ტაძარში მყოფმა მრევლმა აცნობა.
“საკუთარი ყურით რომ არ გამეგონა, ვერაფრით დავიჯერებდი, რომ მამა სტეფანემ ასეთი რამ თქვა”, – განუცხადა “ექსპრესნიუსს” თვითმხილველმა.
მისი თქმით, მრევლის ნაწილი გაოგნებული იყო ამ მოწოდებით, ნაწილი კი დამორჩილდა მოძღვრის მოწოდებას.
ამასთან, მრევლის ნაწილის ინფორმაციით, ტაძრის წინამძღვარმა მოსთხოვა საკუთარ მრევლს კოალიცია “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიაში ღიად ჩართულიყო. მრევლის ნაწილი მოძღვრის გადაწყვეტილებას ძალადობად აფასებს.
მათ “ექსპრესნიუსს” სთხოვეს არ გამოექვეყნებულიყო მათი სახელი და გვარი.
მამა სტეფანემ საღვთო მსახურება, 1989 წელს რუის–ურბნისის მიტროპოლიტ მეუფე იობის გვერდით დაიწყო. იგი სხალთაში, ზემო აჭარაში მეუფე იობთან ერთად მსახურობდა. როგორც თავად მამა სტეფანე ერთ–ერთ ინტერვიუში აცხადებს, 16 წელია მეუფე იობს არ მოშორებია გვერდიდან. მამა სტეფანე ამავდროულად ქარელის გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის რექტორია.
აღსანიშნავია, რომ მეუფე იობის “ქართული ოცნების” აქციაზე გამოჩენის გამო, წმინდა სინოდმა განჩინება გამოიტანა, სადაც ჩაიწერა, რომ სასულიერო პირებს, პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობა აეკრძალათ, თუმცა მეუფემ ამის შემდეგაც კოალიცია “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, არაერთი განცხადება გააკეთა.
წყარო: "ექსპრესნიუსი"
კომენტარი