სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნანა ხიზანიშვილი: ოკუპაციის მუზეუმი, რომელიც გიზიდავს, გატყვევებს და... გაფრთხილებს

ერთ ზაფხულს ახლობლისგან გავიგე, რომ ქალაქში ოკუპაციის მუზეუმი გაუხსნიათ. მეორე დღეს მოვფრინავდი. მაშინვე ტაქსით გავვარდით მე და ჩემი შვილები, რომ მიგვესწრო, სანამ დაკეტავდნენ.

მამაჩემის მამა და მისი სანათესაოს მამაკაცები 1924 წლის აჯანყების მონაწილეები იყვნენ. ბევრჯერ მიფიქრია, რომ ის პროტესტი ჩემში გენეტიკურადაა გადმოსული. მუზეუმში ფეხის შედგმისთანავე და დაცხრილული ვაგონის დანახვისას ის გენეტიკური პროტესტი უცბად გაცოცხლდა. თავად საექსპონატო დარბაზიც მნახველში იმ წამსვე მოწიწების გრძნობას აღძრავს და მხოლოდ დაბალ ხმაზე სალაპარაკოდ განგაწყობს.

მაშინ როგორ გამიხარდა, რომ ასეთი ადგილი გაჩნდა, სადაც ჩემს შვილებს ვეტყოდი, "შეხედეთ, აი, ასეთები ვიყავით ქართველები უწინ. ლამაზები, სახენათელები, თავდადებაში ამაყები, სამშობლოს ერთგულები, წელგამართულები. აი, ეს თავდადებული ქართველები არიან თქვენი წინაპრები. ეს სახეები არ დაგავიწყდეთ, სადაც უნდა იცხოვროთ."

იმ ძველ დროს ჯერ კიდევ არ ვიყავით ასე გადაგვარებულები. ამას შემდგომი 70 წელი დასჭირდა. მაშინ ჯერ კიდევ გვქონდა ნათელი მიზანი და თავისუფლების სურვილი. განა ეს ჩვეულებრივი მუზეუმია? ეს საუკეთესო ქართველობის თავშეყრის ადგილია, უსაფლავოდ დაკარგულთა ჭირისუფლებისთვის შვების პატარა კუნძული.

აქ ჩვენი გენის ზეიმიცაა. რა ბედნიერი ვიყავი იმ დღეს, რომ ჩემს შვილებს ეს ქართველები გავაცანი. რამდენ სურათს მიუბრუნდნენ ხელახლა. დიდხანს უყურეს. ყველა სურათი გიზიდავს.

გატყვევებს.

გაფრთხილებს.

ამასაც გულისხმობდა გრიგოლ რობაქიძე, "თვალები იცქირებიან უწვდენელ სიშორიდან. ძველი რასსის ნამდვილი ნიშანი." რა ლამაზები ვყოფილვართ, მართლაც! მარტო კოტე აფხაზი რად ღირს! მართლა რა ჯიში ამოწყვიტეს სისხლით მოვარდნილებმა. ხევსურების წერილი ამერიკის მთავრობისადმი აქტუალობას ჩემთვის დღესაც არ ჰკარგავს. გამწარებით დაწერილი. ტკივილით გაზიარებული.

რამდენჯერ უკადრებიათ ჩემვის: "თქვენ რა იცით, აქ არ ცხოვრობთ". ნეტავ ამის მთქმელი ამ მუზეუმში, მაგალითად, რამდენჯერ არის ნამყოფი? ან შვილები თუ მოუყვანია? ნეტავ ჩვენსავით თუ უგრძვნია ქართველობა? მუზეუმიდან რომ გამოდიხარ, შენც მხრებში იშლები, უკეთესი ქართველი ხდები, ლამაზდები, გულში გეღვრება სითბო, პროტესტი გიასმაგდება, პასუხისმგებლობით იტვირთები. იმ ჩვენი ამაყი წინაპრების თვალებში ჩარჩენილი ქართული სული პაწაწინა ნაწილებად ჩვენს სხეულებში გადმოდის. "გული წმიდა დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა."

შემდეგ ჩასვლაზე ისტორიის მუზეუმში რემონტი იყო. არ ვიცოდი, ოკუპაციის მუზეუმში თუ შეგვიშვებდნენ. ირაკლის უნდოდა, ენახა. ხათუნა ოჩიაურს ვთხოვე შინაურულად, რომ შევეყვნეთ. მეგზურობაც ხათუნამ გაგვიწია. მაშინ ვუთხარი, აქ სკოლის მოწაფეები და ჯარისკაცები უნდა ატარონ-თქო და, კი, კი, მოდიანო. დარწმუნებული ვარ, ამ მუზეუმში მოსულ ჯარისკაცს ვარჯიშზე გასვლა არ დაეზარებოდა. ქაქუცა ჩოლოყაშვილის შერცხვებოდა. სამშობლოს ისეთივე ერთგულება მოუნდებოდა, როგორც "შეფიცულებმა" აღუთქვეს მათთვის წმინდათაწმინდას.

სამოცდაათიან წლებში "მეგობრობის მუზეუმი" დაარსდა საქართველოში. ისეთივე ყალბი, როგორც თავად წყობა, რომელშიც ვცხოვრობდით მაშინ. რას ვიზამთ? დრო იყო ასეთი. ახლა აღარ უნდა გაბედოს "უფროსმა ძმამ", რომ გვიკარნახოს მისთვის მიუღებელი მუზეუმი დავხუროთ, თუ სახელი გადავარქვათ.

რა არ მოსწონს ან მას, ან მის ხელქვეითებს დღევანდელ საქართველოში? სიტყვა "ოკუპაცია"? აბა, ახლა მე მკითხონ, თავად ოკუპაციის ფაქტი როგორ მომწონს. თუ ის ეხამუშებათ, ამდენ თავდადებულ ქათველს რომ ხედავენ, თავად ულამაზოები?

მე თუ მკითხავთ, მუზეუმის დახურვის მოსურნეები მშვენივრად ატარებენ თვითლუსტრაციას. ოღონდ ყველაფერს აქვს საზღვარი. ამ მუზეუმში მაშინ მისული, როგორ წარმოვიდგენდი, რომ დღეს ამის დაწერა მომიწევდა. ნუთუ ღირსეულ მემკვიდრეობას ვერ გავუწევთ ამ გმირებს?

სირცხვილი ჩვენ - ეს უკვე მერამდენედ!!!

აშშ-ის სამედიცინო კოლეჯების ასოციაციის საინფორმაციო-ტექნიკური განყოფილების ანალიტიკოსი, ფილოსოფიის დოქტორი ნანა ხიზანიშვილი

რედაქციისგან: თბილისში "საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი" 2006 წლის 26 მაისს გაიხსნა, რამაც ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსის შეშფოთება გამოიწვია. ისინი ამ შეშფოთებას დღემდე სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ და არცთუ იშვიათად, მათი მხრიდან მუზეუმის გაუქმების მოთხოვნას საქართველოში რეგისტრირებული ცალკეული პოლიტიკური ორგანიზაციებიც უჭერენ მხარს.

2006 წლის ივნისში, სანკტ-პეტერბურგის სამიტზე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დროს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკმაყოფილება გამოთქვა მუზეუმის არსებობის გამო და შეახსენა სააკაშვილს, რომ საბჭოთა მმართველებში ქართველებიც იყვნენ, მაგალითად, სტალინი და ბერია. პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს მოსკოვში "ქართული ოკუპაციის მუზეუმის" გახსნა შესთავაზა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100