როგორ იშოვა ნოღაიდელმა მილიონები?
ზურაბ ნოღაიდელი, როცა ქვეყნის ძარცვა-გლეჯას მორჩა, ხელისუფლებიდან წავიდა და ბიზნესში გადაბარგდა. პარტნიორიც შესაშური შეარჩია - კახი კალაძე. მაგრამ გეგმები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა და მსოფლიოს ფინანსურმა კრიზისმა აურია. როცა ბიზნესში რისკ-ფაქტორები გაიზარდა, „დაატორმუზა“. ნოღაიდელს არ უღირდა იმ მილიონების სარისკო ბიზნესში დაბანდება, რომლებიც წლების მანძილზე მოიპარა ბიუჯეტიდან და თითოეულ თეთრზე, თუკი ჩაერევიან სამართალდამცავები, თითო სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.
ნოღაიდელმა აღარ გარისკა და უკან მიბრუნდა - პოლიტიკაში. პოლიტიკა ყველაზე სარფიანი ბიზნესია მავანთათვის და არა მარტო საქართველოში. ამ მავანთა შორისაა ნოღაიდელი. მან საქართველოს ბიუჯეტი ორჯერ გაყვლიფა: ფინანსთა მინისტრობისას - შევარდნაძის მთავრობაში და ამავე რანგში და მერე, მთავარ, ანუ პრემიერ-მინისტრის „გაფართოებული უფლებებით“.
ნოღაიდელი ხშირად იძახის, რომ მან მილიონები ბიზნესით იშოვა. რომ დავითვალოთ, ეს კაცი სახელმწიფო სამსახურში სულ 38-39 თვე არ ყოფილა და, ძალიან საინტერესოა, ამ მოკლე დროში, არასრულ ორ წელიწადში, როგორ დააგროვა ლამის 100-მილიონიანი ქონება.
ეს ის არის, რისი დეკლარირებაც ნოღაიდელმა გადაწყვიტა, ანუ შუბლის ძარღვი გაიწყვიტა და ამხელა ქონების მფლობელობა არ დამალა. მაგრამ ამას გარდა, ნოღაიდელი ფლობს არაერთ მსხვილ აქტივს სოლიდურ კომპანიებში. სახლებს, აგარაკებს, მიწის ფართებს და სხვა უძრავ-მოძრავ ქონებას. რეალურად, ნოღაიდელი მილიარდერია და ამაზე ქართული მედია დიდი ხანია ლაპარაკობს და ხელისუფლებაში კვლავ მილიონების მოსაპარად დაბრუნების მოსურნეს, თანაც კაპიკ-კაპიკ დაუთვლიან ქონებას, მაგრამ მანამდე ნოღაიდელის იმ ქონებაზე მოგახსენებთ, რომელზეც არა ხელისუფლება, არა ამჟამინდელი მისი ოპონენტები, მისი ახლანდელი პარტნიორები რომ ლაპარაკობდნენ ხმამაღლა.
„ეროვნული ფორუმის“ წევრი, ცხონებული ნიკო ორველაშვილი კატეგორიულად ამტკიცებდა, რომ `ენერგო-პრო-ჯორჯიას~ საკონტროლო პაკეტს სწორედ ნოღაიდელი ფლობს. ორველაშვილი, საშუალოდ, ამ ენერგეტიკული კომპანიიდან, 15-მილიონიან წლიურ მოგებას უთვლიდა ნოღაიდელს. შალვა ნათელაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ „საქენერგოს“ ყოფილი შენობა კოლმეურნეობის მოედანზე, ნოღაიდელმა კაპიკებად იყიდა, მისი რეალური ღირებულება კი 6-7 მილიონი დოლარია. მისივე თქმით, ეს 10-სართულიანი შენობა იყო ერთ-ერთი აქტივი, რისი წყალობითაც ნოღაიდელი აპირებდა კალაძის ბიზნესპარტნიორობას.
კახა კუკავამ ბრძანა, ნოღაიდელი ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიის 100-პროცენტიანი ნაწილის მფლობელია და წლიურად 50-60 მილიონს იჯიბავსო. აბა, რა უფლება გვაქვს კუკავას ნათქვამს არ ვენდოთ - თუ სააკაშვილის საპრეზიდენტო რეზიდენციაზე დახარჯული თანხა კაპიკებში იანგარიშა, რაღა ნოღაიდელის შემთხვევაში შეცდებოდა? ჰა, 60 მილიონს დავანებოთ თავი, 50 მილიონი წლიურად, რა, ცოტაა?
„ხალხის პარტიის“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ჯუმბერ თავართქილაძე აჭარაში იჯდა და მაღალჩინოსანთა იქაურ ქონებას ითვლიდა, აქ, თბილისში, იმავეს მისი პარტიის ლიდერი, კობა დავითაშვილი აკეთებდა. ახლა, თავართქილაძე, ალბათ, ნანობს კიდეც, რა ძალა მადგა, ნოღაიდელს აჭარულ ქონებას რომ ვუთვლიდიო, მაგრამ რა ქნას ამ კაცმა, ნოსტრადამუსი არ არის - რას წარმოიდგენდა, თუ პუტინთან შეხვედრის მერე, თბილისში დაბრუნებულ ნოღაიდელს ლამის აეროპორტში დახვდებოდა კობა დავითაშვილი?
ახია, მოდით, ჯუმბერ თავართქილაძის მოძიებულ ნოღაიდელის ქონებასაც გადავხედოთ. ნოღაიდელს ბათუმში ეკუთვნის 150-ნომრიანი სასტუმრო, ასევე პატარა სასტუმროები ჩაქვში, კვარიათში, 4 მიწის ნაკვეთი - 3 ბათუმში და ერთი ქობულეთში, სადაც სასტუმროს აშენებას აპირებს. თავართქილაძის კალკულაციით, ბათუმის სასტუმრო 10-12 მილიონი ღირს, ჩაქვისა და კვარიათის პატარებია და 5-6 მილიონად აფასებს თითოს, რაც შეეხება ნაკვეთებს, ოთხივე მილიონ-ნახევრად დაუანგარიშა, ცხადია, დოლარებში. ნოღაიდელი ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მეწილეც ყოფილა - 25-პროცენტიანი წილით, ქარხანა უცხოელებზე კი გაიყიდა, მაგრამ ნოღაიდელის წილს უცხოელები აკონტროლებენო.
ბეჟან გუნავა ნოღაიდელს სამეგრელოში თხილის ბიზნესში ხელის ფათურსაც აბრალებდა. ის აცხადებდა, რომ ნოღაიდელის ფირმა იყო მონოპოლისტი ამ რეგიონიდან უცხოეთში თხილის გატანისა. ფირმას `ივერია და პარტნიორები~ ჰქვია. ვინ არიან პარტნიორები, უცნობია. მაგრამ ივერია ნოღაიდელის მხარეა 42-პროცენტიანი წილით და ყოველწლიური 7 მილიონი დოლარით, დანარჩენი პარტნიორებისაა.
„ლეიბორისტმა“ გიორგი გუგავამ რამდენიმე ბრიფინგი მიუძღვნა ნოღაიდელის ქონებას, მაგრამ მუდამ დანანებით იძახდა, უძირო ქვაბივითაა, ეს ოხერი, იმდენი აქვს, ჯერ ვერ დავითვალეო. ეტყობა, თვლა არ იცის გუგავამ, რაც უნდა, იმას კარგად ითვლის - მაგალითად, რომელ სოფელში რამდენი ხმა „მოპარეს“ საპრეზიდენტო არჩევნებზე ნათელაშვილს, სულ ზეპირად იცის. ახლა გუგავას წლობით ნაჯახირები გავიხსენოთ. ნოღაიდელი წავკისში იშენებს (შეიძლება უკვე აიშენა) ფეშენებელურ ვილას, რომელიც 2 მილიონი დოლარი ჯდება. მას ეკუთვნის 4000 კვ/მეტრი კომერციული ფართი `ნახალოვკაში~ მშენებარე სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“, რომელსაც კომპანია „აისი“ აშენებს.
ასევე, არის ელიავას ბაზრობის 25-პოცენტიანი მეწილე, აქვს სამშენებლო კომპანია, რომელსაც ვერ აკონკრეტებს გუგავა, იმას კი ამბობს, რომ ეს კომპანია თბილისის პრესტიჟულ უბნებში აშენებს სახლებსო. გუგავამ ერთხელ დაითვალა და ნოღაიდელს, მის მიერ აღმოჩენილი ბიზნესიდან, 150 მილიონი დოლარის მოგება ჰქონდა წლიურად. ახლა ამას კუკავას, ორველაშვილის, თავართქილაძისა და ნათელაშვილის ნაპოვნი ნოღაიდელის ქონება მიათვალეთ?!
ჰო, შალვა ნათელაშვილი წლებია ამტკიცებს, შევარდნაძის დროს, ერთი ოპერაციით, ნოღაიდელმა 300 000 დოლარი მოხსნა ბიუჯეტიდან, ჯამში კი 10 მილიონი ჩაიჯიბაო. ეს ის დროა, ნოღაიდელმა ბიუჯეტი რომ გაკრიჭა - სეკვესტრი გაუკეთა და ხალხს წლობით ხელფასს, პენსიას და დახმარებებს აღარ ურიგებდნენ.
ნოღაიდელს „ჭიათურმანგანუმის“ ერთ-ერთ მეწილედ დავით გამყრელიძის გუნდი მოიხსენიებდა, თუმცა წილები და წლიური შემოსავალი არ უხსენებიათ. სამაგიეროდ ნიკო ორველაშვილი ამტკიცებდა `მადნეულის~, „კვარციტის“ მეწილე ნოღაიდელია და მცირე წილი „მადნეულის“ შვილობილ კომპანიაში - „ეროვნულ ზარაფხანაში“ აქვსო. ორველაშვილის თქმით, ეკონომიკის ექს-მინისტრი ირაკლი ჩოგოვაძე აკონტროლებს იქ ნოღაიდელის წილსო. რატომ არ უნდა დაიჯერო კაცმა? ჩოგოვაძეს ნოღაიდელის კადრს ეძახდნენ და მინისტრობის მერე, `ზარაფხანას~ სამეთვალყურეო საბჭოსაც თავმჯდომარეობდა. სხვათა შორის, ბატონი ნიკო თანხებს და წილებსაც ასახელებდა - ყველგან საკონტროლო პაკეტი მაგისია (ნოღაიდელის) და 20-25 მილიონს ისე იჯიბავს წლიურად, როგორც გაგიხარია.
თავის დროზე, კობა დავითაშვილიც ამტკიცებდა, ზურაბ ნოღაიდელი ტენდერების გარეშე, კერძო კომპანიებს სახელმწიფო დაკვეთებს აძლევს და ამით ფულს აკეთებსო. ლაპარაკია 100 000 ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო შეკვეთაზე. ასეთ დროს, კანონი ითხოვს, ტენდერი ჩატარდეს და სახელმწიფომ ამ გზით შეარჩიოს საუკეთესო ფირმა. დავითაშვილის თემა გიორგი გუგავამ გააგრძელა. კი, მართალია, ნოღაიდელმა ფინანსთა მინისტრობისას, 2005 წელს, 4 მილიონ 300 000 ლარი კერძო კომპანიებს არაკანონიერად, პირდაპირი მოლაპარაკების გზით გადაურიცხაო.
ნოღაიდელმა ფინანსთა სამინისტროს სხვადასხვა დასახელების ინვენტარი შეიძინა. ამდენად, ნოღაიდელის ლობისტობაში ეჭვმიტანილი ფირმები გახდნენ - შპს „ჯი და ჯი“, „გლობალ – 1“, „კანარგო სტანდარტოილი“, „ბიტისი“, „ავტოსერვისი“, „ჯი-სი-ჯი“, „ფინანსები“, „ქართული საოფისე ავეჯი“ და სხვა. თითოეულმა ფირმამ თუ კომპანიამ ნოღაიდელს სამინისტროსთან კონკრეტული პროდუქცია მიაწოდა, ან სხვა სახის სამუშაოები შეუსრულა, რომელთა ღირებულება 100 000 ლარზე მეტი იყო და ტენდერი და კონკურსი არავის გახსენებია.
გარდა ამისა, ნოღაიდელს ფიზკულტურისა და სპორტის აკადემიის შენობის ხელში ჩაგდებაში ადანაშაულებდნენ. ამაზე ღიად ლაპარაკობდა ამ აკადემიის თანამშრომელი ირაკლი დოლაბერიძე. შემდეგ იგი იმ საპროტესტო კომიტეტს ჩაუდგა სათავეში, რომელმაც მრავალი აქცია მოაწყო აკადემიის გაუქმებისა და მისი ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტთან შეერთების საპროტესტოდ.
დოლაბერიძე აცხადებს, რომ ნოღადელი 25 მილიონს იხდიდა, რათა ხელში ჩაეგდო ვაკეში, ჭავჭავაძის 49-ში მდებარე ეს დიდებული შენობა, თავისი უამრავი ფართითა და სხვა სპორტული ობიექტებით (მძლეოსნობის მანეჟი, ფეხბურთის სტანდარტული და მინი მოედნები, ჩოგბურთის კორტები, სპორტული მსაჯის კაბინეტი). აკადემია გაუქმდა და სავარაუდოდ, ის ნოღაიდელმა იყიდა იმ ფულით, რომელიც ხალხს პენსიებიდან მოჰპარა.
ნოღაიდელს ჰყოფნის უნამუსობა და აცხადებს, რომ მას ოფიციალურად ეკუთვნის ბაკურიანში 100 000 ლარად ღირებული სახლი, ის მისი მეუღლის, ნინო ცინცაძის სახელზეა გაფორმებული. ასევე, ცინცაძის სახელზეა 350 000 ლარად შეფასებული ბინა ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე და 200 000 ლარად ღირებული ქობულეთური სახლი. ასევე, ნინო ცინცაძის სახელზე შენდება ზემო წყნეთში, პრესტიჟულ ადგილას, რუსთაველისა და წერეთლის ქუჩების გადაკვეთაზე 3-მილიონიანი ფეშენებელური სახლი. 3 მილიონი - ეს სახლზე დახარჯული ფულია, 400 ათასი ნოღაიდელმა რამდენიმე ნაკვეთში გადაიხადა, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობისგან იყიდა.
ნოღაიდელის ყველა ოპონენტი ბრალს სდებდა, რომ ის „ბაზისბანკის“ მეწილეა. სახელდებოდა საკონტროლო პაკეტი - 51 პროცენტი. 45, 32 პროცენტი. მაგრამ ეჭვქვეშ არავის დაუყენებია, რომ ამ ბანკის მეწილე იყო ფინანსთა მინისტრი. ნოღაიდელს უკავშირებენ „ყაზტრანსგაზის“ შემოყვანას საქართველოში და თემურ შაშიაშვილმა ოცამდე ინტერვიუში მაინც აღნიშნა, ყაზახები ნოღაიდელის პირადი ინტერესების გამო შემოვიდნენ, ამ კომპანიის მეწილე ნოღაიდელიაო, თუმცა რა ოდენობისაა ეს წილი, არ ასახელებს.
როცა ამ ოპოზიციისთვის არცთუ ისე მოდური იყო პრორუსულობა, მაშინ პრორუსული პოლიტიკის საქართველოში გატარებას ნოღაიდელს აბრალებდნენ და მეტიც, ამტკიცებდნენ, ნოღაიდელს თავისი კაპიტალის ნაწილი მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში აქვს გატანილი და რუსი ოლიგარქების და ქართველი კანონიერი ქურდების ბიზნესპარტნიორიაო.
რა ქონებას ფლობს ნოღაიდელი რუსეთში, ამის ამოქექვა მისმა მაშინდელმა ოპონენტებმა ვერ მოასწრეს, დღეს კი პოლიტპარტნიორები არიან და, ცხადია, ძიება შეწყვეტილია. იმ ფულიდან, რომელსაც ადრე ეს პოლიტ-ლიდერები კრიმინალურს ეძახდნენ, დიდი შანსია, თითო კაპიკი ძაღლუმადურად, როგორც სჩვევია, მათაც გადაუგდოს პარტიების დასაფინანსებლად. ცხადია, ეს უკვე წმიდათაწმინდა ფული გახდება ამ ლიდერთათვის და თავიანთი არცთუ შორეული წარსულიდან მედიით გაცხადებული სიტყვები რომ გავახსენოთ, იქნებ თავ-პირიც დაგვიმტვრიონ.
ეს მხოლოდ ნაწილია იმ ქონებისა, რასაც ნოღაიდელი ფლობს. რაც ჩამოვთვალე, იმის დაანგარიშებას არითმეტიკის ცოდნა და მხოლოდ ორი არითმეტიკული ქმედება - მიმატება და გამრავლება სჭირდება და ტოლობად მილიარდერ ზურაბ ნოღაიდელს მიიღებთ.
ერთი უბედურება ეგ არის - როგორ გამდიდრდა კაცი, სახელმწიფო მოხელე ასე უცებ, რომელსაც 1995-99 წლებში, პარლამენტის წევრობის, თბილისში ბინის ქირას სახელმწიფო პარლამენტის ბიუჯეტი უხდიდა, პარლამენტში ზურაბ ჟვანიას ნაჩუქარი კოსტუმითა და ყვითელი ბოტასებით დადიოდა, ვიდრე ფეხსაცმელები ლევან მამალაძემ არ უყიდა.
მეორე უბედურება კი ის ოპოზიციაა, რომელიც ქურდს, ბიუჯეტის ვირთხას, ქვეყნის გამყიდველს, სამშობლოს მოღალატეს, ვირს, მათხოვარს, ქობულეთიდან ცალ-ცალ კალოშით ჩამოთრეულს, ჯერ - შევარდნაძის, მერე - სააკაშვილის მონას, არაკაცს, არაადამიანს, ეშმაკს და ეშმაკის მოციქულს, სადისტს, ულუკმაპურო პენსიონერების პენსიებისა და სასიკვდილოდ განწირული ბავშვების სამკურნალო ფულის მიმთვისებელს ეძახდა ნოღაიდელს.
მგონი, სისხლის სამართლის კოდექსში არ არის მუხლი, რომელიც ამ კაცისთვის ბრალდებად არ წამოეყენებინოთ. დღეს, ეს ხალხი - კობა დავითაშვილი, კახა კუკავა, ზვიად ძიძიგური, ჯუმბერ თავართქილაძე, ბიძინა გუჯაბიძე, მისი პოლიტპარტნიორები არიან. თემურ შაშიაშვილს „დაავიწყდა“ ის საშინელებები, რაშიც ნოღაიდელს ადანაშაულებდა, „მემარჯვენეთა“ ლიდერები მის წარსულს აღარ იხსენებენ და აქაოდა, პუტინს ხელი ჩამოართვაო, როგორც სოლიდურ პოლიტიკურ მოთამაშედ, ისე აღიქვამენ და ექცევიან, ძმებმა ბერძენიშვილებმა ენა გადაყლაპეს, არადა გურამ შარაძე ირწმუნებოდა, ცხონებული, ლევან ბერძენიშვილს პირში ენა არ ეტევა, იმხელა ენა აქვსო და წესით, არ უნდა გადაყლაპვოდა.
სდუმს ხიდაშელ-უსუფაშვილის წყვილიც და საერთოდ, „რესპუბლიკური პარტია“, რომლის ლიდერმაც „კრეტინის“, „გაუნათლებელი კაცის“, „დებილის“, „უწიგნურის“, „ხეპრესა და ტეტიის“ იმიჯი შეუქმნეს და გაუმყარეს ზურაბ ნოღაიდელს. ხმა ჩაუწყდათ „ლეიბორისტებს“, რომლებმაც ცეზარ ჩოჩელის სახლთან აქცია გამართეს - ეს სახლი ბიუჯეტიდან მოპარული ფულით ააშენა გუბერნატორმაო.
მე ჩოჩელს არ ვუადვოკატებ და თავისი წილი ყველას უნდა მოეკითხოს, მაგრამ, თქვე დალოცვილებო, საგურამოში რომ გარბოდით, აქვე, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მისულიყავით და ნოღაიდელის სახლთან მოგეწყოთ აქცია. რა, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე წლობით ღამის თევით ნაშოვნი ფულით აიშენა ეგ სახლი, თუ ქობულეთის პლაჟზე მაშველად მუშაობდა? ანდა, საგურამოზე ახლო წყნეთი არ არის? ბოლოს და ბოლოს, რიგითობა მაინც დაიცავით? სად იყო ჩოჩელი, ნოღაიდელი რომ იპარავდა!
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“
კომენტარი