სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილის მრჩეველთა საბჭო დაიშალა, კრება კი მხიარული დარჩა...

ბევრმა, ვინც კარგად იცოდა ბიძინა ივანიშვილის თავნება ხასიათი და ის, რომ საკმაოდ ამპარტავან და პატივმოყვარე ბიზნესმენს არ უყვარს რჩევების მიღება, კრიტიკა და შენიშვნები, გაიკვირვა კიდეც, როცა ოლიგარქმა თითქმის პოლიტიკაში მოსვლის პარალელურად შექმნა მრჩეველთა საბჭო.

რა თქმა უნდა, საბჭო მაშინვე გახდა განხილვის საგანი. უფრო სწორად, არა იმდენად საბჭო, რამდენადაც მისი წევრები. საბჭოში აღმოჩენილი პირების მიმართ თავიანთ უკმაყოფილებას ვერც ივანიშვილის თავგადაკლული მომხრეები მალავდნენ. მაშინ ივანიშვილმა მხოლოდ მხრები აიჩეჩა: ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ, აბა მე ხალხს მარსიდან ვერ ჩამოვიყვანო.

მოგვიანებით საბჭოს არსებობა კომიკურიც კი გახდა - წევრების რაოდენობის წარმოუდგენლად სწრაფად ზრდის გამო. ვინც ბიძინა ივანიშვილთან ასოცირდებოდა, ლამის ყველამ ამ საბჭოში მოიყარა თავი. მახსოვს, ერთხელ ედუარდ შევარდნაძეს, თუ არ ვცდები, მისმავე აქტიურმა მხარდამჭერმა, გიგა ლორთქიფანიძემ უთხრა: „ბატონო ედუარდ, ამდენი მრჩეველი რად გინდათ, თქვენ თვითონ სულ არაფერი არ იცით?“. მაშინ ამბროსევიჩმა მხოლოდ გაიცინა, მაგრამ მესამე თუ მეოთზხე დღეს მრჩევლები დაითხოვა.

ივანიშვილის ხასიათიდან გამომდინარე, ალბათ, ძნელი წარმოსადგენია, რომ მისი გარემოცვიდან, რომლის ყველა წევრიც მას თვალებში შესციცინებს, ვინმეს მისთვის გაებედა - ამდენი მრჩეველი რად გინდა, ნუთუ თვითონ არაფერი იციო. როგორც ჩანს, ივანიშვილმა მისი იდეური მხარდამჭერის - ედუარდ შევარდნაძის გამოცდილების გაზიარება თავად გადაწყვიტა: ჩათვალა, რომ ვერაფერი ღირებული ამ მრჩეველთა საბჭოსგან ვერ მიიღო და დაიფრინა კიდეც - დღეს გახდა ცნობილი, რომ ბიძინა ივანიშვილმა საბჭო, სადაც მისთვის სასარგებლო ბჭობა ვერა და ვერ გაიმართა, დაშლილად გამოაცხადა.

ისე, ცოტა უცნაურ პოლიტიკურ ვითარებასთან კი გვაქვს საქმე: საბჭო დაიშალა, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ მისი შექმნა ივანიშვილის გუნდმა საკმაოდ გაახმაურა, დაშლაზე ხმა მანამ არ ამოუღია არავის, სანამ პრესაში არ დაიწერა - სხვადასხვა ცნობებზე დაყრდნობით. მერე კი იკადრეს დადასტურება, მაგრამ ცოტა უცნაურად: მომხდარს ივანიშვილის პრესსამდივნო კი არა, თვითონ საბჭოს ყოფილი წევრები გამოაეხმაურნენ, ოღონდ ასე:

‎"სანამ საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება" დაფუძნდებოდა, ივანიშვილის ირგვლივ გუნდში იყო მრჩეველთა საბჭო. ვინაიდან ივანიშვილის ირგვლივ არ არსებობდა ორგანიზაცია, ამიტომ იყო შერჩეული ფორმა მრჩეველთა საბჭოსი. მას შემდეგ, რაც დაფუძნდა ორგანიზაცია, ცხადია, მრჩეველთა საბჭოს გარკვეული წევრები, ჩაერთნენ მოძრაობის ფარგლებში. მე, მაგალითად, ამ მოძრაობის წევრი ვარ. უბრალოდ, ეს ყველაფერი სახელისუფლებო პროპაგანდამ სხვანაირად გაავრცელა", - განაცხადა სესიაშვილმა.

არა, ეტყობა ივანიშვილს და მის გუნდს წერა უფრო ეხერხება, ვიდრე ზეპირად საუბარი ან თუნდაც, დაწერილის წაკითხვა. გაუგებარია, რა უნდა ერჩია ივანიშვილისთვის ირაკლი სესიაშვილს, როცა მისი ნათქვამი ამხელა ფრაზიდან ერთი აზრის გამოტანა ძალიან ჭირს. სავარაუდოდ, მისი ეს პოზიცია ასე გავიგეთ: „ყველაფერში დამნაშავე საზიზღარი სახელისუფლო პროპაგანდაა. როგორ ბედავს და ბიძინას გარემოცვაზე წერს, იშლებაო...“

სესიაშვილის სიტყვებიდან მართლაც გამოდის, რომ მრჩეველთა საბჭო არ დაშლილა - დაიქსაქსა და მრჩევლები წევრებად შეემატნენ იმ ორგანიზაციას, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. საინტერესო ის არის, მათი სახით „ქართული ოცნება“ მოიგებს თუ არა იმდენივეს, რამდენიც ივანიშვილმა „დაკარგა“...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100