ბიშოვეცმა „თბილისის დინამოს“ საიდუმლო დაფქვა..
კიევის „დინამოს“ კაპიტანი, ვეტერანი ანატოლი ბიშოვეცი იამანიძეზე, ხურცილავაზე, ჩაწყობასა და ათას სიბინძურეზე ღიად საუბრობს...
ფეხბურთი და ჩაწყობილი თამაშები ისეთი თემაა, რომელზეც ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერ დონეზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. სხვა საქმეა მასშტაბი - ზოგან ნაკლებადაა, ზოგან კი ღრმად აქვს ფესვები გადგმული. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ბევრგან მხოლოდ ჭორებზეა აგებული ესა თუ ის ამბავი...
მოკლედ, იმის თქმა გვსურს, რომ ეს სტატია სწორედ ჩაწყობილ თუ გარიგებულ (როგორც გნებავთ, ისე დაარქვით) თამაშებს ეხება, ოღონდ უფრო ისტორიულ ფაქტებთან აქვს კავშირი.
მოკლედ, იმის თქმა გვსურს, რომ ეს სტატია სწორედ ჩაწყობილ თუ გარიგებულ (როგორც გნებავთ, ისე დაარქვით) თამაშებს ეხება, ოღონდ უფრო ისტორიულ ფაქტებთან აქვს კავშირი.
არა გვგონია, ამ წერილმა მაინცდამაინც სიამოვნება მოჰგვაროს ძველი თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებს თუ უბრალო გულშემატკივრებს, მაგრამ თავის მართლებაში არ ჩამოგვართვათ და, ჩვენ არაფერ შუაში ვართ: ყველაფერი ანატოლი ბიშოვეცმა „დაფქვა“.
კიევის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი, 63 წლის ანატოლი ბიშოვეცი საკმაოდ გულღიად ესაუბრა უკრაინელ ჟურნალისტს და ფეხბურთში არსებულ ბევრ სიბინძურეზე გამოთქვა საკუთარი აზრი. ინტერვიუ საკმაოდ ვრცელია, თუმცა ჩვენ მხოლოდ ქართველი მკითხველისთვის საინტერესო ფრაგმენტები ამოვჭერით და აი, ისიც:
- თქვენ ერთხელ აღიარეთ, რომ არასოდეს მიგიღიათ მონაწილეობა გარიგებაში და ყველა გოლი ალალ-მართალ ბრძოლაში გაქვთ გატანილი. საინტერესოა, ადრე უფრო მეტი იყო ჩაწყობილი მატჩები თუ ახლა?
- ამ თემაზე საუბარი ჩემთვის რთულია, მაგრამ თუ ასეთი რამეები ადრე მართლა ხდებოდა, ამას უფრო შეზღუდული მასშტაბები ჰქონდა. დღეს კი, წარმოიდგინეთ, რა ხდება: გერმანიაში მსაჯები დაიჭირეს, იტალიაში კლუბები დასაჯეს, პორტუგალიაში კლუბის პრეზიდენტი ჩამოაშორეს ფეხბურთს... ახლა დასკვნები თავად გააკეთეთ...
- როცა თქვენ თამაშობდით, არ შემოდიოდნენ მეტოქე გუნდის წარმომადგენლები გასახდელში და არ გეუბნებოდნენ, ქულა დაგვითმეთ და მომავალ ჩემპიონატში დაგიბრუნებთო?
- არა, ასეთი რამ ჩემს დროს არ მომხდარა. თუმცა ერთხელ კი გავედით მოედანზე ისე, რომ არ გვიბრძოლია. მახსოვს, 1971 წელს თბილისში ჩავედით. მაშინ გუნდის კაპიტანი ვიყავი. თამაშის დღეს თბილისში დაკრძალეს შესანიშნავი ფეხბურთელი შოთა იამანიძე...
- რა მოუვიდა?
- ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მისი თანაგუნდელების მდგომარეობა ჩვენთვის გასაგები იყო. როცა დაკრძალვიდან დაბრუნდნენ, მათ კაპიტანს შევხვდი. „სათამაშოდ მზად არ ვართ, მაგრამ ხალხს რა ვუყოთ? თვალებში როგორ შევხედოთ?“ - მითხრა მან მაშინ და... ცხადია, ყველაფერი გასაგები იყო. დემორალიზებული მეტოქე გვყავდა...
- და?
- დაღუპული ამხანაგის საპატივცემულოდ, ის თამაში წავაგეთ.
- თბილისელებმა ვალი დაგიბრუნეს?
- არა, რა თქმა უნდა. იქ სულ სხვა სიტუაცია იყო. კიდევ მახსოვს 1966 წელი - მაშინ მესამე ადგილისთვის იბრძოდნენ მოსკოვის „სპარტაკი“ და კიდევ ერთი გუნდი...
- ბაქოს „ნეფთჩი“...
- დიახ. ჩვენ ჩემპიონობა უკვე განაღდებული გვქონდა და „სპარტაკის“ გასამწარებლად მოვიფიქრეთ, რომ...
- „ნეფთჩის“ მოაგებინეთ?
- მსგავსი რამეები ყველა ქვეყანაში ხდება. მაგალითად, ინგლისში „ტოტენჰემი“ ყველა ღონეს იხმარს, რათა „არსენალს“ საქმე გაუფუჭოს.
- ვეტერანი ფეხბურთელის, იოჟეფ საბოს თქმით, 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, საბჭოთა კავშირისა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩისას, მურთაზ ხურცილავა ძალიან უცნაურად მოიქცა - საკუთარ საჯარიმოში ორივე ხელით დაიჭირა ბურთი და პენალტი აიკიდა. საბოს ეჭვი ჰქონდა, რომ იქ ყველაფერი სუფთად არ იყო. თქვენ რას იტყვით?
- ასეთ რამეს ვერც დავამტკიცებ და კომენტარსაც ვერ გავუკეთებ. არ მსურს ამ თემაზე ლაპარაკი.
- მაშინ სხვაგვარად გკითხავთ: არსებობს ვერსია, რომ თუ ადრე მსაჯის მოსყიდვა იყო აუცილებელი თამაშის ჩასაწყობად, ახლა მეტოქე გუნდის 3-4 ფეხბურთელის მოქრთამვა უფრო დანერგილი მეთოდია. ასეა?
- ვფიქრობ, კი. რუსეთში სწორედ ამ გზით ხდებიან ჩემპიონები. უკრაინაზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან ამ ქვეყანაში დიდი ხანია, არ მიმუშავია. რუსეთში კი ეს დამკვიდრებული პრაქტიკაა. პლუს, ტოტალიზატორები, რა თქმა უნდა.
- ფეხბურთის ირგვლივ დიდი ფული ტრიალებს?
- უზარმაზარი.
- მილიარდები?
- დააკვირდით კლუბების ბიუჯეტებს და თავად ნახავთ. რუსეთის ჩემპიონატი წელიწადში რამდენიმე მილიარდ დოლარს ატრიალებს.
-
მართალია, რომ გასულ ევროპის ჩემპიონატზე რუსმა ფეხბურთელებმა უფრო მეტი პრემიალური თანხა მიიღეს, ვიდრე ჩემპიონმა ესპანელებმა?
- კი, ნამდვილად ასე იყო.
- და თქვენ, როგორც ყოფილ ფეხბურთელს და მწვრთნელს, ჰოლანდია - რუსეთის მატჩმა ეჭვები არ გაგიჩინათ?
- მთლიანობაში არა, მაგრამ მსაჯის გადაწყვეტილებით დღემდე გაკვირვებული ვარ, როცა მან რუსებს მცველი გაუძევა, მაგრამ მერე გადაიფიქრა და წითელი ბარათი გააუქმა. ეს ნონსენსია!
- არადა, საკმაოდ სანდო ადამიანებისგან გამიგია, რომ ჰოლანდიელებთან მატჩი რომან აბრამოვიჩმა იყიდა...
- ვერაფერს გეტყვით. არა მგონია, ეს სიმართლე იყოს.
- თქვენი აზრით, დიდმა ფულმა ფეხბურთს ავნო?
- დიდმა ფულმა კი არა, ამ დიდი ფულის წარმოშობის გზებმა ავნო ფეხბურთს.
აი, ასეთი სკანდალური რესპონდენტი გამოდგა ანატოლი ბიშოვეცი, რომელიც 4-5 წლის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატად ითვლებოდა, თუმცა მაშინ ქართულმა მხარემ მასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.
კომენტარი