გულშემატკივართა საყურადღებოდ!
საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრები 16 სექტემბერს, 19 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის მორიგ შეხვედრას საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ონლაინ – TKT.GE-ზე (tkt.ge/basketball) მიმდინარეობს, თუმცა დღეიდან გულშემატკივრებს ბილეთების შეძენა სპორტის სასახლის სალაროებშიც შეეძლებათ.
სპორტის სასახლის სალაროები 14, 15 და 16 სექტემბერს დილის 11:00 საათიდან 19:00 საათამდე იმუშავებს.
კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მოუწოდებს გულშემატკივრებს 16 სექტემბერს, სპორტის სასახლის ტერიტორიაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების და გზებზე არსებული საცობების გათვალისწინებით, საქართველო-საბერძნეთის მატჩზე მობრძანდნენ მინიმუმ 1 საათით ადრე. მაყურებელს დარბაზში შესვლა შეეძლება 17:30 საათიდან.
ყველა გულშემატკივარს დაურიგდება საქომაგო ფლაერი, რომელზეც დატანილია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და ფლაერის გამოყენების მარტივი წესი.
ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს!
კომენტარი