ირაკლი ღარიბაშვილის და ანგელა მერკელის შეხვედრა
დახვედრის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კანცლერს ოფიციალური მოწვევისთვის და ხაზი გაუსვა ვიზიტის მნიშვნელობას ორი ქვეყნის ურთიერთობების განმტკიცების კუთხით.
"მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოსთვის ესოდენ მნიშვნელოვან, ისტორიულ მომენტში ჩემი გერმანიაში მოწვევისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის მიმართ სოლიდარობის გამოხატვისთვის",- განაცხადა პრემიერმა შეხვედრაზე. მისივე თქმით, გერმანია აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს არაღიარების პოლიტიკას, რომლის ძალისხმევითაც არაერთხელ მოხერხდა საფრთხეების განეიტრალება.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებსა და მათი გადაწყვეტის სამშვიდობო გეგმებზე. ირაკლი ღარიბაშვილმა ანგელა მერკელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ.
საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებს.
გამოითქვა კმაყოფილება, რომ 27 ივნისს საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულებას.
მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. როგორც აღინიშნა, გარკვეულ პერიოდში არსებული ვაკუუმის შემდეგ, გერმანელი მრეწველები საქართველოთი დაინტერესდნენ. გამოითქვა იმედი, რომ ბერლინში მიმდინარე ქართულ-გერმანული ბიზნესფორუმი ხელს შეუწყობს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენას და ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცებას.
საქართველოს მხრიდან შეხვედრას პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრნენ.
კომენტარი