აღსრულების ეროვნული ბიურო მოქალაქეებს ახალ სერვისს - ელექტრონულ მაღაზიას სთავაზობს.
აღსრულების ეროვნული ბიურო მოქალაქეებს ახალ სერვისს - ელექტრონულ მაღაზიას სთავაზობს. ვებ გვერდზე www.eshop.nbe.gov.ge განთავსებული იქნება სააღსრულებო წარმოების ფარგლებში დაყადაღებული ქონება. რა პირობებით გაიყიდება და როგორია შეძენის პროცედურები, გთავაზობთ ინტერვიუს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, იოსებ ბაღათურიასთან:
ბატონო იოსებ, რას გულისხმობს ონლაინ მაღაზია?
მოგეხსენებათ, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ახდენს მოვალის მოძრავ-უძრავი ქონების დაყადაღებასა და შემდგომში, საჭიროების შემთხვევაში, მის რეალიზაციას ელექტრონულ აუქციონზე. თუმცა აუქციონი შედარებით რთულ პროცედურებთანაა დაკავშირებული, მათ შორის, 3 აუქციონის ფარგლებში, შესაძლებელია ნივთი, მის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, ბევრად დაბალ ფასში გაიყიდოს, რადგან მეორე განმეორებით აუქციონზე ნივთის საწყისი ღირებულება წარმოადგენს 0 ლარს.
რა ფასად იქნება ნივთი გასაყიდად წარდგენილი ელექტრონულ მაღაზიაზე?
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შექმნა სპეციალური ვებ გვერდი www.eshop.nbe.gov.ge , სადაც დაყადაღებული ნივთის განთავსებისთვის საჭიროა, მოვალისა და კრედიტორის ერთობლივი განცხადება. სააღსრულებო პროცესის მხარეებს, შეთანხმების შემთხვევაში, უფლება ეძლევათ, მოახდინონ დაყადაღებული ნივთის პირდაპირი რეალიზაცია აუქციონამდე მისი ღირებულების 80 პროცენტად. ეს საშუალებას აძლევს მოვალე მხარეს, რომ ნივთი გაიყიდოს შედარებით მაღალ ფასად და ფინანსური ვალდებულების შესრულების შემდეგ დარჩენილი თანხა უკან მიიღოს.
რა პროცედურებია საჭირო ნივთის შეძენისთვის?
www.eshop.nbe.gov.ge ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს საშუალებას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად, მისთვის კომფორტულ გარემოში, შეიძინოს სასურველი ქონება. ამისთვის საჭიროა, მომხმარებლის რეგისტრაცია/ავტორიზაცია შესაბამის ვებგვერდზე www.eshop.nbe.gov.ge და სასურველი ნივთის ღირებულების გადახდა. თანხის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
ნივთის შეძენის მსურველს, თუ აქვს მისი წინასწარ დათვალიერების საშუალება?
ელექტრონულ მაღაზიაში, დაყადაღებული ნივთის სარეალიზაციოდ გამოტანამდე ხდება მისი წინასწარი განთავსება. რას გულისხმობ ეს? 5-8 დღის განმავლობაში, დაყადაღებული ნივთი თავისი აღწერილობითურთ, იდება ელექტრონული მაღაზიის ვებ გვერდზე, თუმცა მითითებულია, რომ ეს გახლავთ წინმსწრები განთავსება და რეალიზაცია მოხდება ამ წინმსწრები ვადის გასვლის შემდეგ. მსურველი, ბუნებრივად, წინასწარ ხედავს, თუ რა ნივთის პირდაპირ რეალიზაციას აპირებს აღსრულების ეროვნული ბიურო. მას აქვს შესაძლებლობა, ამ პერიოდის განმავლობაში, დაათვალიეროს ნივთი.
თუკი არ მოხდა დაყადაღებული ნივთის რეალიზაცია მაღაზიის მეშვეობით, რა ხდება ამ შემთხვევაში?
ელექტრონული მაღაზია, როგორც მოგახსენეთ, არის ნივთის, უფრო სარგებლიანად გაყიდვის საშუალება იძულებით აუქციონამდე. თუკი არ მოხდა მაღაზიის მეშვეობით მისი რეალიზაცია, ბუნებრივია, სააღსრულებო წარმოება გრძელდება და მოხდება მისი რეალიზაცია აუქციონზე. თუმცა ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, რაც ბიურომ ახალი სერვისი აამოქმედა, უკვე რამდენიმე ათეული ნივთი არის მხარეების თანხმობით ვებ გვერდზე განთავსებული. მისი გამოყენების პოპულარიზაციას, ვფიქრობთ, განსაზღვრავს ის ფაქტი, რომ მაღაზიის მომსახურება, ერთის მხრივ, აუმჯობესებს ქონების სარგებლიანად რეალიზაციის შესაძლებლობას, ასევე ამცირებს სააღსრულებო წარმოების პროცესში არსებულ პროცედურებსა და ვადებს.
კომენტარი