სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ალიკ ბაზარის“ მარჯვენა ხელი „ყინწვისის ორკესტრს“ დირიჟორობდა

„ალიკ–ბაზარს“, იგივე ალექსანდრე ებრალიძეს რუსეთში ყოფნამ ბევრი რამ ასწავლა: პირველ რიგში ის, როგორ მართოს პროცესები ისე, რომ თვითონ ჩრდილში დარჩეს. ალექსანდრე ებრალიძის როლი საქართველოში 21–26 მაისს განვითარებულ მოვლენებში ჯერ არ გამოკვეთილა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ რამდენჯერმე გაიჟღერა მისი მარჯვენა ხელის, „საქართველოს ხალხის მსოფლიო კონგრესის“ ვიცე–პრეზიდენტის, ვლადიმირ ხომერიკის გვარმა.

ვლადიმირ ხომერიკი სულაც არ ჰგავს იმ კვიცს, რომელიც დედის წინ კუნტრუშს დედისთვის დაუკითხავად მოჰყვება. მისი აქტიურობა საქართველოში დაგეგმილ „ოპოზიციურ ორომტრიალთან“ მიმართებაში „ეროვნულ–სარწმუნოებრივი მოძრაობის“ შექმნიდანვე იწყება. ცნობილია მისი თბილი დამოკიდებულება საქართველოს ყოფილ შს მიონისტრთან და უფრო ადრე, „მხედრიონის“ ლიდერთან, თემურ ხაჩიშვილთანაც.

ბევრს, შესაძლოა, არც ახსოვს, მაგრამ ქართული პრესა „ეროვნულ–სარწმუნოებრივი მოძრაობის“ კავშირზე ვლადიმირ ხომერიკთან და, მისი სახით, მოსკოვს თავშეფარებულ სხვა რენეგატ ქართველებთან ჯერ კიდევ ამ ორგანიზაციის სექმნის დღიდანვე იწყება.

11 მაისს, ანუ მაშინ, როცა „ეროვნულ–სარწმუნოებრივი“ მოძრაობის პრეზენტაცია მოეწყო, წინასწარვე იყო დაანონსებული, რომ მონაწილეებს ექნებოდათ ვიდეოჩართვის ნახვის საშუალება. არც ქალაქი, საიდან უნდა მომხდარიყო ჩართვა, არც პიროვნება, ვინ უნდა ჩართულიყო, თავიდანვე არ დაუსახელებიათ, ხოლო როცა ვიდეომიმართვის დრო დადგა, პორტატული კომპიუტერის ეკრანზე, ყველასთვის მოულოდნელად, საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის ვიცე–პრეზიდენტი, ვლადიმირ ხომერიკი გამოჩნდა. მისი გამოჩენის შემდეგ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას – რა კავშირი აქვს მოძრაობას ვლადიმირ ხომერიკთან და საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესთან, ორგანიზაქციის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა, თეა ღვანიამ არ უპასუხა.

ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოში სწორედ ის პირები არიან, რომლებიც სატელეფონო საუბრებში ფიგურირებენ: ნიკოლოზ გოგუაძე, პაატა მოდებაძე, რამაზ ღვალაძე და დავით შუკაკიძე, ხოლო ჯემალ გუნდიშვილი, რომლის აღიარებითი ჩვენება ასევე, შსს–მ გაავრცელა, ორგანიზაციული საბჭოს წევრი გახლდათ.

ვლადიმირ ხომერიკს არაერთხელ გამოუთქვამს ოპოზიციის დახმარების სურვილი. სავარაუდოდ, ის ამას ალექსანდრე ებრალიძესთან შეთანხმებით აკეთებდა: „ მე და ბატონ ებრალიძეს განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს საქართველოში მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით, თორემ მე რომ მის ადგილას ვიყო და მისი მსგავსი ფინანსური შესაძლებლობები მქონდეს, აუცილებლად დავაფინანსებდი ოპოზიციას. თუკი ნორმალურია, რომ სააკაშვილის რეჟიმი აშშ–მ დააფინანსოს, რატომაა გასაკვირი, თუ რუსეთი ოპოზიციას დააფინანსებს?“ – უკვირდა ხომერიკს სულ ცოტა ხნის წინ.

რაც შეეხება ალექსანდრე ებრალიძეს, მან მოუზომავი განცხადებისთვის არათუ შენიშვნა მისცა თანამოაზრეს, „გადაუჯოკრა“ კიდეც, როცა განაცხადა, რომ მორალურად უერთდება და მხარში უდგას „სახალხო კრების“ მიერ დაგეგმილ აქციებს.

ისიც საინტერესოა, რომ „ეროვნულ–სარწმუნოებრივ“ ორგანიზაციის საბჭოს შემადგენლობაში ასევე არიან საქართველოს შს სამინისტროს მიერ ძებნილი ვალერი გელბახიანი და გენერალი რომან დუმბაძე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ რუსულ მხარეს ქართველ ტყვეებში გაუცვალა.

შეგახსენებთ, რომ შს სამინისტრომ "ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის" ყინწვისის მონასტერში აყვანილ წევრთა აღიარებითი ჩვენებები და სატელეფონო საუბრები გუშინ გაავრცელა. მისი მონაცემებით, ამ დაჯგუფებას შს ყოფილი მინისტრი, "მხედრიონელი" თემურ ხაჩიშვილი ხელმძღვანელობდა.

ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ჯგუფი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული პროვოკაციების მოწყობას გეგმავდა, პირდაპირ კავშირში იყო სასაზღვრო პოლიციის ყოფილ შეფ ბადრი ბიწაძესთან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100