სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსმა გარდაცვლილებმა ინტერნეტში დაივანეს და საჩუქრებსაც იღებენ

შეგიძლიათ, ჯერ მოძებნოთ, მერე კი მისწეროთ კიდეც. მაგალითად, ასეთი ტექსტი: “ვერ ჩამოვედი შენს დაკრძალვაზე, ვიზა არ მომცეს. არადა, სულით და გულით მინდოდა დაგმშვიდობებოდი. მიხარია, რომ აქ გიპოვე და კარგად ხარ. სურათზე კარგად გამოიყურები. აბა შენ იცი, არ მოიწყინო, შეგეხმიანები ხოლმე...”

გუშინ რუსულ მედიაში გაჩნდა განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსულ ინტერნეტსივრცეს კიდევ ერთი სოციალური ქსელი შეემატა. ამ ქსელის მთავარი თავისებურება ის გახლავთ, რომ მასზე დარეგისტრირებულ იუზერებს არც კომპიუტერი აქვთ და არც იმის უნარი, რომ კლავიატურაზე წერონ, მაგრამ ეს ხელს ვერ უშლის, თამამად მიითვალონ საჩუქრები, რომლებიც, კაცმა რომ თქვას, არც არაფერში სჭირდებათ, მაგრამ მაინც იგზავნება. როგორც უკვე მიხვდებოდით, საუბარია ინტერნეტში დავანებულ რუს გარდაცვლილებზე, რომელთათვის ახალი სოციალური ქსელი: “პომნი პრო. რუ” შეიქმნა.

“ელექტრონული მემორიალი” - ასეა ფორმირებული ახალი სოცქსელის დანიშნულება საიტის მთავარ გვერდზე, ანოტაციაში კი ვკითხულობთ: “ეს არის არამხოლოდ ვირტუალური სასაფლაო, არამედ უფასო ელექტრონული მემორიალიც. ჩვენგან წასული ადამიანების საძიებელი მათთვის, ვინც პატივს მიაგებს გარდაცვლილთა ხსოვნას”. ამ ქსელზე უკვე არსებობს რამდენიმე ცნობილი აწ გარდაცვლილი პერსონის გვერდი, მაგალითად ვლად ლისტევის და პატრიარქ ალექსი მეორის.

სოცქსელს გაფართოებული საძიებო სისტემა აქვს. დავუშვათ, გინდათ გაიგოთ, არის თუ არა ახლახან ან კარგა ხნის წინ გარდაცვლილი თქვენი რუსი ნაცნობი ან, სულაც ძველი, ცნობილი, გარდაცვლილი სახე ინტერნეტში - ჩაწერეთ საძიებოში მისი სახელი და გვარი და თუ გარდაცვლილი ონლაინში არ დაგხვდებათ, არც ამაზე იდარდოთ: “დაუტოვე შეტყობინება”; “დაუტოვე სჩუქარი”; “დაწერე ტექსტი” - აირჩიეთ რომელიმე, მე თქვენ გეტყვით და, შეზღუდული იქნებით.

მაგალითად, თუკი მიზეზთა და მიზეზთა გამო მის დაკრძალვაზე არ ყოფილხართ, ოჯახის წევრებს და ახლობლებს კი ნუ აუხსნით, თვითონ მასთანვე “მოინანიეთ”, მაგალითად, ასეთი ტექსტით:

“ვერ ჩამოვედი შენს დაკრძალვაზე, ვიზა არ მომცეს. არადა, სულით და გულით მინდოდა დაგმშვიდობებოდი. მიხარია, რომ აქ გიპოვე და კარგად ხარ. სურათზე კარგად გამოიყურები. აბა შენ იცი, არ მოიწყინო, შეგეხმიანები ხოლმე”. ამის შემდეგ იქვე, ქვემოთ დაგხვდებათ ვირტუალური საჩუქრები და, თუ გნებავთ გაუგზავნით, არჩევანი დიდია: სიგარეტი, კანფეტი, სანთელი, შოკოლადის ფილა, ღვინის ჭიქა შიგ ჩამბალი პურის ნაჭრით და რა ვიცი, რომელი ერთი...

ეს ტექსტი ვინმემ მიცვალებულთა უპატივცემლობად რომ არ აღიქვას, დავამატებ: მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ინტერნეტსივრცემ, რომელმაც თავდაპირველად დრო, მანძილი, მონატრების გრძნობა და ა.შ. მოსპო, ახლა ზღვარი სიკვდილ-სიცოცხლეს შორისაც კი “წაშალა”: თურმე სულაც არ ყოფილა აუცილებელი, იარო საფლავზე და ასე გამოხატო შენი პატივისცემა გარდაცვლილისადმი - მთავარია, მისი ვირტუალური საფლავი (?!) იყოს ხელმისაწვდომი და დღეში ათჯერ შეგიძლია “შეუარო”... ვერაფერს იტყვი...

გგონიათ, რომ რუსები ამ საქმეში პიონერები არიან და მთელ მსოფლიოში პირველებმა მოიფიქრეს მსგავსი ქსელის შექმნა? სულაც არა: ქართველებმა ჩრდილოელ მეზობლებს აქაც კი დაასწრეს. მსგავსი საიტი საქართველოში, კარგა ხანია, მოქმედებს, ოღონდ, გარდაცვლილები რუსულ საიტზე უფრო “ნავაროჩენნი” არიან და უფრო მეტი ფუნქცია “აქვთ”, ვიდრე ქართულზე...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100