სლოგანი, რომელიც ივანიშვილს მოუხდებოდა: „დასანგრევი კიდევ ბევრია“
„კვირის პალიტრამ“ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა და, რა თქმა უნდა, გამოაქვეყნა კიდეც. ამ ინტერვიუს დღეს და გუშინ ბევრი განიხილავდა და ყველაზე დიდი ყურადღება არც ისე მცირე ნაწილში სწორედ იმან მიიპყრო, რითაც ინტერვიუს ანოტაციამ დაგვამახსოვრა თავი: ბიძინა ივანიშვილს სამუშაო მაგიდაზე სხვადასხვა სახის ხიდის მაკეტები უდევს და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, „შუშის ხიდის“ აღებას აპირებს, რომელსაც მოგვიანებით, ამავე ინტერვიუში „ურჩხული“ უწოდა.
სანამ ციტირებაზე გადავალთ, ერთ დეტალზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას, რომელიც, რატომღაც, სათანადო რეაგირების გარეშე დარჩა. საკითხი ამჯერად ჩვენს კოლეგებს ეხება და იმ გამოცემის სარედაქციო პოლიტიკას, სადაც ინტერვიუ დაიბეჭდა და რომელიც საკუთარ თავს ქართული მედიის ფლაგმანად, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის ბუკეტად მიიჩნევს. ინტერვიუს ანოტაციაში ნათქვამია:
„ ბიძინა ივანიშვილის სამუშაო კაბინეტში შესვლისთანავე თვალში ხიდის რამდენიმე ესკიზი გვხვდება (რომლებსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ). გვიხსნის, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შუშის ხიდის აღებას აპირებს. ამიტომაც თადარიგს იჭერს და მალე ხიდების ახალი პროექტების შესაქმნელად კონკურსს გამოაცხადებს.“
თითქოსდა, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ აქ საყურადღებო ორი სიტყვაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს კი არა, რედაქციას, ინტერვიუს ავტორს ეკუთვნის (ბრჭყალებში არაა ჩასმული, რაც იმის მიმანიშნებელი იქნებოდა, რომ ეს ინტერვიუირებულის სიტყვებია): „შუშის ხიდი“.
საქმე ის გახლავთ, რომ თბილისში არავითარი „შუშის ხიდი“ არ არსებობს და ხიდს, რომელიც მასალის ავტორსა და მილიარდერს აქვთ მხედველობაში, ოფიციალური სახელი აქვს. მას „მშვიდობის ხიდი“ ჰქვია და ელემენტარული ეტიკეტი მოითხოვს, რომ მედიაგამოცემამ, მისი დასახელებისას, სწორედ ოფიციალური სახელწოდება გამოიყენოს. მაგრამ როგორც ჩანს, „კვირის პალიტრა“ ივანიშვილის უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას მოერიდა, რადგან „შუშის ხიდის აღებას აპირებს“ ისე კატეგორიულად არ ჟღერს, როგორც „ივანიშვილი „მშვიდობის ხიდის“ აღებას აპირებს“...
ესეც ანგარიშის გაწევის, გნებავთ, ივანიშვილის ზურგსუკან „დალაგებული“ მილიარდების მიმართ მოწიწების სრულიად არაჟურნალისტური გამოვლინებაა, სხვათა შორის...
კიდევ ერთი, „ჟურნალისტური“ დეტალი ინტერვიუს ანოტაციიდან: „ქართული ოცნების“ ლიდერი ამჯერად უფრო თავდაჯერებული გვეჩვენა, ვიდრე პირველი შეხვედრისას“, - ასეა ნათქვამი ავტორისეულ შესავალში.
კოლეგავ, ხომ ვერ მოგვაწვდით ბმულს, სადაც ნათქვამია, რომ ივანიშვილს პირველი შეხვედრისას თავდაჯერებულობა აკლდა? რატომ არ დაწერეთ, თუ ასე იყო? თუ მხოლოდ მაშინ აღმოაჩინეთ ივანიშვილის „უფრო თავდაჯერებულობა“, როცა მეორე ინტერვიუსდროინდელი თავდაჯერებულობის ხარისხი პირველისას შეადარეთ?
მართალი გითხრათ, არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილის მარგალიტების განხილვა ამ ინტერვიუს მაგალითზე ღირს თუ არა, მაგრამ ქვემოთ მილიარდერი აცხადებს, რომ თუ რამე ცუდი შენდება საქაღთველოში, სააკაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით შენდება. კი ბატონო, ერთი წუთით დავუშვათ, რომ მართლაც ასეა. თვითონ რის საფუძველზე აპირებს „მშვიდობის ხიდის“ აღებას? პრიორიტეტებზე და ხედთან „ურჩხულურად“ შეუსაბამობაზე რომ საუბრობს, თვითონ მან ჰკითხა არქიტექტორებს ან სხვა კომპეტენტურ პირებს? ხიდის აღების გადაწყვეტილების გაცხადება და მინიშნება კიდევ რამდენიმე შენობის დანგრევაზე არის თუ არა იმის დასტური, რომ ეს კაცი, რომელიც, მისივე სიტყვით, ჯერაც ვერ შეჩვევია პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარს და მათთან ინტერვიუს დროს იძაბება (ამას თვითონვე ამბობს), კაცი, რომელიც საკუთარ თავს ჯერ მხოლოდ ოცნებაში განიხილავს მთავრობის მეთაურად („ პრაგმატიზმი არ მაკლია, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან მეოცნებე ვარ. ოცნებამ დიდი როლი შეასრულა პოლიტიკაში ჩემს მოსვლაში“), უკვე გვიწყვიტავს, სად რა უნდა ავიღოთ და სად რა უნდა დავდგათ?
სხვათა შორის, ამ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი იმასაც ამბობს, რომ ძალიან დაძაბულია, რადგან ეშინია, საუბრის დროს არაფერი შეეშალოს. იქვე დასძენს, ბიზნესისა და პოლიტიკის ენა ერთმანეთისგან განსხვავებულიაო. კი მაგრამ, მაინცდამაინც პოლიტიკაში უნდა მოსულიყო, რომ ამ დასკვნამდე მისულიყო? ან კიდევ, ვინ დააგლიჯა კალთები - თუ ასე ძალიან მოსწონდა ბიზნესი და მისი ენა, მანდ არ იყო?..
ძალიან კი იყო დაძაბული და ძალიან ცდილობდა, რომ არაფერი შეშლოდა, მაგრამ მაინც შეეშალა. აი, სად:
„ვაკის პარკში ხელისუფლების დავალებით "რეალ-ტვ"-მ მკითხა, 10 წელი გაქვთ საქართველოში ნაცხოვრებიო?“
მოკლედ, ამ კაცმა ვერაფრით მოიშალა თვითრწმენა, რომ ჟურნალისტთა ნაწილი მხოლოდ „ხელისუფლების დავალებით“ სვამს შეკითხვებს. სხვაგვარად გაუგებარია, რატომ არ შეიძლებოდა, „რეალ.ტვ“-ს ჟურნალისტს ეს უწყინარი შეკითხვა თვითონ მოეფიქრებინა და დაესვა?..
ამ ინტერვიუდან ისიც კარგად ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილი საოცრად არათანმიმდევრულია, როგორც პოლიტიკოსი. მაგალითად, რამდენიმე დღით ადრე ამბობდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებით, თუკი მას მიიღებდნენ, აუცილებლად ისარგებლებდა, ამ ინტერვიუში თქვა, რომ ჯერ არ იცის, რას აპირებს, მისი დაბეჭდვიდან მეორე დღეს კი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ღია წერილი, რომლითაც პრეზიდენტს შეუთვალა, საკონსტიტუციო ცვლილებებით სარგებლობას არ ვაპირებო. მოკლედ, რა უნდა ამ კაცს, ცოტა ძნელი გასაგები ხდება უკვე, რადგან ყველაფერი დაემსგავსა თამაშს, ჯიუტი გამეორება - „მომე! მომე!“; და უფლების მიცემის შემდეგ: „ასე თუ მომცემ, არ ავიღებ!..“
და კიდევ ერთი, ივანიშვილის მთავარი პრობლემა პრესასთან ურთიერთობის დროს: წამონაცდენი. გახსოვთ, ალბათ: ფროიდის მიხედვით საყოველთაოდ ცნობილია მისი თეორიის ერთი უმნიშვნელოვანესი პოსტულატი, „წამონაცდენის“ სახელწოდებით – მან უნებლიე შეცდომებსა და წამონაცდენ სიტყვებს არაცნობიერი წარმომავლობა მოუძებნა და დაასკვნა, რომ ისინი ფარდას ხდიან ადამიანის ფარულ მოტივაციებს.
აი, ერთი მაგალითი ამ ინტერვიუდან:
„იქმნება ილუზია, რაკი ბევრი ხარაჩოა, ქვეყანაში აღმშენებლობა მიდისო...“;
„ახალ წელს თბილისში რომ განათება იყო, ისეთი ელისეის მინდვრებზეც არ მინახავს.“
„ატყუებს მსოფლიოს, ნახეთ, საქართველო რა განათებულიაო.“
როცა ივანიშვილის გუნდის ერთ-ეღთმა წევრმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში პარლამენტის გადატანით „გასაქცევს“ იმზადებს და თბილისის დატოვების შემდეგ იქ გადავა, ის ბევრმა იაგდო მასხრად, მათ შორის, ჟურნალისტებმაც. გაზეთთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა ეს მოსაზრება არამარტო გაიმეორა, არამედ განავრცო კიდეც, მაგრამ არავის მოსვლია აზრად, ბიძინა ივანიშვილს ჩაჰკითხვოდა: „რატომ, გგონიათ, ბატონო ბიძინა, რომ გასაქცევად გაუხდება საქმე?“
„სააკაშვილს მარტო თვითონ უხარია, რასაც აკეთებს, ხალხი აღარ ტყუვდება. რა საჭირო იყო პარლამენტის ქუთაისში აშენება, ძველში ვერ ეტეოდნენ? რას არ იგონებს ეს კაცი! პარლამენტი იმიტომ გადააქვს, რომ თბილისელები აღარ უყვარს, გაქცევა უნდა თბილისიდან და ამისთვის მთელი საქართველო და მისი ბიუჯეტი წელში წყდბა“, -
ამ ციტატიდან გამოტანილი დასკვნა კი ნამდვილად გამოდგება ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო სლოგანად. როგორც ჩანს, ამას ყველაზე ადრე „ფეისბუქზე“ დარეგისტრირებული გვერდი „ქარხნული ოცნება“ მიხვდა და ფოტოკოლაჟიც მოამზადა, სადაც გაღიმებული ბიძინას უკან მიზანში ამოღებული „მშვიდობის ხიდი“ და ქუთაისში მშენებარე პარლამენტის შენობის მაკეტი ჩანს, ფოტოს კი ამშვენებს წარწერა: „დასანგრევი კიდევ ბევრია“.
ქართული ენის შედევრალურ გამონათებებს მილიარდერის ინტერვიუში უკვე შევეჩვიეთ, მაგრამ მაინც: "დაჩოთრილი" სადაური ქართულია, ძნელი გასარკვევია, საფრანგეთის დედაქალაქის მინდვრებს კი "ელისეს მინდვრები" ჰქვია...
კომენტარი